სასტუმროს მენეჯერობიდან სასტუმროების ყველაზე დიდი ქსელის დირექტორობამდე - „რუმსის“ დამფუძნებლის წარმატებული ისტორია

”ჩვენს ჯგუფში, ჩემი ჩათვლით, ბევრი კონკიას ისტორიაა,” - ასე იწყებს საკუთარი და ჯგუფის ისტორიაზე ლაპარაკს Adjara Group Hospitality-ის დირექტორი ვალერი ჩეხერია,

ახალგაზრდა იურისტი, რომელიც ჯერ არასამთავრობო სექტორში მუშაობდა, შემდეგ კი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. თუმცა გადაწყვიტა, რომ საქმიანობაში სათანადო წარმატების მისაღწევად საკმარისი განათლება არ ჰქონდა და ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში სახელმწიფო მმართველობის ფაკულტეტზე წავიდა სასწავლებლად.

”სწავლის დამთავრების შემდეგ ამერიკაშივე დავიწყე ბიზნესსაქმიანობა. თუმცა ეს არ იყო სასტუმროების ბიზნესი. შემდეგ მონაწილეობა მივიღე კვლევის მომზადებაში, სადაც უფრო იმიტომ მიმიწვიეს, რომ რუსულად თავისუფლად შემეძლო კომუნიკაცია. ეს იყო რეცესიის პერიოდი, როცა ძალიან გაუჭირდა ბიზნესს და მათ შორის სასტუმროებს. ჩვენი სასტუმროების ოპტიმიზაცია უნდა გაგვეკეთებინა და შეგვესწავლა, სად შეგვეძლო ეკონომიის გაკეთება. ინვესტორები უნდა მოგვეძიებინა და სპეციალური შეთავაზებები შეგვექმნა მოგზაურებისთვის. ეს ყველაფერი რუსულ ბიზნესსა და საზოგადოებაზეც იყო გათვლილი, რადგან რუსი მოგზაურები კარგ ფულს ხარჯავენ. სწორედ ეს იყო ჩემი პირველი საქმიანობა სასტუმროების მიმართულებით,” - ასე იხსენებს ამერიკაში გატარებულ პირველ პერიოდს ვალერი ჩეხერია.

ამერიკაში ყოფნისას შემთხვევით ”ჰოლიდეი ინნის” დამფუძნებელი გაიცნო და მოულოდნელად მისგან მიიღო შეთავაზება, დაბრუნებულიყო სამშობლოში და სათავეში ჩადგომოდა სასტუმროს მართვას. ვალერი დათანხმდა და მაშინვე დაიწყეს ფიქრი ახალი ბრენდის განვითარებაზეც.

5 წელია ვალერი ჩეხერია Adjara Group Hospitality-ს უდგას სათავეში და ამ ხნის განმავლობაში ჯგუფმა განვითარების გასაოცარ შედეგს მიაღწია. ”ჰოლიდეი ინნი” 86 ნომრიანი სასტუმროდან საქართველოში ყველაზე დიდ - 270-ნომერიან სასტუმროდ გადაკეთდა. ბაზარზე უკვე არსებობდნენ ძლიერი კონკურენტები, მათ შორის ორი ”მერიოტი”, ”შერატონ მეტეხი პალასი” და ახლადგახსნილი ”რედისონი”. ამ ბრენდებს შორის ბაზარზე სწორი პოზიციონირება იყო ახალი და ამავდროულად ახალგაზრდა მენეჯერის მთავარი მიზანი. სასტუმროების საფასო პოლიტიკა ალოგიკური იყო და ამ პრობლემის მოგვარება სწორედ ”ჰოლიდეი ინნის” სწორმა სტრატეგიამ შეძლო.

”დამხვდა ახალგაზრდა და ენთუზიაზმით სავსე გუნდი, რომლის გარეშეც არაფერი გამოვიდოდა. 22-23 წლისები იყვნენ და ვუთხარი, რომ ისინი უნდა ყოფილიყვნენ მენეჯერები და ამას აუცილებლად შეძლებდნენ. ვანახე სასტუმროები, რომლის მსგავსიც საქართველოში უნდა შეგვექმნა. ვუთხარი, რომ ”ჰოლიდეი ინნის” საშუალებით მომხმარებლის ნდობა და სიყვარული უნდა მოგვეპოვებინა და მომხმარებელი აუცილებლად მოვიდოდა ჩვენთან”, - იხსენებს ჩეხერია.

ჯგუფმა მიზანს მიაღწია. ამჟამად ”ჰოლიდეი ინნ” ერთადერთი ფრენჩაიზ სასტუმროა საქართველოში, რომელსაც ქართველი მენეჯმენტი მართავს. საქართველოს სასტუმრო შედის ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის ჯგუფში, სადაც პირველ ადგილზეა სტუმრების შეფასებებისა და აუდიტის დასკვნის მიხედვით. 5 წლის წინ, როდესაც ვალერი ჩეხერია ჯგუფს შეუერთდა, სასტუმრო 60-ეულში შედიოდა. მეორე წელს უკვე ათეულში გადაინაცვლა და სამი წელია პირველ პოზიციაზეა. ასეთია „ჰოლიდეი ინნის“ საერთაშორისო შეფასება.

”ჩვენი სასტუმრო განსაკუთრებით საყვარელია ტურისტული ჯგუფებისთვის, რადგან ბევრი ნომერი გვაქვს და განთავსება მარტივია. სპორტული ჯგუფებისთვის ექიმის მიერ შედგენილი სპეციალური მენიუ გვაქვს. ჩვენი ლაუნჯი იყო პირველი ქოუვორქინგ სივრცე საქართველოში და ჩვენ შევძელით, დასტრესილი ადამიანები ოფისიდან გამოგვეყვანა. აქტიურად ვავითარებთ MICE ტურიზმს ჩვენი საკონფერენციო დარბაზების საშუალებით. კლიენტების 60% ბიზნეს მოგზაურები არიან, 40% კი - ტურისტები,” - ამბობს ვალერი ჩეხერია.

”სიმბოლურია, რომ აქ იყო კარგი სასტუმრო და ჩვენ ეს ტრადიცია გავაგრძელეთ”, - დასძენს ის.

”ჰოლიდეი ინნის” წარმატების შემდეგ ჯგუფი დადგა ახალი გამოწვევის წინაშე. მათ უნდა შემოეყვანათ ახალი საერთაშორისო ბრენდი ან შეექმნათ ადგილობრივი, რომელსაც თავად აქცევდნენ საერთაშორისო ბრენდად. შედეგად შეიქმნა ყაზბეგის ”რუმსი”.

”ეს არის ადგილი, რომელმაც საქართველო კიდევ ერთხელ დააფიქსირა მსოფლიო რუკაზე. შევქმენით სასტუმრო, სადაც არის კომფორტი და პარალელურად, ყაზბეგის კლიმატი და მთის ცხოვრება იგრძნობა. სასტუმროს ნომრები სპეციალურად არ გავაკეთეთ მაქსიმალურად კომფორტული, რომ სტუმრებმა მეტი დრო გაატარონ ტერასაზე ან ლობიში და მეტი კომუნიკაცია დაამყარონ ერთმანეთთან. გვაქვს საინტერესო ბიბლიოთეკა”, - ამბობს ჩეხერია.

156-ნომრიანი სასტუმროს გახსნა ყაზბეგში ჯგუფის მხრიდან სარისკოც იყო, თუმცა წარმატების სჯეროდათ და მანაც არ დააყოვნა.

”ამ ადგილით იწამლები,” - ამბობს ჩეხერია, რომელმაც შემდეგ ეტაპზე ”რუმსის” თბილისში გახსნა გადაწყვიტა. ეს არის 130-ნომრიანი სასტუმრო, რომელიც განსაკუთრებული ინტერიერით გამოირჩევა და მუდმივად მოთხოვნადია.

”რუმსის” პოპულარობამ ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ 2017 წლის ბოლო კიდევ ერთი სასტუმრო ბათუმში გაიხსნება. თუმცა ეს იქნება სრულიად განსხვავებული კონცეფციის სასტუმრო, რომელსაც ექნება ველური ჯუნგლების მსგავსი ტერიტორია, სადაც ბუნგალოები გაკეთდება და სტუმრებს გართობა და დარჩენა შეეძლებათ. თავად სასტუმრო ქალაქში იხსნება. მისი ბუნგალო კი ცოტა მოშორებით, ზღვის ნაპირზე გაიშლება.

თუმცა ბათუმის ”რუმსის” გახსნამდე, ჩეხერიამ სრულიად ახალ სეგმენტში - ჰოსტელების ბიზნესში შესვლა გადაწყვიტა. შეიქმნა ქართული ბაზრისთვის განსხვავებული სივრცე ”ფაბრიკა”.

”სეგმენტალურად ძალიან განვვითარდით. მომხმარებელს ვთავაზობთ ყველა ტიპის პროდუქტს - იაფი ჰოსტელიდან დაწყებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმროთი დასრულებული. ჰოსტელის საშუალებით, მოვიზიდავთ ახალგაზრდებს, რომლებიც ლოიალური კლიენტები გახდებიან და სამომავლოდ უკვე სასტუმროებში გაჩერდებიან. ჰოსტელი ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მოგაზაურებისთვის. რეგიონიდან ჩამოსულ ქართველს საშუალება აქვს იაფად გაათიოს ღამე თბილისში და არ შეაწუხოს ახლობელი. სტუმრებს შეუძიათ ისარგებლონ ინტერნეტით, მოუსმინონ სასიამოვნო მუსიკას, მიიღონ განათლება, რადგან აქ ბევრი ღია ლექცია ტარდება, მიირთვან შეღავათიან ფასად ან უბრალოდ დაისვენონ. მოკლედ, ეს არის განათლებისა და კულტურის მექა. აქ კარგად ჩანს რეალური თანამედროვე თბილისი თავისი საბჭოური გადმონაშთით. საბჭოური არქიტექტურის დანგრევა არ ჩავთვალეთ საჭიროდ. მე დღეს მეამყება, რომ ამ ყველაფერმა გაამართლა,” - ამბობს ჩეხერია.

Adjara Group Hospitality თბილისში კიდევ ორ ახალ სასტუმროზე მუშაობს. 5-ვარსკვლავიანი ”ინტერკონტინენტალი” წლის ბოლომდე დასრულდება. ეს არის ”ინტერკონტინენტალის” პირველი ფრენჩაიზ სასტუმრო, რომელიც 105 ნომრიანი იქნება. მეორე მხრივ, იქმნება ახალი ქართული ბრენდი, რომლის სახელიც ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი.

”ახალი სასტუმრო იქნება ”რუმსსა” და ”ინტერკონტინენტალს” შორის. ”რუმსის” გაზრდა არ გვინდა, რადგან ის დაკარგავს საკუთარ ბრწყინვალებას, როგორც კი 250 ნომრიანი გახდება. ახალ სასტუმროს 150-მდე ნომერი ექნება. გვექნება დიდი ქოუვორქინგ სივრცე, საკონფერენციო დარბაზები და ღია აუზი,” - ამბობს ჩეხერია.

მისი თქმით, ჯგუფში აქტიურად განიხილავენ კახეთში სასტუმროს გახსნის საკითხსაც.

Adjara Group Hospitality მხოლოდ სასტუმროების სექტორში არ საქმიანობს. მათ შექმნეს პატარა ავიაკომპანია ”ავიატორი”, რომელიც მომხმარებლებს საჰაერო ტაქსით მომსახურებას სთავზობს. მიზანი კი ქალაქების უფრო სწრაფად დაკავშირება იყო, რისი საჭიროებაც ქუთაისიდან 14 მიმართულებით პირდაპირი ფრენების დანიშვნის შემდეგ გაჩნდა.

”მიგვაჩნია, რომ საქართველოში ტურიზმის და სასტუმროების ბიზნესის განვითარება დიდად არის დამოკიდებული ქართულ საკვებზე. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვახერხოთ მისი გათანამედროვება. ვაკეთებთ დიდ კვლევას პროდუქტების კომბინაციაზე ისე, რომ კუჭის დამძიმება არ მოხდეს. გვინდა, მომხმარებელს შევთავაზოთ საკვები, რომელიც კი არ დაამძიმებს და ძილს მოანდომებს, არამედ მოტივაციას შეუქმნის, რომ ლანჩისა თუ სადილის მერე სასტუმროდან გავიდეს, ახლი დეტალები აღმოაჩინოს საქართველოში და გაერთოს,” - ამბობს ჩეხერია.

სასტუმროებში გამოყენებული პროდუქციის 90% ქართულია.

”ქართულ პროდუქტზე მოთხოვნით ფერმერობის პოპულარობაც იზრდება,”- დაამატა მან.

ვალერი ჩეხერია მიიჩნევს, რომ მისი როგორც დირექტორის მთავარი სირთულეა, 2 000-მდე თანამშრომელს შეუქმნას ისეთი პირობები, რომ სამსახურში მისვლა უხაროდეთ.

”ბედნიერი ადამიანის გაკეთებული საქმე არის კარგი სერვისი, კარგი მასპინძლობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა თანამშრომელს მივცე განვითარებისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება. ჩემს საქმიანობაში გარე სირთულეებიც ბევრია, რომლებიც წლიდან წლამდე იცვლება. ეს ნიშნავს, რომ პრობლემა უკვე მოვაგვარეთ და ახალი გამოწვევების წინაშე დავდექით. ვისურვებდი, რომ მეტი ფრენა იყოს. შედეგად ფასები უფრო რეგულარული და ლოგიკური გახდება. დღეს თბილისი ძვირიან ქალაქად ითვლება და ესეც უნდა შეიცვალოს, რეალურს უნდა მიუახლოვდეს. ინფრასტრუქტურა მეტად უნდა მოწესრიგდეს. თუმცა ამ ყველაფრის მოგვარებაში დიდი როლი თავად ბიზნესმა უნდა ითამაშოს. ჩვენ უნდა შევქმნათ თანამედროვე პროდუქტები. ახალგაზრდები, რომლებიც გაიზრდებიან გარემოში, სადაც არის ”რუმსი”, ”ფაბრიკა” და სხვა ბევრი საინტერესო პროექტი, უფრო განვითარებულები იქნებიან. თბილისი ჩემს ბავშვობაში რომ ყოფილიყო ისეთი, როგორიც ახლაა, ბევრად უფრო მეტს მივაღწევდი. ამაში დარწმუნებული ვარ,” - ამბობს ვალერი ჩეხერია.

ნანა მღებრიშვილი