თუშმა დებმა რომში თექის და ნარუქის დამუშავების სახელოსნო „მწყემსის სახლი“ გახსნეს

თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში მცხოვრებმა თექის ოსტატებმა, დებმა ქოთილაიძეებმა, რომში თექისა და ნარუქის სახელოსნო „მწყემსის სახლი“ გახსნეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გულნაზი ქოთილაიძემ უთხრა, სახელოსნოში საქართველოდან ჩასულ ემიგრანტებს ტრადიციული თუშური თექის დამუშავების გარდა, საკუთარი გამოგონების, „ნარუქი“-სგან (აბრეშუმის ქაღალდი) სხვადასხვა აქსესუარების დამზადებას უფასოდ ასწავლიან. მათ „ნარუქის“ დამზადებაზე საავტორო უფლება აქვთ.

სახელოსნო „მწყემსის სახლის“ გახსნის იდეა ერთ-ერთ დას, ცისანა ქოთილაიძეს ეკუთვნის, რომელიც იტალიაში სამუშაოდ რამდენიმე წლის წინ წავიდა. სახელოსნოს გახნის მიზანი ევროპაში ქართული თექის პოპულარიზაცია და ემიგრანტი ქართველების დასაქმებაა. სახელოსნოში 16 ემიგრანტი ქალია დასაქმებული. ამზადებენ თექის ნაბდებს, ხალიჩებს, პანოებს, პეიზაჟებს, აქსესუარებს, ტანსაცმელსა და სხვადასხვა სახის სუვენირებს. ნამუშევრების ფასი ზომისა და დიზაინის მიხედვით, 15 ლარიდან 8 000 ევრომდე მერყეობს.

„იდეა, ქართული ძირძველი ეროვნული თექის მოდერნიზების შესახებ, ჯერ კიდევ 1999 წელს გაგვიჩნდა. თუშეთში გავიზარდეთ და მთელი ბავშვობა ვუყურებდით, ბებო როგორ ამუშავებდა თექას. პირველი გამოფენა, რომლის მიზანი იყო, თექა გადაქცეულიყო თანამედროვე გამოყენებად ტექსტილად, 2 000 წელს თბილისში, ბადრი პატარკაციშვილის ხელშეწყობით მოვაწყეთ. ამ 16 წლის განმავლობაში, 14 გამოფენა შედგა საქართველოში თუ საზღვარგარეთ. შემდეგ ისე მოხდა, რომ ჩვენი ერთი და, ცისანა, ისევე როგორც ბევრი სხვა ქართველი, იტალიაში სამუშაოდ წამოვიდა. თუმცა, როგორც ჩანს გენეტიკური კოდი არ დაიკარგა და მან ეს საქმე იტალიაშიც გააგრძელა. ჩვენი პატარა სახელოსნო ქართულ, მართლმადიდებლურ ტაძართან ახლოს (ტერიტორიულად-კოლიზეუმთან) მდებარეობს. სახელოსნო რომის სამრევლოს წინამღვარის, არქიმანდრიტი მამა იოანეს (ხელაია) თანადგომით და საქართველოს საელჩოს თანადგომით გავხსენით. თექა ჩვენი ქართული ეროვნული ფასეულობაა, როგორც ძირძველი, ასევე თანამედროვე, უფრო მეტიც, ულტრა თანამედროვეა. ჩვენ ვთავაზობთ ევროპას ქართულ, ახალ, ხელით ნაკეთ ტექსტილს. ამჟამად ვმუშაობთ ბაზრის მოპოვების გზებზე ევროპაში. სამი თვით ვიყავი ჩასული სახელოსნოში და ქართველ ემიგრანტებს უფასო გაკვეთილები ჩავუტარე. სახელოსნოში ყველა ემიგრანტს შეუძლია ჩაეწეროს და უფასოდ ისწავლოს, როგორც თექის, ასევე ნარუქის დამუშავება, რომელიც ჩვენი გამოგონებაა და დავაპატენტეთ. სულხან-საბას განმარტების მიხედვით, თექა კეთილს ნიშნავს და სწორედ ამ კეთილ ნაბადს ვუწოდეთ „მწყემსის სახლი“. ამ სახელის იდეამ იტალიაში ძალიან გაამართლა. ასე უფრო ადვილი ასახსნელი იყო იტალიელებისათვის, თუ რა დანიშნულება აქვს ნაბადს“, - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თექის დამუშვების ოსტატმა გულნაზი ქოთილაიძემ.

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები -ick.ge-ზე