მსოფლიო ბაზარზე ნავთობი იაფდება, ლარის კურსიც მყარდება, მაგრამ საქართველოში განუკითხაობა გრძელდება
როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ საწვავი ისევ გაძვირდა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე კლების ტენდენციაა და ეს პროცესი ბოლო 2 კვირაა გრძელდება, ქართველ იმპორტიორებს არაფერი უშლით ხელს, ფასები საკუთარი სურვილით დააწესონ. ნავთობკომპანიები ფასებს თითქოს სპეციალურად, ქართველი მძღოლების ნერვების მოსაშლელად ზრდიან.
იმპორტიორებს რეალურად ერთი საბაბიც არ აქვთ, რომ საწვავი გააძვირონ: საერთაშორისო ფასი დაბლა იწევს, ლარის კურსი მყარდება, ხოლო შედარებით მაღალ ფასში შესყიდული მარაგები ამოწურულია, რის გამოც საწვავის მორიგი პარტიების შეძენა გაცილებით იაფად უწევთ.
სულ ცოტა ხნის წინ ნავთობპროდუქტების იმპორტორთა კავშირში ვარაუდობდნენ, რომ ქართულ ბაზარზე საწვავის ფასი მოიმატებდა, რისი ალბათობაც ამ ორგანიზაციამ საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის მოსალოდნელი გაძვირების გამო დაუშვა. თუმცა, მოხდა პირიქით და უცხოურ ბაზრებზე საწვავმა, გაძვირების ნაცვლად, გაიაფებისკენ აიღო გეზი, ხოლო საქართველოში საცალო ფასმა მოულოდნელად ზრდა განაგრძო.
22 ივლისის მდგომარეობით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირებულია. 8 ივლისიდან მოყოლებული იკლებს ”პლატცის” ნიხრიც, რომელზეც პირდაპირაა დამოკიდებული საქართველოში ნავთობპროდუქტების საცალო ფასი. მაგალითად, 7 ივლისს 1 ტონა ბენზინის ღირებულება შეადგენდა 1033,25 დოლარს, 21 ივლისის მდგომარეობით კი 980 დოლარს არ აღემატებოდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბენზინის ღირებულება მცირდებოდა და საბოლოოდ, 990 დოლარის ნიშნულზე დაბალანსდა.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ამ ეტაპზე ”სოკარის” ქსელში 1 ლიტრი ”სუპერი” 2.35 ლარი ღირს, ”პრემიუმი” - 2.26 ლარი, ”ევრორეგულარი” - 2.18 ლარი. ევროდიზელის ფასი 2.30 ლარს შეადგენს, ხოლო აზერბაიჯანული დიზელისა კი - 2.12 ლარს.
დაახლოებით ანალოგიური ფასი აქვს ”რომპეტროლსაც”: ”ევრორეგულარი” - 2,14 ლარი, ”პრემიუმი” - 2.24 ლარი, ”სუპერი” - 2.35 ლარი, ევროდიზელი -2.17 ლარი.
”გალფის” ავტოგასამართ ქსელში კი ასეთი ფასებია: ”ევრორეგულარი” - 2.15 ლარი, ”პრემიუმი” - 2,23 ლარი, ”`სუპერი”- 2,32 ლარი, ევროდიზელი -2,28 ლარი, დიზელი - 2,16 ლარი.
საწვავის ქართულ ფასს ანალიტიკოსი ბექა კემულარია კომპანიების თვითნებურ გადაწყვეტილებას მიაწერს და აცხადებს, რომ საქართველოში საწვავი ხელოვნურად ძვირდება. იმპორტიორებმა ნავთობპროდუქტებზე ფასი მინიმუმ 5 თეთრით ახლავე უნდა შეამცირონ, რასაც შეგნებულად არ აკეთებენ.
”თვის დასაწყისში 1 ტონა ”პრემიუმის” ტიპის სავწავის ფასი 10.36 დოლარი იყო, რომელიც დღეს 46 დოლარით, 980 დოლარამდე შემცირდა. ასეთი სხვაობა ნიშნავს, რომ 5 თეთრით საწვავი ახლავე უნდა გაიაფდეს, თუმცა ქართული კომპანიები ტრადიციას არ ღალატობენ და გაიაფების ნაცვლად, ნავთობპროდუქტებს აძვირებენ.
კონსოლიდირებული ტენდერი კონკურენციის ნათელი მაგალითია. ფიზიკურად ერთ გამარჯვებულზე მეტი ვერ იქნება და ამ ტენდერის საშუალებით მთავრობა მინიმალურ ფასად იძენს საწვავს. ამ ტიპის ტენდერში ფასი დგინდება ყოველი თვის დასაწყისში, წინასწარ, შეთანხმებული ფორმულის მიხედვით, სადაც ცვლადია მხოლოდ ”პლატცი” (საწვავის საერთაშორისო ფასი) და ვალუტის კურსი. თუ წინა თვის ვალუტის კურსის და ”პლატცის” საშუალო არითმეტიკული გაიზარდა, ფასიც შესაბამისად იმატებს, ხოლო თუ შემცირდა, პირიქით, იკლებს.
ივლისის კონსოლიდირებულ ტენდერზე ”პრემიუმის” ფასია 1.97 ლარი, რომელიც 1-ლი მაისიდან არ შეცვლილა, ანუ მესამე თვეა ვალუტის კურსის და ”პლატცის” ცვლილება არ მომხდარა. ყოველ შემთხვევაში, არ შეცვლილა ისე, რომ საწვავის გაძვირება გამოეწვია, ხოლო ოლიგოპოლიურმა კომპანიებმა ფასები საცალო ქსელში მაინც გაზარდეს”,- აცხადებს ბექა კემულარია.
მისი თქმით, იმპორტიორებს შეუძლიათ საწვავის ფასი თავიანთი სურვილის მიხედვით განსაზღვრონ, მით უფრო, რომ ქართულ ბაზარზე არ არის ჯანსაღი კონკურენცია. ”ოლიგოპოლიურ კომპანიებს კონკურენციას უწევენ მხოლოდ არაბრენდირებული კომპანიები, რომელთა წილი ბაზარზე 10 პროცენტს არ აღემატება”, - დასძენს კემულარია.
ის, რომ ფასები ხელოვნურად გაზრდილია, ამას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნოდარ ჭიჭინაძეც ადასტურებს. მისი აზრით, კომპანიებს მთელი მაღალი ფასის შენარჩუნების უფლება და საშუალება კიდევ 1 წლის განმავლობაში (სანამ კონკურენციის სააგენტო გამართულად დაიწყებს მუშაობას) ექნებათ.
”ჩემი აზრით, საწვავის ფასის შემცირების რესურსი ნამდვილად არსებობს. სახელმწიფო ტენდერში საწვავი 1,95 ლარად იყიდება. ბუნებრივია, ამ მაჩვენებელშიც გარკვეული მოგებაა ჩადებული. ქართული კომპანიები საცალო გაყიდვებს გაცილებით მეტი მარჟით ახორციელებენ, რეალურად კი არანაირი საბაბი არ აქვთ, გაბერილი ფასი შეინარჩუნონ.
მსოფლიო ტენდენციას რაც შეეხება, საერთაშორისო ბაზრებზე კლების ტენდენცია შეიმჩნევა. არც საქართველოში აქვს ადგილი სავალუტო რყევებს. მეტიც, ბოლო პერიოდში ლარი გამყარებულია, მაგრამ ამ ფაქტორს საწვავის გაიაფება არ გამოუწვევია. ასე რომ, ბაზარზე სრული ქაოსია.
კონკურენციის სააგენტო ახლახან შეიქმნა და მინიმუმ 1 წელი კიდევ უნდა გავიდეს, რომ მან გამართულად იმუშაოს. ამ ხნის განმავლობაში კომპანიებს კიდევ ექნებათ სრული თავისუფლება, ფასები ხელოვნურად დააწესონ. ფაქტია, რომ საცალო ქსელსა და სახელმწიფო ტენდერებს შორის საფასო სხვაობა მინიმუმ 20-25 თეთრია, რაც ნიშნავს, რომ კომპანიები მაღალ მოგებაზე მუშაობენ. როგორც კი სააგენტო მუშაობას შეუდგება, დიდი ალბათობით, საწვავის ფასით დაინტერესდება და გვეტყვის, რეალურად რა ხდება საქართველოში”,- აცხადებს ნოდარ ჭიჭინაძე.
მარი ჩიტაია
წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”