“ჩვენ არ გვყავს ნოვატორი ბიზნესმენები. ძირითადად ვიმეორებთ მსოფლიოში არსებული ბიზნესების მაგალითებს”

მიმდინარე წელი დასასრულს მიუახლოვდა, ქვეყანაში და ბიზნესშიც არაერთი სიახლე მოხდა და წლის შეფასება ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ვთხოვეთ.

რა მთავარი გამოწვევების წინაშე იდგა ბიზნესი 2017 წელს, რამდენად ადეკვატურია მთავრობის ეკონომიკური გუნდი ბიზნესთან და მეწარმეობასთან ურთიერთობაში, რატომ მიდიან ხშირ შემთხვევაში ქართველი ბიზნესმენები პოლიტიკაში, სჭირდება თუ არა ქვეყანას განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით „ბანკები და ფინანსები“ თემურ ჭყონიას ესაუბრა.

- როგორ შეაფასებდით მომავალი წლის ბიზნეს გარემოს, რა გაუმჯობესდა, რა გაუარესდა და რა გამოწვევების წინაშე იდგა ბიზნესი 2017 წელს?

- ისევე როგორც ბოლო წლებში, ახლაც ქვეყანაში გვაქვს გარკვეული წინსვლა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს შთამბეჭდავი და რევოლუციური გარღვევები ბიზნესში. ცხოვრება მიდის წინ და ბიზნესიც შესაბამისად მიჰყვება მას. სამწუხაროდ, მასშტაბური იდეები და ბიზნესები, რასაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბიზნესმენები ქმნიან, ჩვენთან არ არსებობს.

ჩვენ, ძირითადად, ვიმეორებთ მსოფლიოში არსებული ბიზნესების მაგალითებს და ამასაც ზოგ შემთხვევაში კარგად, ხოლო ზოგ შემთხვევაში ცუდად. ჩვენი ბიზნესი ვინმესთვის ახალი არ რის, ჩვენ არ ვართ ნოვატორი ბიზნესმენები.

ჩვენ ვართ ბიზნესმენები, რომლებმაც ისწავლეს მართვა, ფრენჩაიზინგი, მაგრამ ქართველი ბიზნესმენი მასშტაბურად რომ ჩანდეს მსოფლიოში, ასეთი რამ, სამწუხაროდ, არ ხდება. მაგალითად ისე, როგორც ჩანან სპორტში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი ქართველები.

ხშირად ვსაუბრობ და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს არის იმ კომუნისტური 70 წელიწადის ბრალი, რომელიც თრგუნავდა თაობებს. ბიზნესიდეოლოგია თაობებით უნდა მოდიოდეს საზოგადოებაში და უნდა იყოს ტრადიციად ქცეული. თუმცა, სამწუხაროდ, თანამედროვე საქართველოში ბიზნესი ჩემი თაობის ბიზნესმენებისგან იწყება. ჩვენ ვიქნებით პირველი ბიზნესმენი ბაბუები, ვინაიდან წინა თაობებმა საკმაოდ მძიმე, კომუნისტური წარსული გაიარეს. ისინი ან დახვრიტეს, ან გადაასახლეს. გაქრა ჭკვიანი ქართული გენოფონდი და წამოვიდა თაობა, რომელიც იწყებდა შიშის ქვეშ ცხოვრებას. შეშინებულ ცხოვრებაში კი, მოგეხსენებათ, დიდი იდეები ვერ დაიბადება.

ჩვენ მემკვიდრეობით არ გვერგო ბიზნესტრადიციები, ჩვენ ვართ დამწყებები. ჩვენ თუ სწორად გავაკეთებთ ყველაფერს, კარგ ტრადიციებს დავტოვებთ, მჯერა რომ ჩვენი შვილიშვილები იქნებიან ძალიან მაგრები. ამერიკასაც ჰქონდა დიდი დეპრესიის პერიოდი, რომელმაც საბოლოო ჯამში, წარმოშვა ახალი იდეები და ბრძოლისუნარიანი თაობა.

სწორე ჩვენი თაობიდან იწყება თანამედროვე საქართველოს ბიზნესის ისტორია. შესაბამისად, ყველა ბიზნესმენმა უნდა იცოდეს, რომ ის ქმნის საკუთარი ოჯახის და ქართული ბიზნესის ისტორიას.

ხოლო სამომავლოდ, მჯერა, ჩვენი შვილთაშვილები იქნებიან მსოფლიოში ფართოდ ინტეგრირებული ბიზნესმენები.

- რამდენად სწორია როცა წარმატებული ბიზნესმენი მიდის პოლიტიკაში და რატომ არ გადადგით თქვენ ეს ნაბიჯი?

- ცოტა რთულია სხვისი საქციელის შეფასება და მასზე საუბარი, თუმცა შევეცდები თქვენს კითხვას პასუხი გავცე. თუკი ადამიანს აქვს ამბიცია და მიაჩნია, რომ ბიზნესიდან ვერ მიაღწია იმ ცვლილებებს, რომელიც მისი აზრით საჭირო იყო ქვეყნისთვის და ამიტომ წავიდა პოლიტიკაში, ეს გასაგები ფაქტია. ანუ იგი პოლიტიკაში წავიდა არა იმიტომ, რომ საკუთარ ბიზნესსტრუქტურებს უპატრონოს, არამედ იმიტომ, რომ არსებული ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს და ამავდროულად ბიზნესში არსებულ პრობლემებზე გაამახვილოს ყურადღება.

პოლიტიკაში ხშირად ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიტიკაში ახლა მივიდნენ. ამ დროს, როგორ შეიძლება პოლიტიკაში მოხვიდე?! შეიძლება მიხვიდე თეატრში, კინოში ან სტადიონზე, პოლიტიკაში კი უნდა იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც არჩევნებში გაიმარჯვებენ. როდესაც გადავხედავ ხოლმე პოლიტიკოსთა რაოდენობას ვხვდები, რომ ამდენი პოლიტიკოსი, ასეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, საკმაოდ ალოგიკურია.

თუ ბიზნესმენები წავლენ პოლიტიკაში იმიტომ, რომ მათ იციან რა სჭირდება ქვეყნის და ბიზნესის განვითარებას და ამის რეალიზაციას კანონშემოქმედებით საქმიანობაში მოახდენენ, ეს ბუნებრივია, მისასალმებელია.

ძალიან უბრალო მაგალითს მოვიყვან, მამუკა ბახტაძე დანიშნეს ფინანსთა მინისტრად, რომელსაც ამავდროულად საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ბიზნესში ყოფნის. მოვიდა იგი მინისტრის პოსტზე და არაჩვეულებრივი კანონის შემოღება გადაწყვიტა – დღგ-ს ელექტრონულ დაბრუნებაზე ვსაუბრობ. ანუ, მან ერთი ფრაზით დადებითად განაწყო ბიზნესმენების დამოკიდებულება ფინანსთა სამინისტროს მიმართ. ადამიანმა, რომელმაც იცის თუ რა სირთულეებს აწყდება ბიზნესმენი ზედმეტობით გადახდილი საკუთარი თანხის დაბრუნების დროს, მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

ჩემი აზრით, დღგ-ს ავტომატური დაბრუნება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რაც მიმდინარე წელს მიიღეს.

რაც შემეხება მე, თუ რატომ არ წავედი პოლიტიკაში. ვფიქრობ, რომ პოლიტიკა გაცილებით დიდი პასუხისმგებლობაა ვიდრე ის საქმე, რაც მე მაკისრია საკუთარი თავის და ქვეყნის წინაშე. ამავდროულად, ბიზნესიდან გასვლა და სხვა სიბრტყეში გადასვლა მე საკმაოდ რთულად მეჩვენება. თუმცა, ვთვლი, რომ ყველა ბიზნესმენი მეტ-ნაკლებად პოლიტიკაში მაინც ჩართულია.

ოპტიმიზაცია არ ნიშნავს ხელფასების შემცირებას. იგი პირველ რიგში შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს

- რამდენად ადეკვატურია მთავრობის ეკონომიკური გუნდი, განსაკუთრებით ბიზნესთან და მეწარმეობასთან დამოკიდებულებაში, რამდენად სწორია ხშირი ცვლილებები მთავრობის გუნდში და როგორ შეაფასებდით სამინისტროების შემცირების გადაწყვეტილებას?

- შეიძლება მთავრობაში პოლიტიკოსები გადაადგილდნენ და ეს ნამდვილა არ არის პრობლემა. უბრალოდ, მე ვთვლი, რომ უნდა არსებობდეს ქვეყნის განვითარების პროგრამა, სტრატეგია. როდესაც პროგრამა არსებობს პროგრამის შემსრულებლები უფრო ადვილად მოიძებნებიან.

რაც შეეხება სამინისტროების შემცირებას და მათ გაერთიანებას, მე საკმაოდ დიდი ხანია ვსაუბრობ, რომ აუცილებელია სამინისტროების შემცირება. ეს იყო საკმაოდ სწორი გადაწყვეტილება, თუმცა ვფიქრობ, რომ კიდევ შეიძლება შემცირება არსებული სამინისტროების. მაგალითად, გასაუქმებელია შერიგების სამინისტრო, რომელიც შეიძლება შეუერთდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

თუმცა, აქვე არის მეორე თემაც, - ხშირად საუბრობენ ხელფასების შემცირებაზე. ოპტიმიზაცია სულაც არ ნიშნავს მხოლოდ შეკვეცას ან ხელფასების შემცირებას. შესაძლებელია ოპტიმიზაციის დროს გაიზარდოს კიდეც ხარჯები, მაგრამ შესაბამისად შედეგიც გაიზარდოს.

დაბალ ხელფასზე და მინიმალურ ანაზღაურებაზე ნორმალურ სპეციალისტებსაც ვერ მოვიყვანთ სტრუქტურებში, ამიტომ ოპტიმიზაცია პირველ რიგში შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს.

რაც შეეხება ეფექტურობას. დღევანდელი მთავრობა, ანუ კვირიკაშვილის გუნდი ეფექტური რომ არ იყოს, ამდენ ხანს ხელისუფლებაში ვერ გაჩერდებოდა. ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თემაა ლარის კურსი, გვქონდა გარკვეული პრობლემა ამ მიმართულებით და ყველას ეგონა რომ კოლაფსამდე მივიდოდით, მაგრამ რაღაც მომენტში პროცესები დარეგულირდა. ეს იმის დამსახურებაა, რომ ეროვნული ბანკი დგას თავის სიმაღლეზე და კვირიკაშვილის გუნდს ნამდვილად შეუძლია პროცესების მართვა. ბუნებრივია, სასურველია, ეკონომიკური ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყოს და იმედია, ამ შედეგამდეც მივალთ.

- თქვენ საუბრის დროს ახსენეთ კომლექსური განვითარების სტრატეგია, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობს და დამოუკიდებლობის დღიდან, ფაქტობრივად, არცერთ ხელისუფლებას არ შეუმუშავებია მსგავსი კონცეპტუალური დოკუმენტი. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია მისი არსებობა ქვეყნისთვის?

- მე ამ საკითხს ცოტა სხვაგვარად შევხედავდი. პირველ რიგში უნდა გავიზიაროთ ის ინტელექტუალური რესურსი, რაც საქართველოში არსებობს. არის საკმარისი თუ არა იმისათვის, რომ შეიქმნას გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული ქვეყნის განვითარების სტრატეგია. არსებობს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება, როდესაც ამა თუ იმ ქვეყანამ მოიწვია უცხოელი სპეციალისტები, რომლებმაც შექმნეს ქვეყნის განვითარების სტრატეგია, რამაც შემდგომში შედეგი მოიტანა. შესაბამისად, თუკი იწვევენ უცხოელ სპეციალისტებს სპორტის, ხელოვნებაში, მაშინ რატომ არ შეიძლება მოვიწვიოთ ამ საკითხის გადასაჭრელადაც შესაბამისი პირები, ცნობილი ეკონომისტები მაგალითად, თუკი დიდ კორპორაციებში იწვევენ უცხოელ კვალიფიციურ მენეჯერებს, ხომ შეიძლება იგივენაირად მოვიქცეთ ქვეყნის განვითარების სტრატეგიის შემუშავების დროსაც.

ფაქტია, რომ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი 4-5%-ია წლების განმავლობაში, შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, არსებობს თუ არა აუცილებლობა, რათა მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც შეისწავლიან საქართვეოს ეკონომიკას სრულად და ყველა დარგის მიმართულებით დადებენ ისეთ პროგრამებს, რომლის განხორციელებაც მოგვცემს მაღალ ეკონომიკურ ზრდას და ქვეყნის რეალური განვითარების საშუალებას.

საქართველოში შაბათ-კვირას არა მოგზაურობისთვის, არამედ გამოსაძინებლად იყენებენ

- ტურიზმიდან წელს მივიღეთ 2 მილიარდ 700 მილიონი დოლარის შემოსავალი. რამ განაპირობა ეს მაჩვენებელი და რამდენად განვითარებულია ტურისტული ინდუსტრია საქართველოში როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მიმართულებით?

- ეს არის ნამდვილად კარგი მაჩვენებელი. ამ საკითხს უნდა სერიოზული განსჯა და გაანალიზება. უნდა გაიმართოს სერიოზული კონფერენციები, მოხდეს საკითხის განხილვა, თუ რამ მოგვიტანა ასეთი მაღალი მაჩვენებელი. უნდა დაიწყოს იმაზე მუშაობა, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სიტუაცია. დამიჯერეთ, ჩვენზე გაცილებით ლამაზი ქვეყნებიცაა, უფრო განვითარებულიც და უკეთესი მომსახურების სერვისიც აქვთ, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ტურისტების მაღალი ნაკადი.

შიდა ტურიზმში კი უფრო რთული სიტუაცია გვაქვს. მთელ მსოფლიოში შიდა ტურიზმი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, საქართველოში კი შაბათ-კვირას ძირითადად გამოსაძინებლად იყენებენ. სამწუხაროდ, მოგზაურობის კულტურა ჯერ კიდევ არ გვაქვს, არადა შიდა ტურიზმის განვითარება უმნიშვნელოვანესი საკითხია.

საზღვაო ტრანსპორტი - ტურიზმის განვითარების ახალი მიმართულება

როდესაც ვსაუბრობთ ტურიზმზე, აუცილებლად გამოვყოფდი ერთ საკითხს - საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შიდა საზღვაო ტრანსპორტი არ გააჩნია. უდიდეს მაგისტრალებს ვაშენებთ, გაგვყავს გვირაბები, ხოლო საზღვაო ტრანსპორტი საერთოდ არ გვაქვს განვითარებული.

მაგალითად, განა ცუდი იქნება, რომ დადიოდეს გემი ურეკიდან-ბათუმამდე, ქობულეთის გავლით

ზღვა გაცოცხლდება. როდესაც ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ერთ-ერთი თემა ისიც უნდა იყოს, რომ ზღვაში ტრანსპორტი ამოძრავდეს. ფოთი, ურეკი, ქობულეთი, ბათუმი, ანაკლია - ჩვენ საკმაოდ ბევრი საზღვაო ქალაქი გვაქვს.

ქობულეთში რომ გაკეთდეს მცირე პორტი, მაშინ კერძო ბიზნესმენებიც გამოჩნდებიან, რომლებიც გემებს გააჩერებენ ქალაქში, შესაბამისად ახალი ბიზნესები გაჩნდება. ეს თემა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. მესმის, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია, თუმცა საზღვაო ტრანსპორტიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, მსგავსი მცირე პორტების გაკეთებას სავარაუდოდ დასჭირდება 3-4 მილიონი, რაც არცთუ ისე დიდი თანხაა. შედეგად კი გზები განიტვირთება, საზღვაო მოძრაობა აღდგება, თევზაობა დაიწყება, სიცოცხლე გაჩნდება ზღვაზე, ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება და ახალი, დამატებითი შემოსავალი გაუჩნდება ხალხს. ამიტომ საზღვაო ტრანსპორტის ფუნქციონირება შავი ზღვის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა უნდა იყოს.

„კოკა-კოლას“ გაყიდვები 25,5%-ით გაიზარდა

- როგორც ცნობილია, გეგმავთ „კოკა-კოლას“ ახალი ქარხნის აშენებას და არსებული შენობისთვის ინვესტორის მონახვას, იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ თქვენი გეგმების შესახებ?

- ნატახტარში აუცილებლად გაკეთდება ულტრათანამედროვე „კოკა-კოლას“ ახალი ქარხანა. ვინაიდან, გასულ წელთან შედარებით, 25,5%-ით გაიზარდა ჩვენი ბიზნესი. მომავალ წელს კიდევ ველოდებით ზრდას. ეს იმასაც ნიშნავს, რომ საქართველოში წამოვიდა თაობა, რომელიც ევროპულ და ამერიკულ ღირებულებებს პატივს სცემს და თან ისე, რომ არ ივიწყებს ტრადიციებს. ფრანგული კომპანიაა პროექტის დამუშავების პროცესში და თებერვლის ბოლოს გვექნება საბოლოო ვარიანტი, ეს იქნება ეგრეთწოდებული „ჭკვიანი ქარხანა“, რომელიც სრულად იქნება აღჭურვილი თანამედროვე ტექნოოგიებით.

რაც შეეხება არსებულ ოფისს, იგი გამზადებულია გასაყიდად. არსებობს ცნობილი კომპანია „კუშმანი“, რომელმაც დაამუშავა დეველოპერული პროექტი. სხვათა შორის ძალიან საინტერესო პროექტია და გამოხმაურებებიც საკმაოდ გვაქვს, უცხოური თუ ქართული სამშენებლო კომპანიებისგან. დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს.

- როგორც ცნობილია, გეგმავდით „კოკა-კოლას“ აფხაზეთში შეტანას. რატომ არ შედგა ეს პროექტი და თქვენი აზრით, როგორ უნდა აღდგეს და გამყარდეს საქმიანი ურთიერთობები აფხაზურ მხარესთან?

- აფხაზეთის თემა ძალიან მტკივნეულია ჩემთვის, ძალიან მინდა, რომ აღდგეს აფხაზ ბიზნესმენებთან საქმიანი ურთიერთობა, თუმცა, სამწუხაროდ, დღემდე ეს ვერ ხერხდება. რაც შეეხება „კოკა კოლას“, „კოკა კოლას“ გააჩნია საკუთარი გეოგრაფიული რუკა, რომლის მიხედვითაც აფხაზეთში პროდუქცია უნდა შედიოდეს საქართველოდან. თუმცა, სამწუხაროდ, ეს დღემდე ვერ ხერხდება. არადა, დამიჯერეთ, თუ ჩვენთან დაამყარებენ ურთიერთობას, ეს აფხაზური მხარისთვის უფრო სწორი და მომგებიანიც იქნება.  „მაკდონალდსის“ 14 რესტორანი და 25 ათასი მომხმარებელი დღიურად

- რა ხდება „მაკდონალდსში“, როგორი იყო მიმდინარე წელი და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

- „მაკდონალდსის“ 14 რესტორანი გვექნება მომავალ წელს და დაახლოებით, დღიურად 25 ათასი კაცია ჩვენი რესტორნების სტუმარი, ბათუმში აშენდება მეორე რესტორანი, თბილისში გარემონტდება და განახლდება საბურთალოზე მდებარე „მაკდონალდსი“. ქალაქის მერიასთან დავიწყებთ აქტიურ თანამშრომლობას მომავალი წლიდან, რადგან ნახალოვკაში და კიდევ რამდენიმე უბანში გვსურს ახალი „მაკდონალდსების“ გახსნა.

ჩვენი მიზანია 20-22 რესტორანი გვქონდეს ქვეყნის მასშტაბით და აუცილებლად ვგეგმავ რომ სომხეთში გავაკეთო „მაკდონალდსი“.

ასევე, ყოველ მიზეზგარეშე, აშენდება პურის ქარხანა, საიდანაც საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი სრულად მომარაგდება პურით. რაც გრანდიოზული საექსპორტო გეგმაა.

- რა მოლოდინები და გეგმები გაქვთ 2018 წელს და რას უსურვებდით ჩვენს ქვეყანას?

- ვისურვებდი, ის პროგრამები რაც კვირიკაშვილს და მის გუნდს აქვს, განხორციელებულიყოს, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ეს ძალიან დიდი სტიმული იქნება ეკონომიკისთვის. ქალაქის განვითარების მიმართულებითაც, იმედია, ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნის მართვის სისტემა აგებული იქნება პროგრამებზე და არა ზერელე დამოკიდებულებებზე. ვისურვებდი, გაზრდილიყოს ტურისტების რაოდენობა. და ბოლოს, მინდა 2018 წელსაც ასევე ბევრმა ხალხმა მიირთვას „კოკა კოლა“, იაროს „მაკდონალდსში“ და რაც მთავარია, ყველას ვუსურვებ ყოფილიყოს ბედნიერი.

ესაუბრა გიორგი კაპანაძე

გაზეთი „ბანკები და ფინანსები“