საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი ძალის მიერ მხარდაჭერილმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.
შესაბამისად, სწორედ ის გახდა ქვეყნის რიგით მე-5 და პირველი ქალი პრეზიდენტი.
უფრო დაზუსტებით, 28 ნოემბრის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმების 100%-ის დათვლის შედეგად, სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59.52 %-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40.48 %-მა. კონკრეტული ხმების რაოდენობის მიხედვით კი, სალომე ზურაბიშვილმა 1 147 627 ხმა, გრიგოლ ვაშაძემ კი - 780 633 მიიღო.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს და როგორია სალომე ზურაბიშვილის ფინანსური მდგომარეობა.
2018 წლის 17 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ზურაბიშვილი ფლობს თბილისში, 126,33 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს; 235 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთსა და პარიზში მდებარე 60 კვ.მეტრის ბინას.
მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Hyundai, რომელიც 2016 წელს 17 000 ამერიკულ დოლარად შეიძინა.
ზურაბიშვილის საკუთრებაშია ასევე „საქართველოს ბანკის“ 35 და „თელიანის“ 1 212 აქცია, რომელიც 2013 წელს მემკვიდრეობით აქვს მიღებული.
რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სალომე ზურაბიშვილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 50 000 დოლარი; 3 000 ლარი და 7 400 ევრო ჰქონდა.
ამასთან, როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, ზურაბიშვილის შემოსავალმა გასულ წელს პარლამენტის წევრობისას 57 645 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება მის ოჯახის წევრებს, ზურაბიშვილის დეკლარაციაში, მისი ოჯახის წევრებისა თუ მასთან მუდმივად მცხოვრებ პირთა შესახებ ინფორმაცია არ არის მითითებული.
ცნობისთვის, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.