"ამ საქმისკენ 90-იან წლებში დაწყებულმა გაჭირვებამ მიბიძგა"

"ოსტატობა შევარდნაძემ და იმდროინდელმა გაჭირვებამ მასწავლა - ახლა ხმლით ვარჩენ ოჯახს!"

"მხოლოდ ჯაჭვის პერანგი თვე-ნახევარი იქსოვება. თუ მეტი არა, პერანგს 15-20 ათასი რგოლი სჭირდება, ფარ-მუზარად-სამკლავურების დამზადებასაც დიდი დრო მიაქვს. მთლიანი კომპლექტის მომზადებას ერთი წელი მაინც უნდა"

საქართველოში ბრინჯაოს ხანიდან არაერთი სახეობის საომარი იარაღი მზადდებოდა (გორდა, სატევარი, დავითფერული, გველისპირული, ცხემლაიში, ხალიბური, ორლესული, სათუმახვილა, ჭოლაური, აფთი, ორპირი...), ბევრიც უცხოეთიდან შემოჰქონდათ (ხორასნული, ლეკური, ფრანგული, ბაზალა, ყამა, თილიყამყამი, ხანჯალი, ჯავარდენი...). დღეს ხმალ-ხანჯალი სცენურ სამშვენისადღა დარჩა, თითზე ჩამოსათვლელი გვყავს­ ხმლის ოსტატიც - თხუთმეტიოდე კაცი თუ იქნება. მათ შორის არის არბოშიკელი ზაზა ალადაშვილი, რომელიც მეხმლეც არის, ჯაჭვის პერანგებსაც ქსოვს და ფარებსაც აკეთებს.

ზაზა ალადაშვილის სახლში შესვლისთანავე თვალს ხვდება ოსტატის ხელით ნაშენი ბუხარი, ხის ცერაკიბე და დიდ კოჭებზე გაფიცრული ჭერი. კედლებს ხმალ-ხანჯლები და ჯაჭვის პერანგები ამშვენებს­. კოლექცია მართლაც შთამბეჭდავია - მის ხელს 500-მდე ხმალი და ამდენივე ხანჯალი გამოუჭედავს.

- ეს საქმე როგორ დაიწყეთ?

- ხელობით შემდუღებელი ვარ. 90-იან წლებში დაწყებულმა გაჭირვებამ მიბიძგა ამ საქმისკენ. თბილისის ბაზრობაზე­ ხმალი იყიდებოდა. ხელში დიდხანს ვატ­რიალე, ყიდვა მინდოდა, მაგრამ ფული არ მქონდა. შინ დავბრუნდი და... ხმლის გამოჭედვა გადავწყვიტე. მას მერე სათქმელად მაქვს - ოსტატობა შევარდნაძემ და იმდროინდელმა გაჭირვებამ მასწავლა-მეთქი - ახლა ხმლით ვარჩენ ოჯახს!

- არ ველოდი ასეთ დიდ კოლექციას...

- ეს რუსული კაზაკური ხმალია, ეს არაბული პირები - შამირი, კახური პირებიც აგერ არის, თურქულიც ინებეთ...გამიკეთებია მონღოლური სატევარი, ქართული ხმლების შეკვეთებიც არაერთი მქონია, აი, ერეკლე მეფის ხმალი დაახლოებით ამგვარი იყო. ამბობენ, ერეკლეს ხმალი 16 კილოგრამს იწონიდაო, ეს ლეგენდაა, ხმალი 7 კილოგრამზე მეტი არ შეიძლება იყოს - სტანდარტს ვერ გადახვალ. მრავალგვარი შეკვეთა მაქვს. ვის სატევარი­ უნდა, ვის - კავკასიური ან ქართლური­ ხმალი. მომიტანენ ნახატს ან ფოტოსურათს - ასეთი გამიკეთეო. გერმანული სატევარიც შეუკვეთიათ. მე და ჩემი მეუღლე­ ჯერ ნახაზს ვადგენთ, ჩემი ვაჟიც მეხმარება. ამის შემდეგ ვიწყებ პირის გამოწრთობას.

ლალი მეხრიშვილი

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 8 თებერვლის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად