პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძე აირჩია. თადუმაძემ მთავარი პროკურორის პოსტი 6-წლის ვადით დაიკავა.შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 12 აპრილიდან თადუმაძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას; მანამდე კი მთავრობის საპარლამენტო მდივნის პოზიციას იკავებდა. აღნიშნულ პოსტზე მისი ანაზღაურება 2017 წლის განმავლობაში 94 500 ლარი იყო. როგორც აღმოჩნდა, ის იმ მოხელეებს შორის არის, რომელთაც მთავრობის მეთაურზე მეტი ანაზღაურება ჰქონდათ. ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერმა 2017 წლის განმავლობაში 51 ათასი ლარის ოდენობის ანაზღაურება მიიღო.
რაც შეეხება ახალ, მთავარი პროკურორის თანამდებობას, ამ პოსტზე ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 2017 წელს 117 360 ლარის შემოსავალი მიიღო.
რაც შეეხება მთავარი პროკურორობის კანდიდატის ქონებას, 2018 წლის 29 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, თადუმაძე ფლობს 93 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, რომელიც 2016 წელს 55 000 დოლარად შეიძინა. მის საკუთრებაშია ასევე: 70 კვ. მეტრის ოფისი დედაქალაქში; 80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში და 1100 კვ. მეტრის აგარაკი ნატახტარში.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 9 179 ლარი; 9 083 ლარი და 514 დოლარი ჰქონდა. ამასთან, დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს თადუმაძემ საშემოსავლო გადასახადის სახით 18 900 ლარი გადაიხადა.
თადუმაძეს ჰყავს მეუღლე და 1 შვილი. მისი მეუღლე ფლობს 113 კვადრატული მეტრი ფართობის კომერციულ ფართს თბილისში, რომელიც 2018 წელს 90 000 დოლარად შეიძინა. მის საკუთრებაშია ასევე: 120 კვ. მეტრის ბინა დედაქალაქში. მასვე საბანკო ანგარიშებზე - 9400 დოლარი და 3000 ლარი ჰქონდა. ამასთან, დეკლარაციის თანახმად, თადუმაძის მეუღლე კ/ს „შალვა თადუმაძე და ბი ელ ფი კონსალტინგის“ და კს „მზევინარ ანსიანის ლოია კლაბის“ 100%-100%-იან წილებსა და შპს „ევრო აგროს“ 33%-იან წილს ფლობს.