გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა აღნიშნულ პოსტზე გასულ წელს შემოსავლის სახით, 136 339,29 ლარი მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაცია მიმინოშვილის ბოლო, მიმდინარე წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული.
კერძოდ, 2018 წლის 31 აგვისტოს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მაია მიმინოშვილი ფლობს 340 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლსა და 900 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს თბილისში.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე მას ჯამში, 108,529.46 ლარი ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ მიმინოშვილის მიერ გასულ წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციასთან გარკვეული შენიშვნები ჰქონდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“. მათი ინფორმაციით, მაია მიმინოშვილმა 2017 წელს ქონებრივი დეკლარაცია არასრულად შეავსო. კერძოდ, ორგანიზაციაში აღნიშნავდნენ, რომ დოკუმენტში არ იყო მითითებული მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული ქონება. მათ შორის, მასთან მცხოვრები შვილის ბიზნესსაქმიანობისა თუ სხვა ქონების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ უკვე მიმდინარე წელს შევსებულ დეკლარაციაში არ არის მითითებული მიმინოშვილის ოჯახის წევრები, როგორც მასთან მუდმივად მცხოვრები პირები. თუმცა, წინა წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მას ყავს შვილი, რძალი და 2 შვილიშვილი.