რა ღირს სიკვდილი საქართველოში?

VIP და ეკონომ-კლასის სერვისები და დაკრძალვა განვადებით

რა ღირს სიკვდილი საქართველოში? იმ შემთხვევაში, თუ ჭირისუფალს სასაფლაოს შერჩევისთვის ზრუნვა არ სჭირდება, დაკრძალვის ხარჯები მინიმუმ 600 ლარით, მაქსიმუმი კი მათი ფინანსური შესაძლებლობებით განისაზღვრება. სასახლე, მაცივარი, სარიტუალო ატრიბუტები, კატაფალკით მომსახურება, და ა.შ. სარიტუალო დამკრძალავი ბიუროები მომხმარებლებს VIP და ეკონომ კლასის მომსახურებას სთავაზობენ.

შპს "თბილბიუროს" დირექტორი კოკა სართანია აცხადებს, რომ ბიუროში სხვადასხვა სახის მომსახურებაა შესაძლებელი. "ჩვენ მომსახურების ფართო სპექტრი გვაქვს. მიცვალებულის გაპატიოსნება, ბალზამირება, სასახლე-მაცივარი, სასახლე, სარიტუალო ატრიბუტიკა (ტახტი, სუდარა, ბალიში, შანდალი, ყვავილების კალათა, საფლავის ჯვარი), სურათის დამზადება, სახლის/ეკლესიის გაფორმება ყვავილებით, ბინის დასუფთავება და ავეჯის გადაადგილება, მგალობელთა მოწვევა, დახმარება და კონსულტაცია სასაფლაოს მოძიებაში, ეკლესიის მოძიება, მოლაპარაკება და დასვენების ორგანიზება, კატაფალკით მომსახურება, დასაფლავების დღეს ჭირისუფალთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა. მოთხოვნიდან გამომდინარე მოდის ჭირისუფალი, რომელიც ითხოვს იაფფასიან სასახლეებს. მოდის ჭირისუფალი, რომელიც ფასზე ორიენტირებას არ აკეთებს, მთავარია ნახა და მოეწონა. არის ყველა კატეგორიის მოთხოვნა, დაწყებული ეკონომ კლასიდან დამთავრებული ვიპ კლასით", - აცხადებს კოკა სართანია.

მისი თქმით, ჩასასვენებლების ფასები 160 ლარიდან იწყება და შესაძლოა, 3-4-5 ათასზე და უფრო მეტზე ავიდეს. "160 ლარიანი წიფლის მასალაა, უფრო მაღალფასიანი, სხვადასხვა ძვირიანი მასალისგან მზადდება, დიზაინი, დამუშავება სხვანაირია და იმიტომ იზრდება მისი ფასი", - აღნიშნა სართანიამ.

გარდა ჩასასვენებლებისა, საჭიროა სუდარა, ყველაზე იაფფასიანი კი 25 ლარი ღირს. მიცვალებულის დასასვენებელ ტახტს 30 ლარად იქირავებთ. გარდაცვლილის ბალზამირება, ჩაცმა, მოწესრიგება დაახლოებით 150 ლარია. თუ გარდაცვლილი ქალია, ხარჯი იზრდება – თმის დავარცხნისა და მაკიაჟის ფასი 80 ლარიდან იწყება და 150 ლარამდე ადის. კომფორტი ტრანსპორტირებისასაც საჭიროა – ფასი მომსახურების შესაბამისად იზრდება. ღირებულება მანქანის მარკასა და კილომეტრაჟზეა დამოკიდებული. კატაფალკის დაქირავების საფასური 80-დან 220 ლარამდე მერყეობს. ავტობუსის ფასი კი 120 ლარიდან იწყება.

რაც შეეხება სასაფლაოებს, თბილისში 60-მდე სასაფლაოა, აქედან 31 "ჰერმესის" მმართველობის ქვეშ არის. ადგილი საფლავისთვის - ფასები აქაც განსხვავებულია. საფლავები ზონების მიხედვითაა დაყოფილი. ე.წ I, II, მესამე და მეოთხე ზონა ფასიანია, V უფასო. თბილისის მთავრობის მიერ დაწესებული ტარიფების შესაბამისად, ერთადგილიანი საფლავი პრესტიჟულ უბნებში, მაქსიმუმ 2 ათასი, გარეუბანში კი - 50 ლარი ღირს.

"ფასები განსხვავებულია რაიონების მიხედვით. საბურთალოზე, რომელიც ყველაზე ძვირი სასაფლაოა, ერთადგილიანი ზონის ფასი ორი ათასი ლარია, ექვსადგილიანის - 6800, დიფერენცირებული. მუხათგვერდის სასაფლაოზე ერთადგილიანის ფასი - 200 ლარი, ხოლო 6 ადგილიანის - 3200 ლარია. ასევე ჩვენ გვაქვს უფასო ზონა", - აცხადებს "ჰერმესის" დირექტორი მიხეილ ძაგანია.

რაც შეეხება ე.წ. უფასო ზონას, აქ მხოლოდ ერთ და ორადგილიანი საფლავებია უფასო. გარდა ამისა, ემატება 230 ლარი საფლავის გაჭრის ღირებულებაც. ამასთან, არსებობს კერძო სასაფლაოებიც, სადაც საუბარი ფასებთან დაკავშირებით არ ისურვეს. იქ მისულებს განგვიცხადეს, რომ კერძო საკუთრებაა და საუბარი არ სურთ. ყველაფერთან ერთად, თუ არც 600 ლარი აქვს ჭირისუფალს, არც სასაფლაო, დამკრძალავ ბიუროში, "თბილბიურო" სრული დამკრძალავი სერვისით სარგებლობა 0%-იანი განვადებით შეუძლია. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა გვითხრა, აღნიშნული სერვისი სულ ორი კვირაა რაც დაინეგრა და უკვე ერთმა ადამიანმა ისარგებლა.

თეა ბითაძე