საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე გასული წლის განმავლობაში 120 984 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.
2018 წლის 21 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე ფლობს 18 კვ. მეტრი ფართობისა და 12 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხებს თბილისში; 75,1 კვ.მეტრის, 111,85 კვადრატული მეტრისა და 40,66 კვ. მეტრი ფართობის 3 ბინას დედაქალაქში; 90 კვ.მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლსა და 5 177 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში „თი–ბი–სი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე - 803.07 ლარი; მიმდინარეზე - 20 000,24 ლარი; ანაბარზე კი - 0.18 დოლარი და 0,04 ლარი ჰქონდა.
ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, კვერენჩხილაძემ 2018 წელს 3 254 დოლარად 2 005 Ripple (XRP) და 1 716 დოლარად 10 Litecoin (LTC) შეიძინა.
რაც შეეხება მის შემოსავალს, საკონსტიტუციო სასამართლოს გარდა, კვერენჩხილაძემ 17 400 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორობის შედეგად.
ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში კვერენჩხილაძეს ჰქონდა 60 000 ლარის ოდენობის იპოთეკური სესხი "თი-ბი-სი ბანკში“, რომლის შედეგადაც მისმა წლიურმა გასავალმა გასულ წელს 23 513,02 ლარი შეადგინა. ამასთან, 2017 წლის განმავლობაში შვილებისთვის ზოგადსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევაზე მოსამართლის წლიურმა გასავალმა 3 800 დოლარი შეადგინა.
კვერენჩხილაძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. დეკლარაციის მიხედვით, მის მეუღლეს „საქართველოს ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 5,18 ლარი ჰქონდა; მისმა შემოსავალმა კი ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლაში ესპანური ენის პედაგოგობისას 3 600 ლარი შეადგინა. ამასთან, დეკლარაციის შევსების მომენტში მის შვილს "საქართველოს ბანკის" sCool Card-ზე 6,03 ლარი ჰქონდა.