კიდევ ერთი მოხელე, რომელსაც პრემიერზე მაღალი შემოსავალი აქვს

სახელმწიფო მოხელეების ხელფასების, დანამატებისა და პრემიების საკითხი მუდმივად განხილვის საგანია. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მოხელეს მთავრობის მეთაურზე მეტი ანაზღაურებაც კი აქვს.

ამ ჩინოვნიკების შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრზე მაღალი შემოსავალი მიიღო გასულ წელს სსიპ-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმაც, რომლის წლიური შემოსავალიც 72 950 ლარი იყო.

ცნობისთვის, გასულ წელს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა 51 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.

2018 წლის 20 სექტემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ნინო ჩიქოვანი ფლობს 16, 54 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის 30%-იან წილს თბილისში, რომელიც 2016 წელს მემკვიდრეობით მიიღო; 600 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს წყნეთის სატყეო მეურნეობაში; 9,63 კვ.მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს; 600 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს ბულაჩაურში. მის საკუთრებაშია ასევე: 154 კვ. მეტრის ბინა დედაქალაქში, რომელიც 2016 წელს 200 000 ლარად აქვს შეძენილი; 41,73 კვ. მეტრის ბინა თბილისში; 45 კვ. მეტრისა და 3 996 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთებს დედაქალაქში და 113 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს სოფელ ხიმში.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, 13 919.14 ლარი და 43 830 დოლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 10 000 ლარი ჰქონდა. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ჩიქოვანი შპს „ენ სი ჯგუფის“ პარტნიორი იყო, რომლის საქმიანობითაც შემოსავალი არ მიუღია გასულ წელს.

ნინო ჩიქოვანს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი მეუღლის წლიურმა შემოსავალმა შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ველისციხის ქარხნის მენეჯერის თანამდებობაზე 19 500 ლარი შეადგინა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა 1960 წლიდან ზრუნავს ქართული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე და ამისთვის სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს, აქტივობებს გეგმავს და ცდილობს საქართველოში მოღვაწე ყოველი მეწარმის ინტერესები დაიცვას. პალატა ინტენსიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან, გეგმავს და მართავს ბიზნეს-ფორუმებს, აკავშირებს უცხოურ კომპანიებს ქართველ მეწარმეებთან და თითოეულ მათგანს საქმიანობაში წარმოქმნილი სირთულეების დაძლევაში ეხმარება.