ნინუცა ნანიტაშვილი, რომელმაც 24 წლის ასაკში შეძლო და საქართველოს სახელი მსოფლიოს ტექნოლოგიურ სამყაროს გააცნო, ამჟამად, „ტრაქტორის“ მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებას ხელმძღვანელობს და ცდილობს, ფერმერები უკეთ დააკავშიროს ციფრულ სამყაროს.
„ტრაქტორის“ ისტორია ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც, „ელვას“ გუნდის წევრებმა ფერმერებისთვის საგანმანათლებლო ვიდეო-ინსტრუქციების გაკეთება დაიწყეს და ამ წამოწყებას „მოსავალი“ დაარქვეს.
”საპილოტე პროექტმა დიდი დაინტერესება გამოიწვია ფერმერებში, რამაც გადაგვაწყვეტინა, რომ მათთვის მეტი მომსახურება და ფუნქცია შეგვეთავაზებინა. ასე განჩდა ”ტრაქტორის“ ანუ ფერმერთა პირველი ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის შექმნის იდეა. პლატფორმას უფასო რჩევებისა და კონსულტაციების პარალელურად აქვს ონლაინ მაღაზია, სადაც ფერმერები სასოფლო-სამეურნეო საშუალებებს ყიდულობენ სახლიდან გაუსვლელად. ერთი შეხედვით, შეიძლება თამამ განცხადებად მოგეჩვენოთ, რომ ყველაზე „ტრადიციული“ პროფესიის ადამიანებს ელექტრონული კომერციისა და ონლაინ სწავლების საშუალებას ვთავაზობთ. თუმცა, დღეს ისე, როგორც არასდროს, ყველაზე მარტივად შეგვიძლია მივწვდეთ ფერმერებს ონლაინ. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ სულ რაღაც ერთ თვეში სამი ათასზე მეტი მომხმარებელი გვყავს და რამდენიმე შეკვეთაც დაფიქსირდა საქართველოს სხვადასხვა წერტილიდან,“ - განმარტავს ნინუცა.
ნინუცა ნანიტაშვილი, რომელიც დღეს საქართველოს ტექნოლოგიების სფეროს ერთ-ერთი წარმატებული წარმომადგენელია, წლების წინ თავს ამ სფეროში ვერც კი წარმოიდგენდა და არც ტექნიკური განათლება მიუღია უნივერსიტეტში, რასაც ძალიან ნანობს. საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი 2011 წელს ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების, ტექნოლოგიების და კავშირგაბმულობის დეპარტამენტში მოხვდა სტაჟიორ-კონსულტანტად. მისი ტექნოლოგიებით დაინტერესება სწორედ იქ დაიწყო.
”იმ დროს დეპარტამენტი აქტიურად მუშაობდა ტექნოლოგიურ გიგანტებთან, მათ შორის ”გუგლთან”, ”ეფლთან”, ”ფეიფალთან” საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე. მე კი, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჩავერთე ამ ყველაფერში და მივხვდი, რომ ტექნოლოგიები ძალიან მაინტერესებდა. იმ პერიოდში გავეცანით ”გუგლის” ინიციატივას, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ”გუგლის დეველოპერების ჯგუფის” იგივე GDG სახელით არსებობდა. ასეთი ჯგუფი საქართველოში მე და გიორგი ტყეშელაშვილმაც დავაარსეთ მოხალისეობრივად. მაშინ 2011-2012 წლებში, საქმიანობის პირველი თვეები ძალიან რთული იყო. Facebook ჯგუფებიც კი არ არსებობდა, სადაც დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის დაანონსებას შევძლებდით. ბევრმა არ იცოდა, რა იყო ჰაკათონი, არ არსებობდა შემოქმედებითი სივრცეები, სადაც თავისუფალი სტილის შეხვედრის ჩატარება შეიძლებოდა, ნაკლები იყო კერძო კომპანიების მხრიდან მხარდაჭერაც. ძალიან მიხარია, რომ დღეს სულ სხვა სიტუაციაა“, – ამბობს ნინუცა.
საქართველოს დეველოპერების ჯგუფი იმდენად აქტიური აღმოჩნდა, რომ ნინუცა არაერთხელ მიიწვიეს ”გუგლის” სათავო თუ სხვა ქვეყნის ოფისებში სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. აქტიურ ჯგუფებს შორის საქართველო წლების განმავლობაში ათეულშიც კი შედიოდა.
”მიზანს ნამდვილად მივაღწიეთ და საქართველოს სახელი საერთაშორისო ტექნოლოგიურ ასპარეზზე გავიტანეთ. პრობლემები კვლავაც არსებობს, მაგალითად, ანდროიდის ბაზარი ჯერ კიდევ არ არის სრულად ღია და აპლიკაციის შემქმნელი ქართველი დეველოპერები კომერციალიზაციას ვერ ახდენენ. ამ საკითხის გადაჭრასაც ვცდილობთ, მაგრამ მარტივი ნამდვილად არაა. კორპორაციაში, სადაც 50 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ბიუროკრატიაც არსებობს. სამაგიეროდ, წინსვლაა Google Translate-ის კუთხით. შექმნილია გუნდი, რომელიც სიტყვებს ლოკალიზაციას უკეთებს. შედეგად თარგმანი ცალსახად გაუმჯობესდა. ასევე წინსვლაა რუკების მიმართულებით”, - ამბობს ნინუცა.
ამჟამად ”გუგლის დეველოპერების ჯგუფი” ნაკლებად აქტიურია, რადგან ქვეყანა ამ მიმართულებით განვითარდა, ცნობიერება გაიზარდა და ხშირი ღონისძიებების საჭიროება აღარ არის. თუმცა ნინუცასა და ამ ჯგუფის დამსახურებაა, რომ 2015 წელს ”გუგლმა” საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„ტრაქტორის“ და „გუგლის დეველოპერების ჯგუფის“ გარდა, ნინუცა არაერთ სხვა პროექტშია ჩართული. კოლეგებთან ერთად მუშაობს ინიციატივაზე, რომელიც ქართველ, აფხაზ და სომეხ ახალგაზრდებს ურთიერთობის ახალ პლატფორმას შეუქმნის. ეს გარკვეულწილად აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების დამაკავშირებელი თამაშების გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს. პროექტის ფარგლებში ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიები და 360 გრადუსიანი ვიდეოები იქნება გამოყენებული ამბის თხრობის საშუალებად, რომელიც ქართველი, აფხაზი და სომეხი ახალგაზრდების ურთიერთობის, მეგობრობის და ინტერაქციის პლატფორმა გახდება.
2016 წელს ნინუცა ნანიტაშვილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ახალგაზრდა ლიდერების ჯილდო გადასცა. ნინუცასთვის ეს ჯილდო გამორჩეულია. თუმცა ამბობს, რომ მისთვის ჯილდოზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოში დაჯილდოებაზე წარსადგენად ის შეარჩიეს. ამავე წელს, ევროკომისიის აღიარებაც მიიღო, რომელიც იმ გოგონებსა და ქალებს გამოარჩევდა, რომლებიც ტექნოლოგიებს სოციალური სარგებლისთვის იყენებენ. გასული წელი იმითიც აღმოჩნდა ნინუცას ცხოვრებაში განსაკუთრებული, რომ ჟურნალ FORBES-ის კონფერენციაზეც მიიწვიეს მომხსენებლად, სადაც მისი და მისი გუნდის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
„კარიერის საწყის ეტაპზე თავად ვცდილობდი საკუთარი თავის წარმოჩენას, ბოლო 2 წელია კი სხვები მიკავშირდებიან და მეუბნებიან, რომ ამა თუ იმ ნომინაციაზე ვარ წარდგენილი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება, აკეთებდე საქმეს რაც გიყვარს და ამავდროულად, სხვები აფასებდნენ ამას“, - განმარტავს ნინუცა.
ცხოვრების მთავარ გამოწვევად და ამავდროულად, მიღწევად საკუთარი თავისა და საყვარელი საქმიანობის პოვნას მიიჩნევს. მისი თქმით, თავის დროზე მოხალისედ ”გუგლის დეველოპერების ჯგუფში” რომ არ ჩართულიყო, შეიძლება ახლა სულაც არ ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის. ამიტომაც ყველას ურჩევს, რომ თავი ბევრ საქმეში გამოსცადონ და აუცილებლად აღმოაჩენენ რეალურ "მე"-ს.
”მოხალისეობით განსაკუთრებით დიდი და საინტერესო გამოცდილების დაგროვება შეუძლიათ ახალგაზრდებს. მოგზაურობაც კარგია ახალი იდეებისათვის. ამისთვის აუცილებელი არაა, ქვეყნის საზღვრებს გავცდეთ. საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და საუბარი მიზნის სწორად დასახვასა და ცხოვრების კარგად დაგეგმვაში გეხმარება. მიხარია, რომ ამ პერიოდში და ასეთ გარემოში ვარ ახალგაზრდა, როდესაც ამდენი რამ ხდება გარშემო და ამდენის შანსს გაძლევს გარემოცვა. ყველას ვურჩევ, რომ მიიღონ მაქსიმალურად ბევრი შეთავაზება, არ შეეშინდეთ ახალი პროფესიის დაუფლების და საინტერესო საქმის დაწყების, თუნდაც ეს საქმე სრულიად არაანაზღაურებადი იყოს”, - ამბობს ნინუცა ნანიტაშვილი.
ნანა მღებრიშვილი