თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა, მიხეილ ჩხენკელმა, განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავა გასული წლის ნოემბერში, მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად შეცვალა.
მინისტრი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის "საპროფესორო ოსკარი" საუკეთესო სწავლებისთვის.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონების მფლობელია განათლების ახალი მინისტრი. როგორც მის მიერ 2018 წლის 12 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, მინისტრი არც უძრავ და არც მოძრავ ქონებას ფლობს.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში "თი–ბი–სი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 11 9424,36 ლარი, PNC-ის მიმდინარეზე - 10 303,16 დოლარი, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი, 1950 ევრო, 3 000 ლარი და 1 600 დოლარი ჰქონდა.
როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მინისტრი 20 ნოემბრამდე შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პარტნიორი და 1%-იანი წილის მფლობელი იყო, რომლის საქმიანობითაც გასულ წელს 2 105,26 ლარის შემოსავალი მიიღო. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, უნივერსიტეტის წილი მინისტრმა 100 ლარად გასული წლის 20 ნოემბერს გაასხვისა.
ჩხენკელის შემოსავალმა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამის ფარგლებში პროფესორობისას, 2017 წლის 17 ივლისი-4 აგვისტოს პერიოდში, 3 700 დოლარი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის თანამდებობაზე წინა წლის 1 იანვრიდან 13 ნოემბრამდე პერიოდში - 41 131,69 ლარი; შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში პროფესორობისას წლიურმა შემოსავალმა 2 493,75 ლარი, მინისტრის თანამდებობაზე კი, 13 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 10 119,05 ლარი შეადგინა.
დეკლარაციის მიხედვით, უძრავ- მოძრავი ქონება არც მიხეილ ჩხენკელის მეუღლის საკუთრებაშია. მის ფინანსურ მდგომარეობას რაც შეეხება, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში "თი–ბი–სი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 911,24 ლარი ჰქონდა, ხოლო მისმა გასული წლის შემოსავალმა გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამის ასისტენტად მუშაობისას 80 325,07 ლარი შეადგინა.