ხატია ბუნიათიშვილი საათების ცნობილი ბრენდის "ჟაკ ლემანის" ახალი სახე გახდა

ცნობილი ქართველი მუსიკოსი და პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი საათების ცნობილი ბრენდის „ჟაკ ლემანის“ ახალი ელჩი გახდა.

ბრენდის ელჩის წოდებას ქართველი პიანისტის გარდა, ოსკაროსანი მსახიობი კევინ კოსტნერი და ოლიმპიური ჩემპიონი, ავსტრიელი მოთხილამური ანა ფაიტი ფლობენ.

„პირველად ხატია ბუნიათიშვილი ზალცბურგში ვნახეთ და იმდენად მოვიხიბლეთ მისი ტალნატით, მაშინვე მივხვდით, რომ ის ბრენდის შესანიშნავი წარმომადგენელი იქნებოდა“, - აღნიშნა კომპანიის მფლობელმა და დირექტორმა ალფრედ რიდლმა.

მისივე თქმით, ხატია ბუნიათიშვილი აბსოლუტური პერფექციონისტია, როდესაც საქმე მის პროფესიას ეხება, ის ვნებიანი, ლამაზი და ყოველთვის თვალისმომჭრელია სცენაზე. ავსტრიული კომპანია 1975 წელს ალფრედ და ნორმერ რიდლებმა დააარსეს. თუმცა საათების წარმოების იდეა საფრანგეთში დაბადებულ მექანიკოსს ჟაკ ლემანს ეკუთვნის, რომელსაც საკმარისი ინვესტიცია არ ჰქონდა, რომ თავად ეწარმოებინა საათები. ფრანგმა მექანიკოსმა იდეა ავსტრიელი ძმების წყალობით განახორციელა.

დღეს „ჟაკ ლემანი“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საათების ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხისა და დიზაინის საათებს აწარმოებს. კომპანია მსოფლიოს 120 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

Georgian star pianist Khatia Buniatishvili becomes Jacques Lemans' new face