პირველი იმედგაცრუება მოსახლეობას, სავარაუდოდ, სწორედ დღეს, 3 დეკემბერს ელოდება, როცა აღმოაჩენს, რომ ფინანსთა მინისტრის დაპირების მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ვის შეეხება ვალების ჩამოწერა.ივანე მაჭავარიანი 19 ნოემბერს დაგვპირდა, რომ არა უგვიანეს 3 დეკემბრისა იქნებოდა მზად ვებგვერდი, სადაც "შავ სიაში" შესულ პირებს შესაძლებლობა ექნებოდათ ენახათ, შეეხება თუ არა მათ დავალიანების ჩამოწერა. როგორც აღმოჩნდა, ამ ეტაპზე საკრედიტო ორგანიზაციები ფონდ "ქართუს" მოვალეთა სიებს აწვდიან, რაც ფინანსისტებს ბევრ კითხვას უჩენს, მათ შორის, "შავი სიიდან" 600 000 მოვალის ამოღების პერსპექტივაზე...
ირაკლი ბერძენაძე, არასაბანკო დაწესებულებათა ასოციაციის თავმჯდომარე: "ეს იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება, არ ჩამოყალიბებულა ის ფუნდამენტური საკითხები, რომელთა მიხედვითაც უნდა წარმართულიყო ვალების ჩამოწერა. შესაბამისად, ძალიან ბევრი შეკითხვა ჩნდება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების მიერ თავდაპირველად გახმიანებულ მიზნებს. მაგალითად, ვინ უნდა მიაწოდოს ფონდს იმ პირთა სია, ვისაც შემდეგ ხელისუფლება ვალებს ჩამოაწერს? თავად საკრედიტო ორგანიზაციებმა თუ "კრედიტინფომ"? თუ ხელისუფლება "კრედიტინფოს" მონაცემებზე დაყრდნობით ამბობდა, რომ 600 000 კაცს აქვს გადაუხდელი ვალი, რომლის ძირი თანხა არ აღემატება 2.000 ლარს, რის გამოც ისინი "შავ სიაში" მოხვდნენ, მაშინ რატომ გაჭიანურდა მათი სიების მიწოდება და რატომ ითხოვენ ამ მონაცემებს ფინანსური ინსტიტუტებიდან? ერთიც არის, თუ ფონდი საკრედიტო ორგანიზაციების სიებს დაეყრდნობა, რა თქმა უნდა, ისინი შეეცდებიან ამ მონაცემებში მაქსიმალურად ჩადონ თავიანთი ინტერესები. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ მოლაპარაკებები მიმდინარეობს საკრედიტო ორგანიზაციებთან, რაც ნიშნავს, რომ ვალების ჩამოწერა ისე ადვილად ვერ დაიწყება, როგორც გვპირდებოდნენ.
- პროექტის მიზანი უნდა ყოფილიყო ჭარბვალიანობის შემცირება და "შავ სიაში" მყოფი პირებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ კვლავ აქტიურ ეკონომიკურ აგენტებად იქცნენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საუბარია სესხებზე, რომლებიც ფინანსური ორგანიზაციების ბალანსიდან უკვე ჩამოწერილია. შესაბამისად, დაპირებულ შედეგს როგორ მივიღებთ?
- გამორიცხულია, ასეთი ვალდებულებების ჩამოწერით ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემა მოიხსნას. ეს იყო, ფაქტობრივად, უიმედო სესხები, რომელთა თავიდან მოცილებითაც ბანკებმა საკრედიტო პორტფელი გაისუფთავეს. ეს იყო სესხები, მათ შორის დაახლოებით 150 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქის ვალი, რომელსაც ისინი ვერ იხდიდნენ, ვერც გადაიხდიდნენ და რომელიც ფონდმა "ქართუმ" იყიდა შემცირებულ ფასად.
ყველანი ხვალაც რომ ამოშალონ "შავი სიიდან", ნებისმიერ ბანკს თუ არასაბანკო ორგანიზაციას აქვს საკრედიტო და ფინანსური ინფორმაცია თავის კლიენტებზე და რისკჯგუფში მოხვედრილი პირებისთვის სესხის გაცემას დიდი სიფრთხილით მოეკიდებიან.
როცა ხელისუფლება ჭარბვალიანობის შემცირებას ისახავს მიზნად, ისეთ მოქალაქეებს უნდა გაუწოდოს დახმარების ხელი, ვინც გაჭირვებით, ზოგჯერ შეფერხებით მაინც იხდის საკრედიტო ვალდებულებებს და ამაში საკუთარი შემოსავლების დიდ წილს ხარჯავს. მთავრობის ამგვარი მიდგომით უპირველესად სამართლიანობის პრინციპი დაირღვა - უპასუხისმგებლო გადამხდელი წაახალისეს იმ საფუძველზე, რომ დიდი ხანია, შეგნებულად არ გადაუხდია სესხი, ხოლო, ვინც შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს ვალების მომსახურებას ახმარს, კვლავ სავალო ორმოში ჩატოვეს. თუ ხელისუფლებას ჭარბვალიანობის შემცირება უნდოდა, სწორედ ასეთებს უნდა დახმარებოდა. შეეძლო შეემუშავებინა განსაზღვრული პოლიტიკა სესხებზე დარიცხულ ჯარიმა-საურავებთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ან გაენულებინა ისინი, ან საგრძნობლად შეემცირებინა. გარდა ამისა, შესაძლებელი იყო ამ სასესხო ვალდებულებების იმგვარად გადანაწილება, რომ თითოეულ გადამხდელს მისცემოდა შესაძლებლობა, შემოსავლებიდან შედარებით ნაკლები თანხა გადაეხადა ვალის მომსახურებისთვის. ეს მნიშვნელოვანი შვება იქნებოდა მძიმე სავალო ტვირთის ქვეშ მყოფი მოქალაქეებისთვის და ქვეყანას სიღარიბის დაძლევაში დაეხმარებოდა. მათ მეტი თანხა დარჩებოდათ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად თუ მიმდინარე ხარჯების დასაფარავად. აი, აქ უნდა გამოსულიყო გარანტორად სახელმწიფო და მომრიგებლის როლი შეესრულებინა საკრედიტო ორგანიზაციებსა და მევალეებს შორის, რომ ერთი მხრივ, ფინანსურ ინსტიტუტებს შეედგინათ მსესხებლებისთვის გადახდის გრძელვადიანი, შეღავათიანი გრაფიკი, ხოლო მათ, თავის მხრივ, ეს შეღავათიანი პირობები შეესრულებინათ. ამით ჭარბვალიანობასაც შევამცირებდით და ამ ადამიანებს შესაძლებლობას მივცემდით, უფრო აქტიური ყოფილიყვნენ ეკონომიკაში. სწორედ ეს იქნებოდა სამართლიანი და მასშტაბური სოციალური პროექტი.
- როგორც საბანკო ისე არასაბანკო დაწესებულებებისთვის 1-ლი იანვრიდან ძალაში შედის რეგულაციები, რომლებითაც სესხის აღება გართულდება. წესდება ლიმიტები შემოსავლების მიხედვით.
- მოქალაქეთა უმეტესობა სასესხო პირამიდის მსხვერპლია. ჯერ ერთ ბანკში აიღო ვალი, ვერ იხდიდა და სხვა ბანკს მიაკითხა პირველის გადასაფარავად, მაგრამ ვალად აღებული თანხა რომ დახარჯა, მიხვდა, ახალი სესხის მომსახურება კიდევ უფრო უჭირდა და ახლა მესამე ბანკში უფრო დიდი ვალი აიღო, რომ მეორე ბანკის სესხი გადაეფარა. მერე ბანკებმა რომ სესხი აღარ მისცეს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მიაკითხა. ამასობაში ყველაფერი დაალომბარდა, სასესხო ონლაინორგანიზაციებიდანაც ისესხა და ბოლოს ერთადერთ "საშველად" კერძო მევახშეები დარჩა.იმ რეგულაციებით კი, რომლებიც 1-ლ იანვარს ამოქმედდება, ხელისუფლება თავად უბიძგებს მოსახლეობას, რომ ფული სხვადასხვა მეთოდით მოიძიოს. ნებისმიერი მკაცრი რეგულაცია აჩენს შავ ხვრელებს კონკრეტულ სექტორში - ანუ ჩვენ ვართულებთ სესხის აღებას საკრედიტო ორგანიზაციაში და ამით ვუბიძგებთ მსესხებელს, მივიდეს კერძო პირთან, რომელსაც არავინ აკონტროლებს. ეს უფრო გაზრდის ჭარბვალიანობას. ჯერ ერთი, კერძო მევახშეები სესხს ბევრად მაღალ პროცენტად გასცემენ და ბევრად უკეთესია, მსესხებელს საქმე კომპანიასთან ჰქონდეს, რომელთანაც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია სამართლებრივად იდავოს, ვიდრე ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები დარბოდნენ სესხების ამოსაღებად.
- როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კვლავ მწვავე გამოწვევაა კერძო მევახშეებისგან დაზარალებულთა პრობლემა. მისი თქმით, მთავრობა ამ საკითხზე მუშაობს და იმედი აქვს, რომ დადებით შედეგს მიაღწევენ.
- ქუჩური გარჩევები ვალების ამოღებაში ჩვეულებრივი ამბავია. მევახშეები არანაირ გადასახადს არ იხდიან და უფრო სწრაფად იღებენ მოვალისგან ფულს, ვიდრე ბანკები. თუ ხელისუფლებას ამ საკითხის დარეგულირება სურს, უნდა შეისწავლოს იმ პირთა ვინაობა, ვინც ასეთი საქმიანობით არის დაკავებული, რადგან პირი, რომელსაც აქვს კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან, არ შეიძლება იყოს ფულის გამსესხებელი. სამწუხაროდ, დღეს არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რამდენი ადამიანი მევახშეობს. როგორც დაგვპირდნენ, 1-ლი იანვრიდან ეროვნული ბანკის რეგულირებასა და ზედამხედველობას დაექვემდებარება სესხის გამცემი სუბიექტი, რომლისაც ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს მართებს სესხი. რეგისტრაციას ეროვნული ბანკი ჩაატარებს, ხოლო სესხის გამცემი სუბიექტის სარეგისტრაციო მოსაკრებლის განაკვეთი 10.000 ლარი იქნება. ვნახოთ, დაექვემდებარებიან თუ არა ამ რეგულაციას მევახშეები და აღრიცხავენ თუ არა მათ. სხვა შემთხვევაში, მათი მძევალი უფრო მეტი მოქალაქე გახდება.ემა ტუხიაშვილი
წყარო: „კვირის პალიტრა"