IDFI: თბილისის პარლამენტის შენობის განახლებაზე გაწეულმა ხარჯებმა 22 732 346 ლარი შეადგინა

თბილისის პარლამენტის შენობის განახლებასა და მოწყობაზე გაწეულმა ხარჯებმა სულ შეადგინა 22 732 346 ლარი – ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას IDFI ავრცელებს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან პარლამენტის შენობის განახლებასა და მოწყობასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების უდიდესი ნაწილი პარლამენტის აპარატმა განახორციელა გამარტივებული შესყიდვის (ერთ პირთან მოლაპარაკების) გზით - რაზეც გაიხარჯა 16 479 613 ლარი.

ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელდა 5 656 468 ლარის ღირებულების შესყიდვა, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით - 410 265 ლარის შესყიდვა, ხოლო კონკურსის გზით - 186 000 ლარის შესყიდვა.

"რაიმე სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ პარლამენტის პლენარული სხდომები თბილისში უნდა ჩატარდეს, დღემდე არ არსებობს. შესაბამისად, ჩნდება კითხვები პლენარული სხდომის დარბაზისთვის ძვირადღირებული მოწყობილობების შესყიდვის აუცილებლობასთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს მტკიცე სამართლებრივი საფუძვლები პარლამენტის თბილისში სრულყოფილი მუშაობისა",- ნათქვამია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.