ადვოკატი მაია რჩეულიშვილის 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს

მაია რჩეულიშვილს მარცხენა ფილტვზე სიმსივნე აქვს და ასევე გულის იშემიური დაავადება, - ამის შესახებ „ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დაცვის მხარე დღეს სასამართლოს წარუდგენს სამედიცინო დოკუმენტაციას, რომლის თანახმადაც ადვოკატები რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ.

როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, სასამართლოსთვის წარსადგენ დოკუმენტაციაში ყველა ექიმი ხელს აწერს იმას, რომ რჩეულიშვილის მდგომარეობა მძიმეა.

”ეს არის კომპლექსურად ყველა კლინიკიდან გამოთხოვილი დოკუმენტები, სადაც მაია რჩეულიშვილს ჩაუტარდა კვლევა დღვანდელი დღის ჩათვლით. ყველა ექიმი ხელს აწერს იმ დასკვნას, რომ მაია რჩეულიშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მას აქვს მარცხენა ფილტვზე სიმსივნე, გულის იშემიური დაავადება და აქვს კუჭნაწლავის სერიოზული პრობლემები. გავაცნობთ მოსამართლეს ამ დოკუმენტაციას, ასევე ბრალდების მხარესაც და ვფიქრობთ, ობიექტური იქნება მოსამართლის მხრიდან ჩვენი შუამდგომლობის დაკმაყოფილება”, - განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ.

როგორც ადვოკატი განმარტავს, დაცვის მხარე იშუამდგომლებს, რომ მაია რჩეულიშვილი 50 000-იანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს, ვინაიდან მკურნალობა საკმაოდ ძვირი ჯდება და შესაბამისად, სასამართლოს უფრო მეტ თანხას ვერ შესთავაზებენ.

სახელმწიფო ბრალდება რჩეულიშვილის ადვოკატების პოზიციას არ იზიარებს. როგორც პროკურორმა დავით გუმბერიძემ აღნიშნა, მათ დაიწყეს კონსულტაცია სამედიცინო პერსონალთან. როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდება მიიჩნევს, რომ მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებული არ არის და უბრალოდ ხდება გაზვიადება.