რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი

საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარია დაამტკიცა.

იქამდე ლომჯარია გენერალური აუდიტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მთავარი აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი გახდა, მიმდინარე წლის ოქტომბერში ლომჯარია თანამდებობიდან გათავისუფლდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებით მოდის სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარია. ბოლო ქონებრივი დეკლარაცია მას 2017 წლის 3 იანვარს აქვს შევსებული.

დეკლარაციის მიხედვით, ლომჯარია არ ფლობს არც უძრავ და არც მოძრავ ქონებას და ყველაფერი მისი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსებისას ნინო ლომჯარიას „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე - 2 547 ლარი, ანაბარზე კი 9 658 ლარი ჰქონდა. ამასთან, გასულ წელს მისმა შემოსავალმა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში” საარჩევნო და სამართლებრივ კონსულტანტად მუშაობისას 41 000 ლარი შეადგინა.

ნინო ლომჯარიას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. სახალხო დამცველის მეუღლე ფლობს 29 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას დაბა ბაკურიანში, 192 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, 124 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს და იმავე მისამართზე მდებარე 68 კვ. მეტრის ბინას დედაქალაქში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი ML Mercedes-ი. ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, ლომჯარიას მეუღლის წლიურმა შემოსავალმა შპს „იმედი 93“-ის დირექტორის თანამდებობაზე 6 000 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში შალვა ნეფარიძეს „საქართველოს ბანკში“ 18 500 დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი ჰქონდა, რომლის შედეგადაც მისმა გასავალმა გასულ წელს 4 200 დოლარი შეადგინა.