ქართველი ინჟინრის უნიკალურმა გამოგონებამ სოფლის მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა მოუხსნა

სოსო ნარჩემაშვილის მიერ გამოგონებული წყალსაქაჩი აგრეგატი უკვე შვიდ სოფელშია დამონტაჟებული.

,,ირექსონმა” მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა მოუხსნა. ტუმბოს უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ წყლის წნევაზე მუშაობს და ფუნქციონირებისთვის არანაირი ხარჯი არ სჭირდება. როგორც გამომგონებელი სოსო ნარჩემაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, წყალსაქაჩი აგრეგატი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ამისთვის ადამიანის ჩართულობას არ საჭიროებს.

,,აგრეგატის სიმძლავრე და წარმადობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის მკვებავი მილის დიამეტრსა და წნევაზე. ტუმბოს წყლის აქაჩვა რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე შეუძლია. დიდი ხანი არაა, რაც აგრეგატი სოფელ ოლავერდში დავამონტაჟეთ. მისი მეშვეობით 200-ტონიანი ავზი ერთ დღე-ღამეში ივსება”, - აღნიშნავს სოსო ნარჩემაშვილი. მისი თქმით, თუ ყველა ფაქტორი გათვალისწინებულია, დანადგარს წამში ათი ლიტრი წყლის ამოქაჩვა შეუძლია.

მოწყობილობა, რომელიც საწვავის, დენისა და სხვა დანახარჯების გარეშე მუშაობს, უკვე დაპატენტებულია.

სოფელ ოლავერდში ,,ირექსონი” მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა. როგორც პროექტის კოორდინატორი აღნიშნავს, ადგილების შესწავლა გრძელდება და წყალსაქაჩი აგრეგატით კიდევ ბევრი სოფლის წყალმომარაგების პრობლემის მოხსნაა შესაძლებელი.

„სამცხე ჯავახეთის, შიდა ქართლისა და მარნეულის ბევრ სოფელშია წყლის მიწოდების პრობლემა. ამ გამოგონებით საკითხის მოგვარება მინიმალური დანახარჯებითაა შესაძლებელი”, - აღნიშნავს თიკო ტყეშელაშვილი.

ქრისტინე გამთენაძე

წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე