სახელმწიფო მოხელეების ხელფასების, დანამატებისა და პრემიების საკითხი მუდმივად განხილვის საგანია.აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მოხელეს მთავრობის მეთაურზე მეტი ანაზღაურებაც კი აქვს. ერთ-ერთი მათგანი იყო მთავრობის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ილია ბეგიაშვილი, რომელმაც აღნიშნულ პოსტზე 2017 წლის განმავლობაში 80 300 ლარის შემოსავალი მიიღო, მაშინ როცა პრემიერის შემოსავალმა ანალოგიურ პერიოდში 51 ათასი ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, ილია ბეგიაშვილი ამჟამად, რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის მოადგილეს თანამდებობას იკავებს. იგი ამ პოსტზე მიმდინარე წლის აპრილში დაინიშნა.
კარიერის ადრეულ ეტაპზე, ბეგიაშვილი სიღნაღის გამგეობაში, სამედიცინო საკითხებში გამგებლის მრჩევლის პოზიციაზე მუშაობდა. ხოლო მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე კი მთავრობის ადმინისტრაციაში ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და შემდეგ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. გარდა საჯარო სექტორისა, ბეგიაშვილს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. მათ შორის სხვადასხვა მიმართულებით მმართველ პოზიციებს იკავებდა - „თეგეტა მოტორსში“, „PSP ჯგუფსა“ და CU Pharma-ში.
მიმიდნარე წლის 29 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ილია ბეგიაშვილი ფლობს 620 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს სოფელ ნაღვარევში.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 858,9 ლარი; 249,17 ლარი; 0,83 დოლარი; 3,98 ევრო ჰქონდა. ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, ბეგიაშვილი ფლობს შპს „სპეც-კომის“ 100%-იან წილს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მისი საქმიანობით გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია.
ილია ბეგიაშვილს ჰყავს მეუღლე და შვილი. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისი მეუღლე ფლობს, 197,65 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში; ასევე ამავე მისამართზე მდებარე 12,5 კვ. მეტრის ავტოსადგომს, რომელიც 2017 წელს 6500 დოლარად შეიძინა და დაბა ბაკურიანში მდებარე 1 724 კვ. მეტრი ფართობის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის 14,28%-ს, რომელიც გასულ წელს 17 000 დოლარად შეიძინა. მის საკუთრებაშია ასევე, მსუბუქი ავტომობილი toyota rav4.
მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში, სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 8,31 ლარი; 0,21 დოლარი; 4 002 ლარი; 19,99 და 2 524,08 ლარი ჰქონდა. მისმა შემოსავალმა წინა წელს შპს „მობიტელის“ პერსონალთან მუშაობისა და ორგანიზაციული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობისას 209 242,54 ლარი შეადგინა.