კომპანია Google-ში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული ძებნის სისტემაა, კიდევ ერთმა ქართველმა დაიწყო მუშაობა.
24 წლის გიორგი მეგრელი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) მაგისტრატურის კურსდამთავრებულია, კომპანიის ლონდონის ფილიალში დასაქმდა.
თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი მეგრელმა გასულ წელს დაამთავრა. Google-ის რეკრუტერთან რვა 45 წუთიანი გასაუბრების, ტექნიკური კითხვებისა და პროგრამული კოდების წერის შემდეგ კი google-ში დასაქმდა.
„Google-ში მუშაობამდე დიდი და რთული გზა გავიარე. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჩემმა მეგობარმა გიორგი ფეიქრიშვილმა, რომელიც ჩემთან ერთად გადიოდა გასაუბრებას, გამიწია რეკომენდაცია, შემდეგ დამიკავშირდა რეკრუტერი და დაიწყო გასაუბრების პროცესი, რომელიც საკმაოდ სტრესული იყო. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ ესტონეთში ვმუშაობდი და პარალელურად სამაგისტრო ნაშრომს ვწერდი. ვცდილობდი, რომ დღეში 2-3 საათი გასაუბრებისთვის მემეცადინა. გვერდით მედგა ჩემი მეგობარი ნიკოლოზ გაბისონია, რომელიც Google-ში მუშაობდა და უკვე ჰქონდა გავლილი ეს პროცესი.
„გასაუბრებების პროცესი იმდენად რთული არ იყო ჩემთვის, რამდენადაც სტრესული, რადგან ასეთ დიდ კომპანიასთან პირველად მქონდა გასაუბრება და არ ვიყავი გამოცდილი. მქონდა 8 ტექნიკური გასაუბრება, თითო დაახლოებით 45 წუთიანი. ისინი მოიცავდა ტექნიკურ კითხვებს და დაფაზე ან google docs-ში პროგრამული კოდის წერას. ბოლო გასაუბრების შემდეგ, დაახლოებით 10 დღეში უკვე გავიგე, რომ ამიყვანეს,“-აღნიშნავს მეგრელი.
როგორც გიორგი მეგრელი იხსენებს, სტუდენტობამდე ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში სწავლობდა. პარალელურად კი IT ცენტრ „მზიურში“ დადიოდა, სადაც პროგრამირებას სწავლობდა.
მისივე თქმით, ამჟამად ლონდონში მეუღლესთან ანა ხულელიძესთან ერთად ცხოვრობს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც გიორგი მეგრელი ამბობს -„მინიმუმ კიდევ ერთი წელი ამ ქვეყანაში ვაპირებ გაჩერებას, შემდეგ კი ვნახოთ, შეიძლება რომელიმე სხვა ქვეყნის ოფისში გადავიდე სამუშაოდ. კომპანია Google-ის შეცვლას არ ვაპირებ, აქ ყველაფერი მომწონს, ატმოსფერო, კულტურა, თანამშრომლები".
წყარო: online.tsu.edu.ge