28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი „ევროპულმა საქართველოს“ რიგებიდან დავით ბაქრაძე იქნება.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, ბაქრაძის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.
2018 წლის 23 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, დავით ბაქრაძე ფლობს 213 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში; იმავე მისამართზე მდებარე 28 კვ. მეტრის ავტოფარეხს და 1751 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს საგურამოში.
მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 430 ლარი; 13 414 დოლარი; 337 ლარი; 14 821 ლარი; 1 770 ლარი და 60 დოლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 15 000 და 19 000 ჰქონდა.
ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ბაქრაძის როგორც პარლამენტის წევრის შემოსავალმა 2017 წლის განმავლობაში 74 865 ლარი შეადგინა. ასევე ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ბაქრაძემ გასულ წელს 6 000 დოლარად შეიძინა კრიპტოვალუტები, ხოლო მათი გაყიდვით 26 000 დოლარი მიიღო. გარდა ამისა, მისმა გასავალმა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის სახით - 2 380 ლარი; პოლიტიკური შემოწირულობის სახით კი 5 000 ლარი შეადგინა.
დავით ბაქრაძეს ჰყავს მშობლები, მეუღლე და ორი შვილი, თუმცა, ქონებრივ დეკლარაციაში იმ ოჯახის წევრების მონაცემებია ასახული, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ მასთან ერთად, შესაბამისად, დეპუტატის 1 შვილის შესახებ მონაცემები დეკლარაციაში ნაჩვენები არ არის. პრეზიდენტობის კანდიდატის დედა ფლობს 339 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთსა და 287 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს ტიბაანში, რომლის 1-ლი სართულის იჯარითაც 12 000 ლარის შემოსავალი მიიღო.
ბაქრაძის მეუღლის შემოსავალმა წინა წელს ჩაჩავას კლინიკაში მარკეტინგის დარგში დირექტორის თანაშემწედ მუშაობისას 11 250 ლარი შეადგინა. რაც შეეხება შვილს, დეკლარაციის შევსების მომენტში მას საბანკო ანგარიშზე 38 088 ლარი და 130 დოლარი ჰქონდა.