„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ შექმნილმა ღია მონაცემების პლატფორმა - DataLab-მა 2017 წლის შემოსავლების მიხედვით ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოხელეების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია.DataLab-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 6 ყველაზე მაღალანაზღაურებად მოხელეს შორის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორი წევრი - ელისო ასანიძე და გიორგი ფრუიძეც მოხვდნენ. ელისო ასანიძის შემოსავალმა 2017 წელს - 235 555 ლარი შეადგინა, ხოლო გიორგი ფრუიძემ ამავე პერიოდში 234 620 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მათი ქონებრივი მდგომარეობა. მიმდინარე წლის 29 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ასანიძე ფლობს სამ ბინას თბილისში, რომელთაგან ერთი - 2016 წელს 140 000 დოლარად შეიძინა. მის საკუთრებაშია ასევე: საცხოვრებელი სახლი გუდაურში; იმავე მისამართზე მდებარე 300 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი და 8 კვ. მეტრის სარდაფი დედაქალაქში.
მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 7 892.48 ლარი და 7 013,55 დოლარი ჰქონდა. მას ჰყავს მეუღლე და 1 შვილი. მისი მეუღლე ფლობს ბინას თბილისში და მსუბუქ ავტომობილს TOYOTA PRADO-ს. მასვე საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 34 874.56 ლარი; 5 086.79 ევრო და 88.85 დოლარი ჰქონდა. ის არის ასევე შპს „კერა თრეველის“ 100%-იანი წილის მფლობელი, რომლის საქმიანობითაც გასულ წელს 27 875 ლარის შემოსავალი მიიღო. ამასთან, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის და ქსელების მთავარ სპეციალისტად მუშაობისას მისმა შემოსავალმა 75 121,95 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება გიორგი ფრუიძეს, რომელიც ასევე ერთ-ერთია იმ ექვს მოხელეს შორის, რომლებიც ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებენ, მის მიერ შევსებული ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის 29 მაისით თარიღდება. დეკლარაციის მიხედვით, ფრუიძე ფლობს ბინას და არასაცხოვრებელ ფართს თბილისში; 540 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს მუხათწყაროში.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე, 25 833.43 ლარი; 302,65 დოლარი და 68,22 ევრო; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 15 000 ლარი ჰქონდა.
გიორგი ფრუიძეს ჰყავს მეუღლე და 1 შვილი. მისი მეუღლე ყოფილი ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილია, რომლის შემოსავალმაც მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის შტატგარეშე მოსამსახურედ მუშაობისას 2017 წლის 30 ივნისიდან 31 დეკემბრის პერიოდში 77 500 ლარი შეადგინა. ამასთან, ლაზაშვილი ფლობს, 47,58 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, რომელიც 2017 წელს 23 000 დოლარად შეიძინა. მის საკუთრებაშია ასევე: 1 000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი საგურამოში და მსუბუქი ავტომობილი TOYOTA C-HR, რომელიც 2016 წელს 24 000 დოლარად აქვს შეძენილი. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 5 660.77 ლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 3 000 ევრო ჰქონდა.