ვინ არის და რას საქმიანობს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის მეუღლე

“ბლუმბერგის“ შეფასებით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის ქონება 104 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს პირველი ტრილიონერი შესაძლოა სწორედ ჯეფ ბეზოსი გახდეს.

როგორია Amazon-ის შემქმნელის ოჯახური ცხოვრება და ვინ არის მილიარდერის მეუღლე?

როგორც „ბიზნესინსაიდერი“ წერს, ჯეფ და მაკენზი ბეზოსები ამაზონის დაარსებამდე დაქორწინდნენ. ისინი ერთმანეთს საინვესტიციო ფირმაში (D. E.) შეხვედნენ, სადაც ჯეფი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მისი მომავალი მეუღლე ასოცირებული მკვლევარი იყო.

ჯეფ ბეზოსი Vogue-სთვის მიცემულ ინტერვიუში მის მეუღლეს ახასიათებს, როგორც საზრიან და ჭკვიან ადამიანს. მისი თქმით, ძალიან გაუმართლა, როცა თავის დროზე სამსახურში მაკენზის რეზიუმე შეარჩია.

მაკენზიმ ჯეფ ბეზოსის ფირმაში დაიწყო მუშაობა და ისინი ოფისის მეზობლები გახდნენ. ინტერვიუში ბეზოსი აღნიშნავდა, რომ მას მისი ღიმილი შეუყვარდა.

ურთიერთობაში პირველი ნაბიჯი მაკენზიმ გადადგა და ჯეფ ბეზოსი ლანჩზე დაპატიჟა. ამ ლანჩიდან 6 თვეში წყვილი დაქორწინდა.

ამის შემდეგ ჯეფ ბეზოსმა თავის ცოლს ბიზნესიდეის შესახებ გაუმხილა. ერთი წლის შემდეგ, 1994 წელს, მათ სამსახური მიატოვეს და „ამაზონის“ დასაარსებლად სიეტლში გადავიდნენ.

მაკენზი „ამაზონის“ ბუღალტერი გახდა და ის კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელია.

1999 წლამდე წყვილი სიეტლში ერთსაძინებლიან ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა. დღეს ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე სახლის მფლობელები არიან. მათი სახლები მდებარეობს მედინაში, ვაშინგტონში, ბევერლი ჰილსზე, ვან ჰორნიზე, ტეხასში და მანჰეტენზე. „ბიზნესინსაიდერის“ ცნობით, ჯეფ ბეზოსი აშშ-ში მიწის უმსხვილესი მესაკუთრეა.

მიუხედავად ამისა 2013 წლამდე მაკენზის თავისი 4 შვილი სკოლაში თავად დაყავდა.

ჯეფ ბეზოსი კომპანიაში დილის შეხვედრებს არასდროს მართავს, შესაბამისად ყოველთვის თავის ოჯახთან ერთად საუზმობს.

ბეზოსის ოთხივე შვილს ჩინურის გაკვეთილი უტარდება, მათემატიკას კი სინგაპურის მეთოდით სწავლობენ.

მაკენზი, რომელიც თავის დროზე ამერიკელი მწერლის, ტონი მორისონის ასისტენტი იყო, ახლა ნოველისტია. მისი თქმით, ქმარი მისი ყველაზე ერთგული მკითხველია.

ლიკა ამირაშვილი