აგლაძეების ღვინის საიდუმლო
აგლაძეების ღვინის საიდუმლო
26 იანვარი / 2016
"მზად ვარ, დღევანდელ ღვინოზე, რაც მასობრივად იწარმოება, ნებისმიერ მეღვინესა თუ ღვინის ქარხნის დირექტორს ვეკამათო. იმ ბრენდებსაც კი, რომლებიც თავიანთი პროდუქციით თავს იწონებენ, ნამდვილად არ აქვთ თავი მოსაწონი"

ძალიან გამიკვირდა, როცა შევიტყვე, რომ რეჟისორი გიგა აგლაძე მეურნე და მეღვინე ყოფილა. ეს, თურმე, მემკვიდრეობით გადმოეცა. ძალიან აფასებს საკუთარ გვარსა და წინაპრებს, მათ საქმეს სიამოვნებით განაგრძობს და ამაყობს ღვინის დაყენების საგვარეულო რეცეპტით. ნიშანდობლივია, რომ მან წინა თაობების შესახებ თითქმის ყველაფერი იცის.

- ჩემი წინაპრები საქართველოში განთქმული ხუროთმოძღვრები იყვნენ - თბილისში ბევრი მნიშვნელოვანი შენობის აგებაში მონაწილეობდნენ, ამასთან, დიდი მეურნეებიც გახლდნენ. ბაბუისგან (მამის მამისგან) ბევრი ინფორმაცია მივიღე - დავყავდი ნათესავებში, გვარისა და წინაპრების ტრადიციებზე მელაპარაკებოდა.

ბაბუის გარდაცვალების შემდეგ შინ გვარის­ გენეალოგია ვიპოვე. მეშვიდე თაობა ვარ და ჩემამდე ვინ იყვნენ წინაპრები, ყველა ვიცი (გიორგი, ლუკა, დავითი, ლუარსაბი, ამბროსი, ვაჟა). ბაბუაჩემი კარგ ღვინოს აყენებდა, როგორც იტყვიან, ავარგებდა. დღემდე მახსოვს იმ ღვინის გემო. დაყენების წესს მეც მასწავლიდა.

- იშვიათია, როცა კაცმა წინაპრების ამდენი თაობის შესახებ იცის.
- ჩვენი ისტორია 1798 წლიდან იწყება: ჩემი სახელისა და გვარის ადამიანი - გიორგი აგლაძე რუსეთ-საფრანგეთის მეორე კოალიციის ომში იბრძოდა, სადაც ტყვედ ჩავარდნილა. საინტერესო ისტორიაა, ვხუმრობ ხოლმე, ფილმის გადაღება შეიძლება-მეთქი. დაჭრილიც ყოფილა, თავი კი მეღვინეობით გადაურჩენია. რომ ჩამოვიდა, თურმე, ისევ მეღვინეობას მიჰყო ხელი. ჩვენი გვარი მესხეთიდან გახლავთ. მოგვიანებით რაჭაში ჩასახლებულან, მაგრამ თავიანთი კუთხის ტრადიციები შეუნარჩუნებიათ. მესხეთში ტერასული მევენახეობა იყო განვითარებული, რომელსაც ჩემი გვარის ყველა თაობის წარმომადგენელი მისდევდა. თითოეული საუცხოო ღვინოს აყენებდა. ღვინოს ჩვენც ისევე ვაყენებთ, როგორც ყველა, ოღონდ არის ნიუანსები, რომლებიც ჩვენს ღვინოს განასხვავებს. მთავარია დუღილის პროცესში კარგი მიხედვა, რომ ტკბილი არ დაგირჩეს... სწორად არის ნათქვამი: ცაში ღმერთია და მიწაზე მეღვინეები... მოკლედ, დიდი და რთული პროცესია და მეც ამ წესით ვავარგებ ღვინოს.

- რეცეპტს არ გაგვანდობთ?

- ეს საგვარეულო საიდუმლოა, რომ­ლის გათქმა არ შეიძლება... როცა ბაბუა ვენახსა თუ მარანში მუშაობდა, მის ყურებას არაფერი სჯობდა. ქვევრი ჩემთვის განსაკუთრებული რამ იყო და ერთხელაც მის მიწაში ჩადებას შევესწარი. იმის მერე ყველა ქვევრის გახსნა მახსოვს­. ეს ნამდვილი დღესასწაული გახლდათ.­ "დაგნესილ" თავს რომ მოხდიდა, მეგ­ონა, რაღაც სასწაული უნდა მომხდარიყო. იქ რაღაც სხვა სამყა­რო მეგულებოდა. ყველაფერი მაი­ნტ­ერესებდა და სულ თავს ვადექი, არ ვშორდებოდი. მერე იმ დალოცვილ სითხეს მოურევდა და კოპით (ორშიმოთი) ღვინოს ამოიღ­ებდა. პირველი ჭიქა ჩემი იყო.

- ამის გამოა, ძირითად საქმესთან ერთად,­ მეღვინეობასაც რომ მისდევთ და მცირე საწარმოც გაქვთ?

- კიდევ ერთი მიზეზია: 1992 წელს პირველი ფული საქარ­თველოდან საბერძნეთში გატანილი ღვინით ვიშოვე. მაშინ აღარც ბაბუა იყო ცოცხალი და აღარც - მამა. მარტო დავრჩი და ასეთი ნაბიჯი გადავდგი. მოგვიანებით ძველ, საგვარეულო ფრანგულ კონიაკზე გადავიღე ფილმი. შატოში­ ვცხოვრობდი და ბევრი სასარგებლო და საინტერესო ლექცია მოვისმინე, ჰენესების გვარის გამგრძელებელთანაც მქონდა ურთიერთობა, ღვინის წარმოებაზეც მეტად
დავფიქრდი... ღვინო რომ დააყენო და ნამუსიანად გაყიდო, სამი წელიწადი მაინც უნდა. ჩემი გადაწყვეტილება ნელ-ნელა მწიფდებოდა. მგონია, რომ ქართველი­ კაცი შინაგანად მაინც მეღვინეა, თუმცა, მზად ვარ, დღევანდელ ღვინ­ოზე, რაც მასობრივად იწარმოება, ნებისმიერ მეღვინესა თუ ღვინის ქარხნის დირექტორს ვეკამათო. იმ ბრენდებსაც კი, რომლებიც თავიანთი პროდუქციით თავს იწონებენ, ნამდვილად არ აქვთ თავი მოსაწონი.
ბაბუა წელს 100 წლის გახდებოდა და მისი ხსოვნის პატივსაცემად, მის სახელზე ღვინოც ჩამოვასხი. ამბროსი აგლაძე.

- რატომ?
- არსებობს ღვინო და არსებობს რაღაც სითხე, ღვინოდ წოდებული, რომელიც, სამწუხაროდ, იყიდება. ფულის კეთება და ბიზნესი საინტერესოა, ისიც ფაქტია, რომ დიდ ქარხნებში, სადაც ასიათასობით ტონას ამუშავებენ, ნორმების დაცვა ძნელია, მაგრამ მერწმუნეთ, იქაც შეიძლება ნამდვილი ღვინის დაყენება. არიან მცირე მეწარმეები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია ხარისხიანი ღვინის წარმოებაზე და ამას ახერხებენ კიდეც.

- როდის დაიწყეთ ღვინის დაყენება და ჩამოსხმა?
- სამი წელია, ჩემი ტექნოლოგიით ვასხამ ღვინოს, მაქვს მცირე წარმოება. ყურძენს იმ გლეხებისგან ვყიდულობ, ვისაც ძველი ვაზი აქვს და არც ყურძენს რწყავს. მიწას ანალიზს ვუკეთებ. ჰაერიც ტყვიით არ უნდა იყოს დამძიმებული, იმასაც მნიშვნელობა აქვს, ირგვლივ რა არის დათესილი, რა მოდის. მოკლედ, გარემოს საფუძვლიანად ვსწავლობ, ვამოწმებ. ამას მეტი დრო მოვანდომე, ვიდრე წარმოების გახსნას. ყურძენს ხრიოკი მიწა უყვარს.

- მაშ, გლეხი რატომ რწყავს?

- იმიტომ, რომ მტევანში წყალი ჩადგეს, დამძიმდეს და ძვირად გაყიდოს.

- რომელ რეგიონებში ეძებთ ყურძენს?
- ჯერჯერობით ქართლსა და კახეთში. ძალიან მაინტერესებს მესხეთის მხარე, სამწუხაროდ, ბევრი ჯიში დაკარგულია.

- თქვენ რომელ ჯიშებს არჩევთ?

- მაქვს რამდენიმე სახის საფერავი - ოცხანური, მესხური, კახეთის რეგიონიდან - წარაფი, რომელიც მხოლოდ კარდენახში მოდის, მაგრამ კარდენახშიც კარგი ვენახის პოვნაა საჭირო. ასევე მომწონს კახური მანავის მწვანე, ქართლის ატენური, გორული მწვანე, ჩინებული, რომელსაც ჩინურიც დაერქვა, თავკვერი...

- ახლა რა ეტაპზე ხართ?

- მარტის ბოლოს ჩამოსხმას ვაპირებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ღვინო შეზღუდული რაოდენობით ისხმება.­

- რატომ?
- როცა ყურძენს ვყიდულობ და ვხედავ, რომ იმ რეგიონში მხოლოდ ნახევარი ჰექტარია ის ჯიში, როგორ შეიძლება, მომდევნო წელს შვიდი იმდენი მქონდეს? ე.ი. რაღაცას ვთაღლითობ, არა? ამიტომ არის ცოტა და ექსკლუზიური. თუმცა, ისეთი ღვინოც მაქვს, რომელიც იაფად მიდის, რადგან უფრო მეტია, მაგრამ მე მაინც იშვიათ ჯიშებს ვარჩევ. მინდა, ჩემი ქვეყნის სახელი უცხოეთში ისე გავიტანო, რომ თან არ ჩავიძირო.

- რა არის ეს ყველაფერი თქვენთვის?­
- ღმერთი რომ სიყვარული იყო, ამას დიდი ხნის წინ მივხვდი. ერთხელ ბაბუაჩემს ვკითხე, ბაბუ, ღმერთი არსებობს-მეთქი? თან თვალებში ვუყურებდი. ჯერ უთქმელად გამიღიმა, მერე მიპასუხა, აბა, კარგად შემომხედეო და დადუმდა. ბაბუას თვალებიდან დიდი სიყვარულით ღმერთი მიყურებდა. უსიყვარულოდ ვერაფერს გააკეთებ...
სხვათა შორის, ბაბუა წელს 100 წლის გახდებოდა და მისი ხსოვნის პატივსაცემად, მის სახელზე ღვინოც ჩამოვასხი.

ლალი ფაცია
წყარო: "კვირის პალიტრა"

კომენტარები (2)
06.02.2016
თამუნა აგლაძე
სწორედაც,რომ აგლაძე და არა აღლაძე. აგლაძე 30-იან წლებში რუსულიდან ვითომ გადმოაქართულეს და დაწერეს "აღლაძე" ანუ რუსულად ამ გვარს წერდნენ აგლაძედ და ქართულად კი აღლაძედ.აი აქედან წარმოიშვა ეს გაურკვევლობა ამ გვართან დაკავშირებით.ისე ცნობისათვის: საკმაოდ ძველი და მრავალი საუკუნეების წინ წამოსული გვარია "აგლაძე".
26.01.2016
სტატუს ქუო
აგლაძე კი არა აღლაძეა და მერე რუსების გამოისობით გახდა ეს ქართული გვარი აგლაძე...
მსგავსი სიახლეები
ეს არის უპრეცედენტო, პირველი გადაწყვეტილება, როდესაც DCFTA-ს ძალაში შესვლის შემდეგ, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი პირველად შევა ევროკავშირის ბაზარზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 5 დეკემბერს საკუთარ ხედვას წარმოადგენს, რომელიც ეკონომიკაში სრულიად ახალი შესაძლებლობის გაჩენას მოიცავს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, „ალფა ბანკს“ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ლიცენზიის საკითხზე არ მიუმართავს
სამეწარმეო განათლების გავრცელებისა და ფინანსური განათლების სარგებლიანობის შესახებ მოზარდებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეროვნული ბანკი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტს იწყებენ.
ახლა კუდიანებზე უნდა დაიწყოს ნადირობა, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს, კიდევ უფრო გააღარიბებს ხალხს
Key Points consulting-ის დამფუძნებელი პავლე კუბლაშვილი ღვინის ტურიზმის პოპულარიზების მიზნით, winefest-ის დანერგვის ინიციატივით გამოდის.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, თბილისში საქართველო-კორეის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ჭიჭინაძის შეფასებით, ყველა ბიზნესი დღეს ბანკის კონკურენტია.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, დღეს თბილისში საქართველო-უკრაინის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებისთვის ბიზნესის წარმოების თემაზე ლექცია-სემინარი ჩატარდა, რომელსაც პროფესორი ირაკლი ჯავახიშვილი უძღვებოდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
01.12.2016
ვალუტის კურსის ცვლილება ადგილობრივ საავტომობილო ბაზარზე ნეგატიურად აისახა, მნიშვნელოვნად შემცირდა ავტომობილების რეალიზება.
სრულად
27.11.2016
ცნობილი ქართველი მუსიკოსი და პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი საათების ცნობილი ბრენდის „ჟაკ ლემანის“ ახალი ელჩი გახდა.
სრულად
26.11.2016
მარიკა კოდუა 23 წლის ფერმერია, რომელიც ზუგდიდის რაიონში, სოფელ დარჩელში ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
სრულად
25.11.2016
ხშირად რისკავს, ამაყობს შვილებით და ფიქრობს, რომ წარმატების მისაღწევად ყველა საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო.
სრულად
23.11.2016
აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც საუბრობს თუ რას მოიმოქმედებს თავისი პრეზიდენტობის პირველი ასი დღის განმავლობაში.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
02.12.2016
03.12.2016
USD
1
USD
2.5871
2.5599
EUR
1
EUR
2.7491
2.7250
GBP
1
GBP
3.2561
3.2283
RUB
100
RUB
4.0403
3.9854