ონლაინ შოპინგი სელფისა და თითის ანაბეჭდით გახდება შესაძლებელი

ამერიკულმა კომპანია MasterCard-მა ონლაინ მყიდველებისათვის ინტერნეტში საკუთარი შენაძენის დასტური თითის ანაბეჭდის ან სელფის საშუალებით გახადა შესაძლებელი.

Financial Times-ის ცნობით, აპლიკაცია Identity Check Mobile მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მოახდინოს ონლაინ შეძენა პაროლის აქტივაციის, PIN-კოდის ან დასტურის კოდის გარეშე. აპლიკაციის საცდელი ვერსია უკვე მოქმედებს ევროპის 12 ქვეყანაში, სულ მალე მათ რიცხვს შეუერთდება აშშ, ნიდერლანდები და კანადა. 2017 წლიდან კი აპლიკაცია ხელმისაწვდომი გახდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომპანია Mastercard რისკებისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის პრეზიდენტის აჯეი ბჰალას განცხადებით, აპლიკაცია „მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია გადახდების ევოლუციაში.“

ინტერნეტ ბაზრის კვლევითი კომპანია Juniper Research-ის წინასწარი შეფასებით, მობილური ან სხვა ტიპის მოწყობილობებით ონლაინ შოპინგის მოცულობა 2018 წლისთვის 95 მილიარდ დოლარს მიაღწევს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 35 მილიარდი დოლარი იყო.

კოკა კვირკველია