რა ქონებას ფლობს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომელსაც დეკლარაციაში წინა სამსახურში მიღებული შემოსავალი არ აქვს მითითებული

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე ნათია თურნავამ 1-ლი ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 14 ნოემბერს შეავსო.

აღსანიშნავია, რომ დეკლარაციაში თურნავას წინა თანამდებობაზე მიღებული შემოსავალი არ აქვს მითითებული. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტრომდე 2013-2018 წლებში თურნავა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

რაც შეეხება მის დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას, დოკუმენტის თანახმდ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ფლობს: 130,79 კვადრატული მეტრისა და 137,21 კვ. მეტრი ფართობის ორ ბინას თბილისში; ასევე დედაქალაქში მდებარე 20,3 კვ. მეტრის ავტოფარეხსა და 1 615 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს მცხეთაში.

მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 20 665 ლარი, 5 444 დოლარი; ასევე 13 ათას ლარინი საკრედიტო ბარათი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 50 000 დოლარი ჰქონდა.

ამასთან, როგორც დეკლარაციაში აღნიშნული, ნათია თურნავას შპს „სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის“ 15%-იანი წილი ეკუთვნოდა; ასევე დეკლარაციაში ფიქსირდება როგორც სს „კონსტანტას“ აქციონერი, რომელიც „თიბისი ბანკს“ შეერწყა 2015 წელს; სს „აეროსტრუქტურების ტექნოლოგიებისა“ და შპს გარდაბნის თბოსადგურის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელთა საქმიანობითაც წინა წელს შესაბამისად, 23 951,07 ლარისა და 24 000 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, თურნავას მიერ გასულ წელს გადახდილმა ქონების გადასახადმა - 11 984 ლარი; საშემოსავლო გადასახადმა საცხოვრებელი ფართის იჯარაზე კი - 2 370 ლარი შეადგინა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ჰყავს მეუღლე, რომელიც ფლობს - ორ ბინას ბათუმში, 1 ბინას თბილისში, ასევე სამ მიწის ნაკვეთს დედოფლისწყაროში; ორ მიწის ნაკვეთს ლაგოდეხის რაიონში და 380 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს თბილისში. მის საკუთრებაშია ასევე: მსუბუქი ავტომობილი Mercedes Benz ML class-ი. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 1 275,71 ლარი; 1 491.47 დოლარი და 2 603,03 ევრო ჰქონდა. გარდა ამისა, არის შპს „სამშენებლო კონსტრუქციის“ 100%-იანი წილის მფლობელი.