19 წლის ნორვეგიელი გოგონა მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია

„ფორბსის“ 2016 წლის მილიარდერთა რეიტინგში 19 წლის ნორვეგიელი ალექსანდრა ანდერსენი 1 მილიარდი დოლარით მოხვდა.

გოგონას ქონება მამისგან, იოზან ანდერსენისგან ერგო, რომელმაც 2007 წელს ალექსანდრას და მის დას, კატერინას კომპანიის Ferd Holdings 80%-იანი წილი გადასცა.

თინეიჯერ მილიარდერს ძალიან უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით, ცხენები. იგი რამდენიმე შეჯიბრის გამარჯვებული გახდა დრესურაში (საცხენოსნო სპორტის სახეობა). მშობლებმა ქალიშვილს თავმდაბლობა და ფულის ყადრი ბავშვობიდან ასწავლეს. სკოლის პერიოდში ალექსანდრა ჯიბის ფულს აგროვებდა და ბევრი ნორვეგიელი მოზარდის მსგავსად, მეორად ავტომობილს ატარებდა.

ალექსანდრა დაიბადა და გაიზარდა ოსლოში, ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს. ანდერსენების ოჯახმა ქონება თამბაქოს ბრენდის Tiedemanns წყალობით დააგროვა. ალექსანდრას დიდი ბაბუა ნორვეგიაში სიგარეტის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრა და მისი და კომპანია Ferd-ის მემკვიდრეები გახდნენ, მათი მამა მიიჩნევს, რომ გოგონები ვალდებული არ არიან ამ კომპანიაში იმუშავონ და მომავალში თავად შეუძლიათ აირჩიონ თავიანთი გზა.

დუდანა ზაქარაია