როგორ გახდა 30 წლის ირაკლი ჯიბლაძე ავსტრიის უმსხვილეს საბანკო ჯგუფის თანამშრომელი

30 წლის ირაკლი ჯიბლაძე ერთადერთი ქართველია, რომელიც ავსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს საბანკო ჯგუფში Erste Bank-შია დასაქმებული. როგორც მან „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ბანკში რამდენიმე თვის წინ დაიწყო მუშაობა.

„2016 წლის გაზაფხულზე გავგზავნე აპლიკაცია, რომელიც რეზიუმეს და სამოტივაციო წერილს მოიცავდა. ამის შემდეგ მქონდა ორი საკმაოდ ხანგრძლივი გასაუბრება, ერთი სატელეფონო და მეორე ვიდეო ჩართვით შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან. ივლისში კი ოფიციალური მოწვევა მივიღე“, - ამბობს ირაკლი ჯიბლაძე, რომელიც ავსტრიულ ბანკში რისკების მართვის მიმართულებით, კერძოდ, Group Risk Data and Reporting-ის დეპარტამენტში მუშაობს.

ირაკლი ჯიბლაძისთვის ეს საზღვარგარეთ მუშაობის პირველი გამოცდილებაა.

„ამჟამად ბანკში დიდი პროექტი მიმდინარეობს, რომელიც ჯგუფის წევრ ყველა ბანკში მონაცემთა მართვის სისტემების დახვეწასა და გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ჩემი ძირითადი მოვალეობებიც ახალი რეპორტების შექმნასა და დანერგვას, არსებული სისტემების გაუმჯობესებას და სხვა მსგავს საკითხებს უკავშირდება“, - ამბობს ირაკლი ჯიბლაძე.

Erste ბანკში გადმოსვლამდე საქართველოში სს „იშბანკი საქართველოს“ რისკების მართვის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. მისთვის Erste ბანკში მუშაობა პროფესიული ზრდის, რეალიზებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესანიშნავი საშუალებაა.

„ავსტრიულ და ქართულ საბანკო სისტემას შორის განსხვავებაზე თუ ვისაუბრებთ, პირველ რიგში ეს მასშტაბებია. ამასთან, Erste ბანკშიც და ზოგადად საბანკო სექტორში დასაქმებულებისთვის არსებობს უამრავი შეღავათები, ე.წ. ბენეფიტები, სამუშაო გარემო მაქსიმალურად კომფორტზე ორიენტირებულია. ზოგადად, თანამშრომელთა უფლებები ძლიერადაა დაცული,“-ამბობს ირაკლი ჯიბლაძე.

ავსტრიული Erste Bank 1819 წელს დაარსდა. ბანკი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც არის წარმოდგენილი.