უცხოეთში მცხოვრები ყველაზე მდიდარი ქართველები

ყველაზე მდიდარი ქართველები, ჩვენი ქვეყნის გარდა, დაახლოებით მსოფლიოს ცხრა ქვეყანაში ცხოვრობენ. ზოგიერთმა მათგანმა საქართველო 90-იან წლებში დატოვა და წარმატებულ ბიზნესმენად იქცა. „ბიზნესპრესნიუსი“ რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ, რომელიც უცხოეთში მოღვაწეობს.

თამაზ სომხიშვილი

1957 წელს დაბადებული თამაზ სომხიშვილი 50 ყველაზე მდიდარ ქართველს შორის სახელდება. სხვადასხვა წყაროს ცნობის მისი ქონება ასეულობით მილიონ დოლარს აღწევს.

ქართველმა მილიონერმა საქართველო გასული საუკუნის 90-იან წლებში დატოვა და რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სხვადასხვა ბიზნესი წამოიწყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სომხიშვილი კომპანია „როსნეფტექსპორტის“ მფლობელი და გენერალური დირექტორი იყო. ზოგიერთ მედიასაშუალებაში თამაზ სომხიშვილი რუს ბიზნესმენად და ინვესტორადაც არის მოხსენიებული, მის ანგარიშზე ბიზნესში აქტიურად ყოფნის 30 წელზე მეტია. მისი ბიზნესსაქმიანობა ძირითადად სოფლის მეურნეობას, ინდუსტრიულ სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას მოიცავს. თამაზ სომხიშვილი კომპანიებს ფლობს რუსეთში, ევროპასა და საქართველოში. ამჟამად ქართველი მილიონერი გერმანიაში ცხოვრობს.

დავით იაკობაშვილი

დავით იაკობაშვილი 1957 წლის 2 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკის 42-ე სკოლა. ამის შემდეგ დღისით მეტალურგიულ ინსტიტუტში მუშაობდა, ღამით მეტრომშენში. ასევე ეხერხებოდა რადიოტექნიკისა და მაგნიტოფონების შეკეთება.

ამჟამად იგი არაერთი ცნობილი რუსული და საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი ორგანოების წევრია. იაკობაშვილი მსხვილი რუსული რძის, წვენებისა და სასმელების მწარმოებელი კომპანიის სს "ვიმ-ბილ-დან"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია და 2001-2010 წლებში კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეც იყო.

მისი ქონება სამ მილიარდ დოლარს შეადგენს. დავით იაკობაშვილი მრავალი საქველმოქმედო ორგანიზაციის დამაარსებელია. წლების განმავლობაში მის სახელს საქართველოშიც არაერთი ბიზნესი უკავშირდებოდა.

დავით ჟვანია

ამჟამად უკარაინაში მოღვაწე ბიზნესმენი დავით ჟვანია, 1967 წლის 20 ივლისს თბილისში დაიბადა.

მისი "სტარტაფს" ბიზნესში, სხვადასხვა წყაროს ცნობით, ის უკრაინაში არ დაწყებულა. უკრაინაში ჩასვლამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში სლოვენიასა და ავსტრიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი კვიპროსზე, საეჭვო რეპუტაციის ოფშორულ ზონაში დააფუძნა კომპანია, რომელიც მოგვიანებით უკრაინის ეკონომიკის ყველაზე სტრატეგიულ მიმართულებებს დაეპატრონა. ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით, გასული საუკუნის 90-იან წლებში, ჟვანიამ ჩრდილოვანი სქემებით, რომელიც უკრაინის ატომური ელექტროსადგურების გარკვეული დეტალებით რუსეთიდან მომარაგებას გულისხმობდა, დაახლოებით 200 მილიონი დოლარი იშოვა.

ვიაჩესლავ მირილაშვილი

ფორბსის 2017 წლის მონაცემებით, 200 რუს ბიზნესმენს შორის ქართველი ვიაჩესლავ მირილაშვილი 950 მილიონი აშშ დოლარით 103-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ წარმოშობით ქართველი ახალგაზრდა 33 წლის ასაკში ფლობს ასეთ კოლოსალურ თანხას. მან მილიონები სოციალური ქსელის ”ვკონტაქტეს” დაფუძნებით იშოვა.

ВКонтакте ოფიციალურად 2006 წლის 10 ოქტომბერს შეიქმნა. 2007 წელს კი დუროვის სოციალურმა ქსელმა რუსეთში პოპულარობით ქსელ "ოდნოკლასნიკს" გაუსწრო.

მიხეილ მირილაშვილი

გასული საუკუნის 90-იან წლებში, "ფორბსის" რეიტინგების თანახმად, მიხეილ მირილაშვილი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის 133-ე იყო. 90-იანების დასაწყისში მირილაშვილმა ბიზნესი კაზინოების ქსელით დაიწყო. ამბობს, რომ ძალიან აზარტულია და სათამაშო ბიზნესიც საქმისა და ჰობის ერთგვარი სინთეზი იყო. ლას-ვეგასში ყოფნისას კაზინოში დიდი ფული წააგო თურმე, მაგრამ ამან დიდი სიამოვნება მიანიჭა - მიხვდა, რომ სხვებისთვის ამ სიამოვნების მინიჭებით თავად დიდი ფულის შოვნა შეეძლო. ასე გაჩნდა ჰოლდინგი "კონტი", რომელიც სანქტ-პეტერბურგში ექვს კაზინოს აერთიანებდა.

მიხეილ მირილაშვილი სხვადასხვა დროს იყო კომპანია "რუსკი ვიდეოს" თანამფლობელი, ჰოლდინგ "პეტრომირის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც თავის მხრივ კომპანია "ლუკოილის" მენეჯმენტში შედიოდა.

თენგიზ არშბა

რუსეთში მოღვაწე ოთარ, იგივე თენგიზ არშბა 1955 წელს სოხუმში დაიბადა და გაიზარდა ბათუმში.

2003 წლიდან რუსეთის დუმის დეპუტატია. 90-იან წლებში რუსეთში მან საკმაოდ დიდი ქონება დააგროვა. არშბა ქართველი მილიარდერების სიაში მეცხრე პოზიციას იკავებს. მისი ქონება 2,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. მილიარდერი მსოფლიოში მე-14 უმსხვილესი რუსული სამთო-მეტალურგიული კომპანიის "ევრაზ ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს წევრია.

ალექსანდრე ჯაფარიძე

ალექსანდრე ჯაფარიძე 20 ივლისს 1955 წელს მახაჩკალაში დაიბადა. ბავშვობაში გატაცებული იყო ფიზიკით და მათემატიკით. 1977 წელს დაამთავრა ნავთობქიმიისა და გაზის წარმოების ინსტიტუტი და გეოფიზიკოსთა ექსპედიციის ხელძღვანელად დაინიშნა.

1995 წელს მან დააარსა მომსახურების კომპანია "პეტროალიანსი", რომელიც კომპანიებს მომსახურებას უწევდა ნავთობმოპოვების სფეროში. 2004 წელს ბიზნესმენმა ეს კომპანია გაყიდა და შექმნა საბურღი კომპანია. დღეს კოპანია "ევრაზიას" მფლობელია.

ჯაფარიძე "ფორბსის"რეიტინგში 62-ე ადგილს იკავებს. მისი შემოსავალი 1,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.