„ფორბსმა“ იმ მსახიობების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც კინოსტუდიებისთვის ყველაზე მეტი შემოსავალი მოაქვთ.
გამოცემამ დაიანგარიშა, რომ 2017 წლის განმავლობაში, ჯერემი რენერში გადახდილ თითო დოლარში კინოსტუდიებმა 93,80 დოლარი ამოიღეს. ის აღნიშნულ პერიოდში გადაიღეს ისეთ ბლოკბასტერებში, როგორებიცაა „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“ და „შეუსრულებელი მისია“, ასევე ფილმში „ჩამოსვლა“.
მიმდინარე წლის ყველაზე მომგებიანი ჰოლივუდის ვარსკვლავების რეიტინგში გამოცემამ იმ ფილმების სალარო შემოსავლები შეისწავლა, რომელშიც ისინი გადაიღეს და რეიტინგიც ასე შეადგინა. ჩამონათვალში მოხვდნენ ფილმები, რომლებიც 2017 წლის პირველ ივლისამდეა გამოსული. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი შემოსავლის მომტანი მსახიობების ხუთეულში სამი ქალი მსახიობია, მათ შორის არის ემა უოტსონი, რომელმაც მასში გადახდილ თითო დოლარში 70,70 დოლარის მოგება მოიტანა. ყოფილი „ჰარი პოტერის“ ფილმების ვარსკვლავი გოგონა წელს ტრიუმფალურად დაბრუნდა დიდ ეკრანზე დისნეის ახალ ფილმში „ურჩხული და მზეთუნახავი“, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით 1,26 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
ჩამონათვალში მესამეა სკარლეტ იოჰანსონი, რომელიც საანგარიშო პერიოდში გადაიღეს ისეთ ბლოკბასტერში, როგორიცაა „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“ და „შურისმაძიებლები: ალტრონის ერა“, ასევე ნაკლებ შემოსავლიან ფილმში „მოჩვენება ჯავშანში“. იოჰანსონმა მასში ინვესტირებულ თითო დოლარში კინოსტუდიას 66,50 დოლარის შემოსავალი მოუტანა.
რეიტინგში მეოთხეა ემი ადამსი, რომელმაც თითო დოლარზე 46,10 დოლარის მოგება მოუტანა მის დამქირავებლებს. ის ჯერემი რენერის მსგავსად გადაიღეს ფილმში „ჩამოსვლა“, სადაც შეასრულა ლინგვისტი ქალის როლი, რომელსაც ესმის უცხოპლანეტელების ენა.
რეიტინგის ხუთეულს კი კრავს ქრის პრატი, რომელიც დაკავებული იყო ფილმში „გალაქტიკის მცველები“, მან მასში გადახდილ თითო დოლარში კინოკომპანიებს 34,40 დოლარის მოგება მოუტანა.
გამოცემამ ყველაზე ნაკლები შემოსავლის მომტანი მსახიობებიც დაასახელა, მათ შორის ყველა მამაკაცია და პირველ ადგილზეა მარკ უოლბერგი, რომელში გადახდილმა დოლარმა კომპანიას მხოლოდ 4,40 დოალრის შემოსავალი მოუტანა. მეორე ადგილზეა კრისტიან ბეილი 6,70 დოლარით, მესამეზე ჩენინგ ტატუმი, რომელშიც დახარჯულმა თითო დოლარმა მხოლოდ 7,70 ცენტი ამოიღო. ხუთეულს კრავენ დენზელ ვოშინგტონი და ბრედ პიტი 10.40 და 11.50 დოლარის შემოსავლებით.
კოკა კვირკველია