27 წლის თეონა დევიძე ევროპაში ცნობილი სადაზღვევო კომპანიის იურისტია

თეონა დევიძე გერმანიასა და ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი სადაზღვევო კომპანის ”ROLAND Rechtsschutz-Versicherungs-AG” იურისტია. საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ თეონა დევიძემ მაგისტრის ხარისხის მიღება გერმანიაში, საკუთარი სახსრებით გადაწყვიტა.

თეონა დევიძე იურისტობაზე ყოველთვის ოცნებობდა. სწორედ ამიტომ ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდეგ კი გერმანიაში, პოტსდამის უნივერსიტეტში, შრომისა და სოციალური სამართლის მიმართულებით სწავლობდა.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გამიზნულად ჩავაბარე და ამით ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ამისრულდა. თსუ-მა მასწავლა დროის მიზანმიმართულად გამოყენება, და პროფესიული წინსვლის ბაზისი შემიქმნა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელების მიზნით გერმანიაში, ბერლინში წავედი. იმის გამო, რომ ქართული სამართლის სისტემა გერმანული სამართლის სისტემას ეფუძნება, შესაბამისად გერმანულ სამოქალაქო სამართალსა და ქართულ სამოქალაქო სამართალს შორის ძალიან მჭიდრო კავშირია. აქედან გამომდინარე ყოველთვის ვოცნებობდი მაგისტრატურაში სწავლა გერმანიაში გამეგრძელებინა. გერმანია არის ქვეყანა, რომელიც მინიმალური ფინანსებით შესაძლებლობას გაძლევს მაქსიმალურად მაღალკვალიფიციური ცოდნა მიიღო”, - ამბობს თეონა დევიძე.

როგორც თეონა დევიძე ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას ამბობს, პირველი წელიწად-ნახევარი ძალიან რთული იყო.

”წარმოიდგინეთ, რომ ენას საფუძვლიანად არ ფლობთ და მიდიხართ ქვეყანაში, სადაც აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი უცხოა. იმის გამო, რომ გერმანულს მაღალ დონეზე არ ვფლობდი და უნივერსიტეტში სასწავლებლად ენის ცოდნა მშობლიური ენის დონეს უტოლდება, წელიწადნახევრის მანძილზე, კვირაში ხუთი დღე, კერძო სკოლაში, გერმანული ენის სიღრმისეულად დაუფლება მიხდებოდა და როგორც ყველა სხვა სტუდენტი პარასკევი, შაბათი, კვირა მიმტანად ვმუშაობდი. სოციალური გარემოდან გამომდინარე ჩემს თავს თვითონ ვიფინანსებდი. საქართველოში საშუალო ოჯახისათვის სტუდენტი შვილის საზღვარგარეთ სწავლის საფასურის უზრუნველყოფა უბრალოდ შეუძლებელია”, - გვიყვება იურისტი.

თეონა დევიძე ენის კურსების გავლის შემდეგ პოტსდამის უნივერსიტეტის ბაზაზე ჩაირიცხა. 6 თვის განმავლობაში იურიდიულ ენას სწავლობდა, გამოცდის ჩაბარების შემდეგ კი ბიზნეს სამართალზე ჩაირიცხა, თუმცა მაღალი გადასახადის გამო, რომელიც 3 000 ევროს შეადგენდა, მიმართულება შეიცვალა და შრომისა და სოციალური სამართალი აირჩია. სწავლის პარალელურად, სხვადასხვა იურიდიულ კომპანიაში მუშაობდა, ასევე სტაჟირება გაიარა გერმანიაში საქართველოს საელჩოში.

”ბევრი სტუდენტის მსგავსად, სწავლის პერიოდში მუშაობა მიხდებოდა. მაგრამ აქ ან უნდა ისწავლო და ან უნდა იმუშაო, ორივე ერთად ამ ქვეყანაში წარმოუდგენელია. ამის გამო სტუდენტური კრედიტის აღება მომიხდა, თუმცა განათლებაში ინვესტიციის ჩადება აუცილებლად ღირს. მაგისტრატურაზე სწავლის პარალელურად, ბერლინის სხვადასხვა ადვოკატურაში, გერმანელ ადვოკატებთან ერთად, ადვოკატის დამხმარედ ვმუშაობდი. ამის შემდეგ იყო საქართველოს საელჩო გერმანიაში, სადაც 3-თვიანი პრაქტიკები გავიარე. საელჩოში მიღებულმა პრაქტიკულმა ცოდნამ, დიპლომატიურ სამყაროს უშუალოდ გაცნობამ კიდევ უფრო შემმატა თავდაჯერებულობისა და მიზანსწრაფულობის შეგრძნება”, - ამბობს იურისტი.

თეონა დევიძე ახლა გერმანიასა და ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი და წარმატებული სადაზღვევო კომპანია ”ROLAND Rechtsschutz-Versicherungs-AG”-ის უმცროსი მრჩეველი იურისტია.

”იმის გამო, რომ ეს სფერო ძალიან მაინტერესებდა და სადაზღვევო კომპანია დაახლოებით 2 000 თანამშრომელს აერთინებს, მქონდა სურვილი, გამოცდილება ამ დიდ კონცერნში მიმეღო. მომავალისთვის ვფიქრობდი, რომ სადაზღვევო კომპანიაში მიღებული გამოცდილება წარმატებაში უფრო დამეხმარებოდა, ვიდრე საადვოკატო ბიუროში თანაშემწედ მუშაობა. ROLAND Rechtsschutz-Versicherungs-AG-ში მუშაობა ყოველთვის პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. არა მატო მანდანტებთან, არამედ პასუხისმგებლობა უშუალოდ კონცერნთან. ასე მოხდა ცოტა ხნის წინ, როდესაც უფროსი იურისტის პოსტის დაკავება მომიხდა ორი კვირით. პასუხისმგებლობის გაასმაგებული გრძნობა საკუთარი პროფესიონალიზმის შეფასების საუკეთესო საშუალებაა”, - განაცხადა თეონა დევიძემ.

იურისტმა ”ბიზნესპრესნიუსთან” საზღვარგარეთ თავის დამკვიდრების სირთულეებსა და წარმატებისთვის მნიშვნელოვან თვისებებზეც ისაუბრა.

”უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება ძალიან დიდ დაბრკოლებებთან ერთად, საკმაოდ გრძელი და ხანგრძლივი პროცესია. ის რომ გაქვს ენის, კულტურის, თვითმყოფადობის, მსოფლმხედველობის სხვაობა რთულია, მაგრამ შესაძლებელია მოერგო და აჰყვე იმ ქვეყნისა და საზოგადოების რიტმს, რომელიც დიდ შესაძლებლობებს გაძლევს და თითოეულ შენში ჩადებულ შრომას გიფასებს. წარმატებისთვის მნიშვნელოვანია შრომა და მცდელობა, სრულად გამოიყენო შენი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები”, - ამბობს იურისტი თეონა დევიძე.

თათია ახვლედიანი