ყველაზე მდიდარი ევროპელები

ევროპა გავლენიან და ეკონომიკურად განვითარებულ არაერთ ქვეყანას აერთიანებს, თუმცა, მსოფლიოში ყველაზე მდიდარ 50 ადამიანს შორის ევროპის კონტინენტიდან მხოლოდ რვა მილიარდერია.

მათმა დიდმა ნაწილმა ქონება მემკვიდრეობით მიიღო. „ბიზნეს ინსაიდერი“ ყველაზე მდიდარი ევროპელების რეიტინგს აქვეყნებს.

რეიტინგში პირველ ადგილს მსოფლიოში ტანსაცმელის მწარმოებელი ყველაზე მსხვილი კომპანია Inditex-ის მფლობელი, ესპანელი ამანსიო ორტეგა იკავებს, რომლის ქონება 66.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპანია "ინდიტექსი" აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Zara, Bershka, Straparius, Pull and Bear და Massimo Dutti. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 60 000-ზე მეტი მაღაზია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ორტეგა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია, იგი კვლავ უბრალო ცხოვრებით ცხოვრობს. მილიარდერი თავის თანამშრომლებთან ერთად კომპანიის კაფეტერიაში საუზმობს.

რეიტინგში მეორეა კომპანია IKEA-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ინგვარ კამპრადი, რომლის ქონება 39.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. 89 წლის შვედმა მილიარდერმა IKEA 17 წლის ასაკში დააფუძნა. კამპრადი ყველაზე ხელმომჭირნე მილიარდერის სახელითაა ცნობილი. რამდენიმე მილიარდიანი ქონების მიუხედავად, დღემდე იაფი სასტუმროებით სარგებლობს და გადაადგილდება „ვოლვოს“ მარკის ავტომობილით, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია ჰყავს. თუმცა კამპრადი ერთ-ერთი ყველაზე ქველმოქმედი მილიარდერია, რომელიც ხშირად რიცხავს თანხას ბავშვთა უფლებებისთვის ბრძოლისთვის, გარემოს დაცვის, განათლების განვითარებისა და სამედიცინო კვლევებისთვის. რიგით მეორე ყველაზე მდიდარ ევროპელს ცხოვრების მანძილზე ქველმოქმედებისთვის 300 მილიონი დოლარი აქვს გადარიცხული.

მესამე ადგილს ყველაზე მდიდარ ევროპელებს შორის ლილიან ბეტანკური იკავებს, რომლის ბიზნესი კოსმეტიკას უკავშირდება. 93 წლის ბეტანკურმა სიცოცხლის მანძილზე 29 მილიარდი დოლარის დაგროვება შეძლო. ლილიან ბეტანკური კოსმეტიკური კომპანია „ლორეალის“ მემკვიდრე და ყველაზე მსხვილი მეწილეა. ბეტანკური ევროპაში პირველი, ხოლო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე მდიდარი ქალია. "ლორეალის" მფლობელი ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერიცაა. მის კოლექციაში პიკასოს, მატისისა და მუნკის ნაშრომები შედის.

ყველაზე მდიდარ ევროპელებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს კონგლომერატ LVMH-ის მფლობელი ბერნარ არნო, რომლის  ქონება 28,9 მილიარდ დოლარს შეადგენს.  LVMH  70 ძვირადღირებულ ბრენდს აერთიანებს, მათ შორის Louis Vuitton-ს, Hennessy-ს, Christian Dior-ს და Dom Perignon-ს. მას აღნიშნული ბიზნესი არნოს მშობლებისგან მემკვიდრეობით ერგო. თუმცა, ბიზნესის განვითარებისთვის თავადაც დიდი ძალისხმევა გასწია. წელს ფრანგი ბიზნესმენი  ამერიკულ კომპანია Catterton-თან ერთად საინვესტიციო კომპანიის დაარსებას აპირებს, რომელსაც L Catterton დაერქმევა.

მდიდარი ევროპელების რეიტინგში მეხუთე ადგილზე შვედი სტეფან პერსონია. შვედი მილიარდერი 1947 წელს დაიბადა. სწორედ იმავე წელს მისმა ძმამ გახსნა ქალის ტანსაცმლის მაღაზია Hennes. 1968 წელს კი მან მამაკაცების ტანსაცმლის Mauritz Widforss-ის მაღაზიასთან ერთად შექმნა ახალი ბრენდი Hennes & Mauritz-ი, რომელიც დღეს H&M-ის სახელითაა ცნობილი. საოჯახო ბიზნესს 1976 წელს სტეფანიც შეუერთდა. ბოლო 30 წლის განმავლობაში H&M მსოფლიოს მასშტაბითაა წარმოდგენილი. ჰონგ-კონგში, ჩინეთში, ტოკიოში, იაპონიაში, რუსეთსა და აშშ-ში H&M-ს 4 000-ზე მეტი მაღაზია აქვს. 2009 წელს სტეფანმა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა და იგი მის შვილს გადააბარა.

ევროპაში ყველაზე მდიდრებს შორის მეექვსე ადგილზეა გერმანელი გეორგ შეფლერი, რომლის ბიზნესი ავტომობილების წარმოებას უკავშირდება. შეფლერის ქონება 22.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. გერმანელი მილიარდერი კომპანია Schaeffler Group-ის ხელმძღვანელია, რომელიც მამისგან მემკვიდრეობით ერგო. Schaeffler Group-მა ცოტა ხნის წინ ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების ნაწილების ბიზნესში 550 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იგეგმება ინვესტიციების გაორმაგება.

„ბიზნეს ინსაიდერის“ მიერ გამოქვეყნებულ რეიტინში მეშვიდე ადგილიც გერმანელს ერგო. 76 წლის დიტერ შვარცი 20,9 მილიარდი დოლარის მფლობელია. მასაც ისევე, როგორც ყველაზე მდიდარი ევროპელების უმრავლესობას, ბიზნესი ოჯახისგან მემკვიდრეობით ერგო.  კომპანია Schwarz Gruppe აერთიანებს ისეთი სუპერმარკეტების ქსელს, როგორიცაა „ლიდლი“, „ალდი“ და „კაუფლანდი“. „ლიდლს“ ევროპის მასშტაბით 10 000-ზე მეტი მაღაზია აქვს. გერმანელი მილიარდერი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად მშობლიურ ქალაქ ჰაილბრონში ცხოვრობს, საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდება, თუმცა განათლების სფეროს გულუხვი დონორია.

მერვე ადგილზე გავიდა ყველაზე მდიდარი იტალიელი ლეონარდო დელ ვეკიო, რომელმაც 80 წლის ასაკში 19,7 მილიარდი დოლარის დაგროვება შეძლო. დელ ვეკიო მსოფლიოში სათვალეების ყველაზე მსხვილი კომპანია Luxottica-ს მფლობელი და დამფუძნებელია. კომპანია აერთიანებს Ray-Ban-ს, Sunglass Hut-ს და Oakley-ს.

ლეონარდო დელ ვეკიომ ბიზნესი 1961 წელს მილანში ერთ ოთახში დაიწყო. ახლა კი მის კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 10 ქარხანა აქვს და 35 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია დღეში საშუალოდ 65 000 სათვალეს ამზადებს. გასულ წელს დელ ვეკიომ კომპანიის ერთ-ერთ თანამშრომელს 80 წლის იუბილეზე 10 მილიონი დოლარის ოდენობის კომპანიის აქციები აჩუქა.

თამთა ჯიჯავაძე