სტაჟიორებს მუშაობის დამადასტურებელ მოწმობას მისცემენ

სტაჟირება შესაძლოა, სამუშაო გამოცილებად ჩაითვალოს - აღნიშნულს პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს, რომლის ავტორიც არის საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის”.

კანონპროექტის თანახმად, შრომით კოდექსში განისაზღვრება სტაჟიორების/პრაქტიკანტების უფლებრივი მდგომარეობა, სტაჟირების ვადა ჩაითვლება საერთო სტაჟში; ასევე დგინდება სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის საკითხები. ამასთან, ცვლილებების შედეგად, კანონში განისაზღვრება სტაჟირების ზოგადი ცნება და მისი საკანონმდებლო მოწესრიგების საფუძვლები, კერძოდ დგინდება, სტაჟირების ვადა და მისი გავლის წესი, რომელსაც უნდა განსაზღვრავდეს კონკრეტული სახელმწიფო ორგანო ან კონკრეტული დაწესებულება. გარდა ამისა, როგორც პროექტშია აღნიშნული, სტაჟირება შესაძლოა იყოს ანაზღაურებადი.

არასამთავრობო ორგანიზაციის “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, სტაჟირების სისტემა საჭიროებს დახვეწას, თუმცა, საკანონდებლო ცვლილებებით მხოლოდ სტაჟირების სამუშაო სტაჟში ჩათვლა პრობლემის მოსაგვარებლად გადადგმული საკმარისი ნაბიჯი არ არის.

„სტაჟირების სისტემაში და წარმოდგენილ კანონპროექტში პრობლემურია შემდეგი საკითხები:

სამთავრობო სტაჟირების გავლის შერჩევის პროცედურა. ელექტრონული ფორმით განაცხადის შევსების შემთხვევაში სტაჟიორი ხდება პირი, რომელიც პირველი გაივლის რეგისტრაციას. არ არსებობს შერჩევის პროცედურა და ამ პროცედურებში თავად სტრუქტურის წარმომადგენლების ჩართულობა. შესაბამისად, აღნიშნული წესით სტაჟიორთა შერჩევა ერთის მხრივ, ვერ უზრუნველყობს შერჩევის პროცესში კონკურენტული გარემოს შექმნას და მეორეს მხრივ სტაჟიორების შესაბამის კვალიფიკაციას. შემოთავაზებულ ცვლილებებში ნათლად არ იკითხება, უქმდება თუ არა სამთავრობო სტაჟირების პროგრამა ან ხდება მისი ინტეგრირება სტრუქტურების შიდა სტაჟირებებთან. მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად არსებული სტაჟირების პროგრამების შინაარსი არ იყოს დუბლირებული.

თუკი სტაჟირება ჩაითვლება შრომით სტაჟში, აუცილებელია დაიხვეწოს, გამკაცრდეს და უფრო გამჭვირვალე გახდეს სტაჟირებასთან დაკავშირებული პროცედურები და კრიტერიუმები, სტაჟიორთა აყვანა უნდა მოხდეს ღია კონკურსით, რათა კორუფციისა და ნეპოტიზმის რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. კონკურსის პროცესში ჩართული უნდა იყოს, როგორც საჯარო სამსახურის ბიურო, ასევე შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლებიც.

კანონპროექტის მიხედვით, საჯარო სამსახურში სტაჟირებაზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღარების შესახებ” კანონი (ამოქმედდება 2019 წლის 1 იანვრიდან). ამ კანონის თანახმად, საჯარო სამსახურში სტაჟირება აღარ იქნება ანაზღაურებადი, რაც ხელს შეუშლის დღეს უკვე არსებული წარმატებული სტაჟირების პროგრამების განვითარებას (მაგალითად საქართველოს პროკურატურაში და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში);

სტაჟირების ვადა ერთსა და იმავე უწყებაში არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს. სტაჟირების ვადის ზედა ზღვარის დაწესება ასევე გამართლებულია კონკურენციის, სტაჟირებაზე ხელმისაწვდომობისა და ნეპოტიზმის პრევენციის კუთხით. მიგვაჩნია, რომ ამ საკითხების უკეთ შესწავლის მიზნით აუცილებელია სისტემური კვლევის ჩატარება და გამოვლენილ პრობლემებზე შესაბამისი ცვლილებების გატარება,“-აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაში.