26 წლის ასაკში დაწყებული წარმატებული ბიზნესის ისტორია

26 წლის ასაკში დაწყებული ბიზნესის წარმატების 11-წლიანი ისტორია - ასეთია სადისტრიბუციო კომპანია „გრანდის“ დამფუძნებლის ივა ჭყონიას ბიზნესისტორია.

კომპანია „გრანდი“ ტკბილეულობის იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც 500-მდე სხვადასხვა პროდუქტის იმპორტს ახორციელებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დღეს ივა ჭყონიას ბიზნესპერსონაზე გიამბობთ - როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში, ჰქონდა თუ არა გამოცდილება, რა იყო პირველი ხელფასი, სამსახური, რა სირთულეები იყო და არის ბაზარზე და ა.შ.

პირველი სამსახური

პროფესიით ეკონომისტის ივა ჭყონიას პირველი სამსახური „კოკა-კოლა“ იყო, სადაც 1996 წელს, 17 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა. მაშინ ჯერ სტუდენტი იყო და მისი პირველი ხელფასი გაყიდვების მენეჯერის პოსტზე 250 ლარი იყო. ამის შემდეგ იყო უკვე ფასთ ფუდი „მალი“; საქენერგო; კომპანია იუნიკი, სადაც სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა - იყო დირექტორის მოადგილე, საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტი, გაყიდვების მენეჯერი და სხვა.

„ცხრაწლიანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ 2005 წელს მე და ჩემმა მეგობარმა ზვიად ჯიქიამ დავაარსეთ კომპანია „გრანდი“. დღესაც პარტნიორები ვართ და კომპანიის 50-50%-იან წილებს ვფლობთ. ამ პროფილით დიდი ხანი ვმუშაობდით და დისტრიბუციაში ორივეს საკმაოდ დიდი გამოცდილება გვქონდა.

„ფაქტობრივად მომზადებული ვიყავი, რომ დამოუკიდებლად რაღაც მეწარმოებინა, თუმცა, რომ არა სამუშაო გამოცდილება, კონტაქტები ამ ყველაფრის გაკეთება გამიჭირდებოდა. რა თქმა უნდა, რისკ ფაქტორები იყო, მაგრამ რისკი ღირდა. ლომის წვლილი ჩემს მეგობარს მიუძღვის, რადგან რომ არა მისი დაჟინებული თხოვნა, მარტო ალბათ ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი“.

ბიზნესმენის სამუშაო პრაქტიკაში სახელმწიფო თანამდებობაზე მუშაობის პერიოდიც იყო, როდესაც 2008 წელს ძველი თბილისის რაიონის ჯერ გამგებლის მოადგილე, ხოლო მოგვიანებით გამგებელიც იყო. როგორც თავად ამბობს, მაშინ გარკვეული ტენდენცია იყო, რომ თანამდებობაზე შემოსავლით უზრუნველყოფილ ადამიანებს ნიშნავდნენ, რადგან კორუფციის რისკები ნაკლებად ყოფილიყო.

ჭყონია დღეს დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარეცაა, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში მისი ინიციატივით შეიქმნა და რომლის მიზანიც მისივე თქმით, სფეროში არსებული ხარვეზების საკანონმდებლო დონეზე აღმოფხვრაა.

შანსი, რომლითაც ჭყონიას ბიზნეს ისტორია იწყება

კომპანიამ, სადაც იმ დროს რეალიზაციის მენეჯერის თანამდებობას იკავებდა, მოლდოვური კომპანიისგან ტკბილეულის - სნეკის შემოტანასა და რეალიზაციაზე უარი თქვა. სწორედ ეს გახდა სტარტაპი, რომელმაც ბიზნესპარტნიორებს საკუთარი კომპანიის დაარსების გადაწყვეტილება მიაღებინა. როგორც ჭყონია აღნიშნავს, „რომ არა სნეკი, არ იცის რა განვითარდებოდა და საერთოდ იარსებებდა თუ არა დღეს „გრანდი“. ამის შემდეგ უკვე 1 წელში, საკმაოდ სერიოზული ბრენდის „ჩუპა-ჩუპსის“ დისტრიბუტორებიც გახდნენ, რომელიც შემდეგ დიდმა კომპანია „პერფექტი ვან მელემ“ იყიდა. შედეგად, „გრანდი“ საქართველოს ბაზარზე მათი ოფიცილური წარმომადგენელი გახდა.

სირთულეები - დასაწყისში და ახლა

მთავარი სირთულე, რაც ბიზნესის დაწყებისას წარმოიშვა - სფეროს სიახლე იყო, რადგან მაღაზიებისთვის რთული ასახსნელი იყო თუ რატომ უნდა დაეწყოთ ურთიერთობა ამ თუ იმ სადისტრიბუციო კომპანიასთან. რის გამოც, ზოგჯერ „ზურგჩანთა გადაკიდებული“ დადიოდა და მომხმარებლებს პროდუქციისა თუ სადისტრიბუციო მომსახურების უპირატესობებს აცნობდა.

„სხვა სახის პრობლემები ჩნდება რითეილ ბაზარზე უკვე 2012 წლიდან. როცა, რამდენიმე მსხვილი ქსელი რეაბილიტაციის გზას დაადგა, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისთვის საკმაოდ დიდი დარტყმა იყო.

„შედეგად, საქართველოს ბაზრიდან ათობით სადისტრიბუციო კომპანია გაქრა, რადგან წნეხს ვერ გაუძლეს. სწორედ ასეთი მაგალითმა გვაჩვენა, რომ საჭირო იყო ასოციაციის შექმნა. დავუკავშირდი ჩემ მეგობრებს, კოლეგებს და მიმდინარე წლის მაისში ჩამოვაყალიბეთ დისტრიბუტორთა ასოციაცია“.

წარმატების მიზეზი

შრომა, სამუშაო პროცესში უშუალო ჩართულობა და მოგების კომპანიაშივე რეინვესტირება - ეს არის ბიზნესმენ ივა ჭყონიას წარმატების სამი ძირითადი მიზეზი, როგორც თავად ასახელებს.

„არ გვითაკილია არაფერი. ზურგჩანთა გადაკიდებული დავდიოდით და ვაცნობდით პროდუქტებს, ვუხსნიდით, რომ დისტრიბუცია არის ჩვეულებრივად მომსახურების დარგი და ა.შ.

„გარდა ამისა, პარტნიორებს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული ხედვები, რის გამოც გადაწყვეტილებებს ბევრი ფიქრისა და კამათის შემდეგ ვიღებთ და ვფიქრობ, ესეც ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მიზეზია“.

სიამოვნება ბიზნესში

კომპანია „გრანდის“ დამფუძნებელი, ყველაზე დიდ სიამოვნებად კომპანიის გაფართოებასა და განვითარებას ასახელებს, რადგან მისი აზრით, სტაგნაცია ბიზნესში ყოველთვის უკუსვლას იწვევს, ამიტომ სულ უნდა ფიქრობდე რა დაიმატო, შეცვალო, რა სიახლე დანერგო.

„გრანდი“ ჩემი ყოველდღიურობაა. პულსაციაზე მიდევს ხელი - რას შვრება, როგორ შვრება? და ვფიქრობ ბიზნესის ყველაზე დიდი წარმატებაა - მეტი ბრუნვა, მეტი ადამიანების დასაქმება და მეტი განვითარება“.

სფერო, სადაც დღეს დაიწყებდა ბიზნესს

სარესტორნო ბიზნესი - ესაა სფერო, სადაც ფიქრობს, რომ ისეთივე წარმატებული იქნებოდა როგორც დისტრიბუციაში. დახვეწილი გემოვნების კლუბის სტილის კომფორტული დაწესებულება, კარგი და ძვირიანი მომსახურებით - ასეთია, გარემო რომელსაც ივა ჭყონია მომხარებელს შესთავაზებდა.

თაია არდოტელი