თბილისში შესაძლოა, ახალი ექსტრემალური ატრაქციონი მოეწყოს. აღნიშნულ იდეას დედაქალაქის მერს სთავაზობენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვებგვერდზე 287 მიმდინარე, 226 დაბლოკილი, 465 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 13 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.
„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთ იდეას გთავაზობთ, რომელიც თბილისში, წავკისის წყლის კანიონში, ლანდშაფტური ატრაქციონის Roller Coaster Valley-ს მოწყობას გულისხმობს.
„სასურველია ატრაქციონის მაგისტრალი იყოს დაკიდული, რის საშუალებასაც ლანდშაფტი იძლევა. საწყისი წერტილი წავკისის ველის მიმდებარე ტერიტორია, დანიშნულების საბოლოო წერტილი კი - პანორამა თბილისის ზედა შენობის მიმდებარე ტერიტორიაა. ატრაქციონი RCV შეიცავს უამრავ ვირაჟს. ვიზუალური მხარე ბუნებრივად გამდიდრებულია ხეებით და ჩანჩქერებით. 100 მეტრზე მეტი სიღრმის მქონე კანიონი და მაღალი სიჩქარე (მაქსიმუმ 120 კმ/სთ) ადრენალინის მაღალ დონეს იძლევა. რეკორდული ტრასის სიგრძე 3 100 მეტრი, რეკორდული დრო - 2 წუთი და 40 წამი, დაშვების რეკორდული სიმაღლე კი -260 მეტრი იქნება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ატრაქციონის ბოლოს მონაწილეები დაუვიწყარ შთაბეჭდილებასთან ერთად ვიდეო ფაილსაც მიიღებენ, რომელიც გადაღებული იქნება როგორც ახლო ხედით სავარძლებზე, ასევე ტრასის გასწვრივ მნიშვნელოვანი ვირაჟების მიმდებარედ განთავსებული კამერებიდან. ატრაქციონი RCV იმუშავებს ღამეც, რაც ექსტრიმის კიდევ ერთი განუმეორებელი სახეობა იქნება. ატრაქციონის ვაგონის გორგოლაჭებზე დამონტაჟებული 12 ვოლტიანი მინი-გენერატორით გამომუშავებული დენის წყაროთი განათდება წინამდებარე ტერიტორია, მხოლოდ პროჟექტორით განათებულ გზაზე ახალ-ახალი მოულოდნელი ვირაჟი მონაწილეებს კიდევ უფრო მეტად აღაფრთოვანებს,“-აღნიშნულია მოქალაქის განცხადებაში.
გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა სხვადასხვა მცირე ზომის სავაჭრო, კვებისა და ტურისტული დახლები. რაც შეეხება ატრაქციონამდე გადაადგილების საშუალებას, მოქალაქის შეთავაზების თანახმად, პანორამა თბილისის ტერიტორიიდან (ატრაქციონის დანიშნულების საბოლოო წერტილიდან) მსურველების ტრანსპორტირება ატრაქციონის სასტარტო წერტილში ელექტრო-მინიბასით მოხდება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ატრაქციონის ინფრასტრუქტურის მოწყობა დაახლოებით, 2 000 000 დოლარი დაჯდება.
აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემის ვადა 2019 წლის 25 იანვარს იწურება.