ქალაქი, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს (+ფოტო)

ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე პატარა ქალაქში მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს, ის ამ ქალაქის მერიც არის და გადასახადებსაც საკუთარ თავს უხდის.

ქალაქი მანოვი, რომელიც სამხრეთ დაკოტასა და ნებრასკას შტატების საზღვარზე მდებარეობს, თავის დროზე რკინიგზის სადგურის გაჩერება იყო. ქალაქში არის მიტოვებული ეკლესია და რამდენიმე დანგრეული ნაგებობა.

ქალაქის ერთადერთი მცხოვრები 84 წლის ქალი, სახელად ელსი ეილერია, რომელიც საკუთარ ბარში მუშაობს, სადაც დაგხვდებათ წარწერა - „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მსოფლიოში სახელგანთქმულ მანოვის ტავერნაში! ყველაზე ცივი ლუდი ქალაქში.“

ელსი ეილერს მეუღლე 2004 წელს გარდაეცვალა, თუმცა მან ქალაქი არ დატოვა და დღეს მანოვი ამერიკის მასშტაბით ერთადერთი დასახლებული პუნქტია, რომელსაც მხოლოდ ერთი მაცხოვრებელი ჰყავს. უფრო მეტიც, ეილერი ამ ქალაქის მერიც არის, ადვოკატიც, ხაზინის ხელმძღვანელიც, ბიბლიოთეკარიც და ბარმენიც.

შესაბამისად, ეილერი მერის არჩევნებზე საკუთარ თავს აძლევს ხმას, საკუთარ თავს უხდის ბარის შემოსავალს და ხელფასსაც. ის ვალდებულია ყოველწლიურად წარმოადგინოს მუნიციპალიტეტის გზების განვითარების გეგმა, რათა მიიღოს შტატის დაფინანსება, ამის შემდეგ კი იხდის 500$-ის ოდენობით გადასახადს ქალაქში არსებული სამი ლამპიონის შესანახად და წყლის გადასახადისთვის.

„მე აქ ბედნიერი ვარ, აქ გავიზარდე და ვიცი, რაც მინდა. რთულია შეცვალო რამე ამდენი წლის შემდეგ“, - აცხადებს ეილერი.

ცნობისათვის, მანოვი 1930-იან წლებში დაარსდა და იქ 150 მოსახლე ცხოვრობდა. ქალაქში იყო სურსათის მაღაზია, რესტორანი და ციხეც კი.

კოკა კვირკველია