რა ქონებას ფლობს დეპუტატი ირმა ინაშვილი

დეპუტატ ირმა ინაშვილის ანაზღაურებამ 2017 წლის განმავლობაში 76 065 ლარი შეადგინა.

დეპუტატის მიერ მიმდინარე წლის 12 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ინაშვილი ფლობს დედაქალაქში 330 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს; 2 100 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართს სოფელ ბაზალეთში და 43, 49 კვ. მეტრი ფართობის ბინას ლიკანში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი NISAN ARMADA, რომელიც გასულ წელს 14 ათას დოლარად აქვს შეძენილი.

ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, დეპუტატი იყო შპს „კომპანია ეკონომ X“-ის 50%-იანი წილის მფლობელი, რომელიც დეკლარაციის თანახმად, მინიმუმ 10 წელია აღარ ფუნქციონირებს. ინაშვილი ასევე შპს „მედია-სახლი ობიექტივის“ 28%-იანი წილის მფლობელიც იყო. როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე მისი გადახდისუუნარობის (გაკოტრება) საქმისწარმოება მიმდინარეობს.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ინაშვილს 5000 დოლარის ოდენობის სესხი ჰქონდა „თი ბი სი ბანკში“, რომლის შედეგადაც გასავალმა წინა წელს 1 140 დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, დეპუტატის გასავალმა გასულ წელს ქველმოქმედის სახით, კერძოდ, საქველმოქმედო ფონდ „ობიექტივში“ შენატანმა 13 ათასი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება დეპუტატის ოჯახის წევრების საკუთრებას, დეკლარაციის თანახმად, ირმა ინაშვილის მეუღლე ფლობს 90 კვადრატული მეტრი ფართობის ბინასა და 110 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართს თბილისში.