”ჯორჯიან მანგანეზმა” ფეროშენადნობთა ქარხანაში ახალი ღუმელი გაუშვა ექსპლუატაციაში

კომპანია ”ჯორჯიან მანგანეზმა” ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ახალი, მაღალტექნოლოგიური 25 მეგავატიანი სიმძლავრის ღუმელი გაუშვა ექსპლუატაციაში.

როგორც კომპანიაში განაცხადეს, ახალი საწარმოო ღუმელი 25,5 მეგავატი სიმძლავრისაა და ტექნოლოგიურად მრავალი უპირატესობებით გამოირჩევა, როგორც რესურსის ეფექტური მოხმარებით, ასევე გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით.

”ამით ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა უახლოვდება მსოფლიოს წამყვან მეტალურგიულ საწარმოების სტანდარტებს და საქართველოში ფეროშენადნობების ახალ ტექნოლოგიურ პროცესს უყრის საფუძველს.

2012 წლიდან, მსხვილი ქართულ-ამერიკულ ინდუსტრიულ ჰოლდინგში “ჯორჯიან ემერიქან ელოიზში” გაერთიანების შემდეგ კომპანიამ “ჯორჯიან მანგანეზი” 52 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ტექნოლოგიური და ტექნიკურ გადაიარაღების, ასევე საწარმოო სიმძლავრეების ოპტიმიზაციის მიზნით.

გასულ წელს ინდურ ტექნოლოგიურ კომპანიასთან GHALSASI ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, ახალი ტიპის ფეროშენადნობი ღუმელის მშენებლობაზე, საინვესტიციო ღირებულებით შვიდი მილიონი აშშ დოლარი. კომპანია GHALSASI (http://ghalsasigroup.com/) დაფუძნდა 1986 წელს და ლიდერი კომპანიაა ფერ შენადნობთა წარმოებაში, მას მართავს ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის ექსპერტთა ჯგუფი, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ მრეწველობის დარგში.

GHALSASI-ს შექმნილი და დაპროექტებული აქვს 150-ზე მეტი სხვა და სხვა ტიპის სადნობი ღუმელები ომანში, ირანში, ბახრეინში, სუდანში თავად ინდოეთსა და პაკისტანში”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მათივე ცნობით, გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და სხვა ოფიციალური პირები.