23 წლის ქართველმა ბოსტონში ტექნოლოგიური კომპანია დააფუძნა

ბოსტონში მცხოვრებმა ქართველმა ახალგაზრდამ, 23 წლის არჩილ ჭეიშვილმა მეგობრებთან ერთად, ტექნოლოგიური კომპანია Palatine Analytics დააფუძნა.

კარიერულ წინსვლამდე იყო ჰარვარდის უნივერსიტეტი, სადაც არჩილი პირველი ქართველი ბიჭი იყო, რომელიც უნივერსიტეტის ბაკალავრიატზე სწავლობდა.

საქართველოს შემდეგ სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულებით განაგრძო, სადაც დაახლოებით 300 000 დოლარიანი სტიპენდია მოიპოვა.

”ბავშვობიდან მქონდა ოცნება, რომ ხალხის ცხოვრება უკეთესობისკენ შემეცვალა. ოცნების მისაღწევად ვიცოდი, რომ კარგი განათლება დამჭირდებოდა. ღმერთის, ოჯახის, მასწავლებლებისა და მეგობრების დახმარებით ჰარვარდის უნივერსიტეტში მოვხვდი. როდესაც ჰარვარდში ჩავედი, შესასვლელ კარიბჭეზე ეწერა „შედი, რომ სიბრძნეში გაიზარდო“. ამ შეგონებამ მეტი მოტივაცია მომცა, რომ უნივერსიტეტისგან რაც შეიძლება მეტი მიმეღო”, - ამბობს არჩილ ჭეიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

ჰარვარდში სწავლის პარალელურად, არჩილი უნივერსიტეტში სამი სტუდენტური ორგანიზაციის პრეზიდენტი იყო, მათ შორის ერთ-ერთის დამფუძნებელი თავადაა, იგი ასევე ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დიდი სტუდენტური ორგანიზაცია Harvard College Entrepreneurship Forum-ის წევრი იყო.

”ლიდერის პოზიციის დაკავება პირველი კურსიდან მინდოდა. გადავწყვიტე, რომ ჩემი კურსელები ისეთი იდეის გარშემო შემეკრიბა, რომელიც მაინტერესებდა და გამეკეთებინა სტუდენტური ორგანიზაცია. ერთ კვირაში შევქმენი გუნდი და დავაფუძნე ორგანიზაცია, რომელსაც ”ევროპული ბიზნეს ჯგუფი” ჰქვია. ორგანიზაცია ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფია ჰარვარდში. ასევე მეწარმეთა ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი ვიყავი კლუბის ისტორიაში”, - გვიყვება არჩილ ჭეიშვილი.

მესამე კურსის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ეკონომისტმა მუშაობა მსოფლიოს ყველაზე დიდ ჰეჯ-ფონდში ”Bridgewater Associates” დაიწყო. ის კომპანიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი იყო და საფონდო ბირჟაზე ინვესტიციებს ახორციელებდა. არჩილ ჭეიშვილს ამ სფეროში გამოცდილება უკვე ჰქონდა, რადგან საფონდო ბირჟაზე ინვესტირება 14 წლიდან დაიწყო.

”ეს იყო 2007 წელს, როდესაც მსოფლიოში ეკონომიკური ბუმი იყო. ამ წელს ჩემმა ფინანსურმა პორტფელმა დიდი მოგება ნახა. თუმცა შემდგომ, 2008 წელს ეს მოგება ფინანსურმა კრიზისმა დაჩრდილა. 2008 წლის მოვლენებმა მასწავლა, რომ არასდროს უნდა იყო ზედმეტად თვითდაჯერებული. აუცილებელია იცოდე, თუ რა არ იცი, საფონდო ბირჟის შესახებ სხვებისგან დამოუკიდებელი მოსაზრებები გქონდეს და შენი მოსაზრებები ყოველთვის, რაც შეიძლება ჭკვიან ადამიანებთან გამოსცადო”, - ამბობს არჩილ ჭეიშვილი.

ამ ეტაპზე არჩილი ბოსტონში ტექნოლოგიური კომპანია Palatine Analytics-ის დირექტორი და თანადამფუძნებელია.

”კომპანია ჩემს უნივერსიტეტელებთან ერთად შევქმენი, რომლებიც ჰარვარდში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ინჟინრები იყვნენ და Google-სა და Facebook-ში მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ. ჩვენი კომპანია მომავლის თაობის ხელოვნურ ინტელექტს ავითარებს, რომელიც სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების გაგებაში ეხმარება. ჩემი მიზანია, შევქმნა გლობალური ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ხალხის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის”, - ამბობს არჩილ ჭეიშვილი.

არჩილ ჭეიშვილი ”ბიზნესპრესნიუსთან” წარმატებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ წარმატება არის ცხოვრებისგან იმის მიღება, რაც გინდა და ამის მისაღწევად მიზნების დასახვაა საჭირო.

”მიზნები მოგცემს მიმართულებას, თუ საით წახვიდე და რა გააკეთო. მიზნის მიღწევის დროს შეგხვდება პრობლემები. პრობლემები იწვევს ტკივილს, რომელიც არის სიგნალი, რომ ლიმიტებს ვუახლოვდებით. ყველაზე რთულია ჩახედო თვალებში რეალობას და გაიაზრო, თუ რა სისუსტეები გაქვს. თუმცა ეს აუცილებელია იმიტომ, რომ სისუსტეების აღმოსაფხვრელად პირველ რიგში საჭიროა აღიარო, თუ რა სისუსტეები გაქვს. შემდგომ უნდა გავაკეთოთ პრობლემების სწორი დიაგნოზი. შემდგომ უნდა შევიმუშაოთ გეგმა, თუ როგორ აღმოვფხვრათ ეს პრობლემები. ბოლოს, ამ გეგმის შემართებით შესრულებით მივაღწევთ წარმატებას”, - ამბობს არჩილ ჭეიშვილი.

თათია ახვლედიანი

23-year-old Georgian student founds technological company in Boston