ახალგაზრდა ქართველი ეკონომისტი, რომელიც ლონდონის ბრინჯის უმსხვილეს საწარმოში მუშაობს

26 წლის მატა შველიძე ლონდონში, ბრინჯის უმსხვილეს საწარმოში Tilda Rice Сompany, ბიზნესის განვითარების სპეციალისტად მუშაობს.

საქართველოში, ”შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ეკონომიკის ინგლისურენოვანი მიმართულების დასრულების შემდეგ სწავლა დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემის უნივერსიტეტში გააგრძელა.

მატა შველიძე ლონდონში საქმიანობის პარალელურად აქტიურად თანამშრომლობს ქართულ მხარესთან. ახალგაზრდა ეკონომისტი ”ბიზნესპრესნიუსს” თავისი საქმიანობისა და გამოციდილების შესახებ ესაუბრა.

მატა შველიძის თქმით, ყოველთვის იცოდა, რომ ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, რომლებიც ექიმები არიან, სხვა პროფესიას აირჩევდა და ამ მიმართულებაში წარმატებული იქნებოდა.

”განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატების მისაღწევად. სკოლის დასრულების შემდეგ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტზე გავაკეთე არჩევანი, სადაც მიღებული ცოდნა, ინგლისში სწავლის პროცესში ძალიან დამეხმარა. ინგლისში, ბირმინგემის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება ბაკალავრიატის დასრულებისთანავე გადავწყვიტე, თუმცა უნივერსიტეტისგან უარი მივიღე, რადგან მათ ასაკობრივ მოთხოვნებს ვერ ვაკმაყოფილებდი. მაშინ გადავწყვიტე, უნივერსიტეტი დამერწმუნებინა, გამონაკლისი დაეშვათ. ერთი თვის განმავლობაში უნივერსიტეტის ყველა დეპარტამენტში განუწყვეტლივ ვრეკავდი და მეილებს ვგზავნიდი. შედეგად უნივერსიტეტისგან მაგისტრატურაზე ჩარიცხვის წერილი მივიღე და სწავლა ბირმინგემის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების განხრით გავაგრძელე”, - გვიყვება მატა შველიძე.

ახალგაზრდა ეკონომისტის კარიერული წინსვლა საქართველოში სწავლის პერიოდში დაიწყო. თავდაპირველად საქართველოს პარლამენტში, ეკონომიკურ კომიტეტში, სტაჟირებაზე იყო, ასევე ”ბანკ რესპუბლიკაში” კონსულტანტად მუშაობდა. ლონდონში სწავლის გაგრძელების პარალელურად უნივერსიტეტში ასისტენტის პოზიციაზე მუშაობდა და ყველა აქტივობაში იყო ჩართული. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, მატა ლონდონში აუთსორსინგისა და პროფესიული მომსახურების კომპანია CAPITA-ში, გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით მუშაობდა. CAPITA ბრიტანეთის უმსხვილეს კომპანიებს ბიზნეს პროცესების მართვის მენეჯმენტის მომსახურებას უწევს. ამ ეტაპზე წარმატებული ახალგაზრდა ლონდონში, ბრინჯის უმსხვილეს საწარმოში Tilda Rice Company, ბიზნესის განვითარების სპეციალისტად მუშაობს. ლონდონში მუშაობის პარალელურად მატა შველიძე აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოში კომპნია ”CA International”-თან, სადაც მუშაობა 2015 წელს დაიწყო. წარმატებული ახალგაზრდა რამდენიმე დღეა, რაც კვლავ დაუბრუნდა კომპანაში გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას.

”მას შემდეგ რაც 2015 წელს საქართველოში ჩამოვედი, მუშაობა ”CA International”-ში დავიწყე, სადაც გენერალური დირექტორის მოადგილისა და ხარისხის მენეჯერის პოზიცია მეკავა. ლონდონში დაბრუნების შემდეგ კომპანიასთან თანამშრომლობას კვლავ ვაგრძელებდი, თუმცა გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე რამდენიმე დღეა რაც დავბრუნდი. ახლა ლონდონსა და საქართველოში პარალელურად ვიმუშავებ“, - ამბობს მატა შველიძე.

ახალგაზრდა ეკონომისტმა ”ბიზნესპრესნიუსთან” დიდ ბრიტანეთში თავის პირველ ნაბიჯებზე, მიღებულ გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

”უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება ძალიან რთულია. ძალიან ბევრი და ძლიერი კონკურენტი გყავს. თუმცა შრომა, გამართლება, კონტაქტები და მეგობრები ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი გეხმარებიან. ბირმინგემის უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა გავმხდარიყავი იმ პროფესიონალთა გუნდის წევრი, რომლებიც მსოფლიოს სტანდარტებს აკმაყოფილებენ. ამჟამად საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობ და გამოცდილებას ვაგროვებ, რათა საკუთარი თავი სხვადასხვა მიმართულებით განვავითარო. ახლა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებზე ვმუშაობ, თუმცა კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე ჯერჯერობით დაკონკრეტება არ შემიძლია. დაახლოებით წელიწადნახევარში ლონდონში, დოქტორანტურაზე სწავლის გაგრძელებას ვგეგმავ, რათა შემდეგ შეძენილი ცოდნა და გამოცდილება სტუდენტებს გავუზიარო”, - ამბობს მატა შველიძე.