როგორ იშოვა პირველი მილიარდი "ზარას" დამფუძნებელმა, რომელმაც კარიერა მკერავის კურიერობით დაიწყო

დასავლური მედია „ზარას“ დამფუძნებელს ამანსიო ორტეგას „ესპანელ სფინქსს“ უწოდებს.

თუმცა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს სხვა ეპითეტებითაც მოიხსენიებენ: ადამიანი-ლეგენდა, ადამიანი-იდუმალება, დიზაინის უგვირგვინო მეფე. ამ ეპითეტებიდან ყველა მართებულია - არც ერთი მათგანი გაზვიადებული არ არის. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ორტეგას მიერ გამოგონილი წარმატების ფორმულის არათუ რეალიზება, არამედ ბოლომდე ამოხსნაც ვერავინ შეძლო - ორტეგა თავად გახლავთ გამოცანა.

ამანსიო ორტეგა - ესპანეთის უმდიდრესი ადამიანი, მოდელიორი, კომპანია „ინდიტექსის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი გახლავთ. კორპორაცია Inditex მსოფლიოს უმსხვილესი საბითუმო ქსელია, რომელსაც ეკუთვნის ისეთი ბრენდები, როგორებიცაა „ზარა“, „მასიმო დუტი“, „ბერშკა“, „სტრადივარიუსი“, „ოიშო“, „ზარა ჰოუმი“, Pull & Bear და Uterqüe. „ინდიტექსი“ მსოფლიოს 77 ქვეყანაში 4 907 მაღაზიით არის წარმოდგენილი.

80 წლის ესპანელი მილიარდერის ქონება „ფორბსის“ ბოლო მონაცემებით, 72,4 მილიარდი დოლარია. ორტეგა არა მხოლოდ ესპანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანია, არამედ მსოფლიოში სიმდიდრით მხოლოდ პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანს - ბილ გეითსს ჩამორჩება.

ამანსიო ორტეგა 1936 წლის 28 მარტს ესპანეთის პატარა ქალაქ ლეონში დაიბადა. მამამისი რკინიგზის მუშა, ხოლო დედა - მოსამსახურე იყო. ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობდა, ორტეგამ სკოლის დამთავრებაც კი ვერ მოახერხა. 13 წლიდან ერთ-ერთი მკერავის კურიერად დაიწყო მუშაობა, რომელიც მდიდარი კლიენტებისთვის კერავდა. როდესაც ამანსიო 14 წლის გახდა, ოჯახი ლა-კორუნიში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მამამ ახალი სამსახური მიიღო. სწორედ აქ დაიწყო ამანსიო ორტეგას პროფესიონალური შემოქმედება. თავიდან ქსოვილების გოფრირებითა და მოფარდაგებით იყო დაკავებული, შემდეგ კი ერთ-ერთ იტალიელ მოდელიორთან დამხმარედ დაიწყო მუშაობა. პატარა მკერავი ჭრა-კერვის გარდა, ფასის წარმოშობის სქემას სწავლობდა. სწორედ მაშინ დაფიქრდა, როგორ შეემცირებინა საქონელზე ფასნამატის მაჩვენებელი, რაც შემდგომში ტანსაცმლის იმპერიაში - "ზარაში" გამოიყენეს.

გაუნათლებელი პროვინციელის კარიერული პიკი შესაძლოა გამხდარიყო ხელოსნის ან გაყიდვების განყოფილების საშუალო რგოლის ხელმძღვანელის თანამდებობა, თუმცა ამანსიოს ისტორია სხვაგვარია. მის ნიჭს გასაქანი სჭირდებოდა და ცოდნამ და გამოცდილებამ გამოსავალი კრეატიულ გადაწყვეტაში იპოვა.

1960-იან წლებში ამანსიო ქალაქის ერთ-ერთი მაღაზიის მენეჯერი გახდა. სწორედ ამ მაღაზიაში, დაკვირვების შედეგად აღმოაჩინა, რომ ძვირად ღირებული ტანსაცმლის მომხმარებლების ბაზარი ძალზედ ვიწროა. ატარებდა ექსპერიმენტებს: ბარსელონაში ხელმისაწვდომ ფასად ყიდულობდა ქსოვილებს და მის მიერ შეკერილი ტანსაცმელი ტოლს არ უდებდა ძვირად ღირებულ მაღაზიებში წარმოდგენილ საქონელს. ორტეგას მოდელები ადგილობრივ რითეილერებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ამ გზით მომავალმა მილიარდერმა საკუთარი საქმის წამოსაწყებად პირველი კაპიტალი დააგროვა.

27 წლის ასაკში ამანსიო ორტეგამ მეუღლესთან ერთად ტრიკოტაჟის ფაბრიკა გახსნა, რომელსაც Confecciones Goa ეწოდა.

ფაბრიკა სააბაზანოს ხალათებს, ღამის პერანგებსა და ქალის თეთრეულს აწარმოებდა. ერთხელ ორტეგამ მოდური და ძვირად ღირებული ბრენდის თეთრეული დააკოპირა. სწორედ ეს ფილოსოფია - ძვირფასი ნივთების კოპირება გახდა "ზარას" ბრენდის მომავალი წარმატების საფუძველი.

ბიზნესი სწრაფად არ ვითარდებოდა, მაგრამ მოულოდნელად, 1975 წელს პარტნიორმა ორტეგას თეთრეულის მსხვილი პარტია შეუკვეთა. ამ ბიზნესის გასაფართოვებლად მწარმოებელს მთელი თავისი კაპიტალის ჩადება მოუწია. იმავე წელს, მიღებული მოგებიდან ორტეგამ თავისი პატარა მაღაზია გახსნა და Zara დაარქვა.

„ზარას“ სახელად შერჩევა ძალზედ წარმატებული გამოდგა - იოლად დასამახსოვრებელი იყო და რაღაც ფრანგულთან ასოცირდებოდა. თავდაპირველად სურდა, ბრენდისთვის Zorba ეწოდებინა, მაგრამ ვერ დაარეგისტრირა და "ზარად" გადააკეთა.

"ზარას" საკვანძო ასპექტი გახდა ხარისხიანი ტანსაცმელი ხელმისაწვდომ ფასად ახალგაზრდებისთვისაც კი. სწორედ ამ ჯგუფზე მოახდინა აქცენტირება ორტეგამ. ფირმის კრედო პირველ წლიურ მოხსენებაში იყო აღწერილი: ”მოხდეს ტანსაცმლის ბაზრის დემოკრატიზირება. ჩვენ არ ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ მოდა - პრივილეგირებული კლასის ხვედრია და პირიქით, ვთავაზობთ ხელმისაწვდომ ტანსაცმელს ”ქუჩისთვის”. მაგრამ ისეთ ტანსაცმელს, რომელიც შთაგონებულია თანამედროვე ქალებისა და მამაკაცების გემოვნებით, სურვილებითა და სტილით”.

პირველი მაღაზიის გახსნიდან 10 წლის შემდეგ შეიქმნა Inditex Group, სადაც ყველა საწარმო გაერთიანდა, რომელიც „ზარას“ უზრუნველყოფდა. 80-იანი წლების დასაწყისში კი კომპანიის „პირველი მერცხლები“ ესპანეთის საზღვრებს გასცდა - „ზარა“ საზეიმოდ ჯერ პორტუგალიის ქალაქ პორტუში, შემდეგ პარიზსა და ნიუ იორკში, მოგვიანებით კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიხსნა.

ეს ერთჯერადი აქცია ყველასთვის უცნობი ესპანელი პროვინციელი მეწარმის ამბიციური გეგმების დემონსტრირება გახლდათ. ორტეგას მიერ წარდგენილი ასორტიმენტი იზიდავდა სუპერმოდური დიზაინითა და ამ კლასისთვის საკმაოდ დაბალი ფასებით. მაგრამ მას კიდევ ერთი ”საიდუმლო იარაღი” ჰქონდა - კოლექციები ელვის სისწრაფით იცვლებოდა: ასეთ ტემპებს ვერც ერთი მწარმოებელი ვერ ეწეოდა. ორტეგას მიერ შექმნილმა ე.წ. ფასთ-მოდამ ლა-კორუნიადან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტრიუმფალური სვლა დაიწყო.

ორტეგამ წარმოების მთელი პროცესი თავიდან ბოლომდე საკუთარ თავზე აიღო - დიზაინი, წარმოება, დისტრიბუცია, გაყიდვები. მოგვიანებით ესპანელ მილიარდერზე ავტორიტეტული Newsweek წერდა: „ორტეგამ შეძლო და ისეთი ძალაუფლება მოიპოვა ესპანეთში, რომ მეტსახელად ”ტერმინატორი” უწოდეს. მოდის სამყაროში, სადაც მიმართულება კვირას ნაჩვენები ბლოკბასტერის ან მადონას ახალი კლიპის მიხედვით იცვლება, არასაკმარისი სიჩქარე მომაკვდინებელია, და არავის აქვს ისეთი სიჩქარე, როგორც Zara-ს”.

ამანსიო ორტეგას ნამდვილი აღმავლობა 2001 წელს გადადგმულმა ნაბიჯმა მოუტანა: ესპანელმა მილიარდერმა “ინდიტექსის“ აქციების მეოთხედი ღია ბაზარზე განათავსა. მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ აქციების კურსი 22%-ით გაიზარდა, კომპანიის კაპიტალიზაცია მილიარდებს გასცდა, თავად ორტეგა კი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების კლუბში აღმოჩნდა.

”მაისის ერთ დილას ესპანეთის ქალაქ ლა-კორუნიაში 65 წლის ბატონი თავისი კაბინეტიდან გამოვიდა და ტელევიზორი ჩართო. 15 წუთში იმ კომპანიის აქციების საჯარო გაყიდვები დაიწყო, რომელიც მან ძალიან ახალგაზრდა ასაკში დააფუძნა... გაყიდვების დაწყებიდან პირველ წუთებში აქციების ფასი 26%-ით გაიზარდა, მიუხედავად ბირჟაზე შექმნილი საყოველთაო რთული სიტუაციისა. 30 წუთის შემდეგ, ამანსიო ორტეგას აქციათა 60% უკვე 6 მილიარდი დოლარი ღირდა და ორტეგამ ესპანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების კლუბში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა“, - წერდა Newsweek.

დუდანა ზაქარაია