რა ქონებას ფლობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი?

სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილის შემოსავალმა გასული წლის განმავლობაში 75 000 ლარი შეადგინა.

2018 წლის 6 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მინისტრი ფლობს 300 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში; იმავე მისამართზე მდებარე 550 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს; 72 კვ. მეტრის ბინას დედაქალაქში და 5 500 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს სოფელ შალაურში.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ,,თი-ბი-სი ბანკის“ დეპოზიტზე 15 254 ლარი, 7,4 დოლარი, 0,06 ევრო, მიმდინარე ანგარიშზე 320,47 ლარი; "რესპუბლიკა ბანკის" მიმდინარეზე - 223,06 ლარი; "საქართველოს ბანკის“ სახელფასოზე კი 1 674,67 ლარი ჰქონდა.

მინისტრს მეუღლე და ორი შვილი ყავს. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლევან დავითაშვილის მეუღლე ფლობს მსუბუქ ავტომობილს Mercedes-Benz-ს, რომელიც 2016 წელს 19 000 დოლარად შეიძინა. მასვე "საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 5023,97 ლარი; საკრედიტოზე კი - 5 210,68 ლარი ჰქონდა. გარდა ამისა, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მის საკუთრებაშია შპს Intermanagement-ს 100%-იანი წილი და შპს maxpharma-ს 50%-იანი წილი, რომლის საქმიანობითაც, მისმა შემოსავალმა გასულ წელს 35 000 ლარი შეადგინა. ამასთან, მისმა გასავალმა გასულ წელს სწავლის საფასურის სახით, 10 856 ლარი შეადგინა.