თამბაქოზე აქციზი შესაძლოა 2015 წლის 1 იანვრიდან გაიზარდოს

ფილტრიან სიგარეტზე - 15, ხოლო უფილტროზე 5 თეთრით აქციზის ზრდა მოხდება.

ამის შესახებ bpn.ge-ის ეკონომიკის ექსპერტმა ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გავლენას არ იქონიებს მწეველების რაოდენობის შემცირებაზე.

"სიგარეტს ეკონომისტები არაელასტიკურ საქონელს ვეძახით, როდესაც ფასის მატება არ იწვევს მისი მოხმარების რაოდენობის შემცირებას. პრაქტიკა ადასტრურებს, რომ ფასის მომატება თან უმნიშვნელო მომატება, ამ შემთხვევაში ფილტრიანზე - 15 თეთრი და უფილტროზე 5 თეთრი - არ არის ის მარჟა, რომელის გამოც ჩვენ მწეველთა რიცხოვნობის შემცირებას მივიღებთ. უბრალოდ მისი პირველი ეფექტი იქნება ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა, იმ პირობით თუ ფინანსური დისციპლინა იქნება მაღალ დონეზე", - განაცხადა ლექვინაძემ.

როგორც ლექვინაძე ამბობს, თამბაქოზე ფასის ზრდა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებასთან პირდაპირ კავშირში არ არის. მისივე განმარტებით, ევროასოცირების ერთ-ერთი ნაწილია თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია. "ჩვენთან დაგეგმილია თამბაქოზე აქციზის ეტაპობრივი მატება, ერთი ეტაპის გაზრდა მოხდა გასული წლის სექტემბერში და მეორე ეტაპი 2015 წლის 1 იანვრიდან არის დაგეგმილი", - განაცხადა ექსპერტმა.

სიგარეტზე აქციზის განაკვეთი 2013 წლის 1 სექტემბრიდან გაიზარდა. ცვლილებების თანახმად, ერთ ყუთ ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე აქციზი 60 თეთრიდან 75 თეთრამდე, ხოლო უფილტრო სიგარეტზე აქციზის არსებული განაკვეთი 15 თეთრიდან 20 თეთრამდე გაიზარდა.

თეა ბითაძე