ამაზონის მომავლის მაღაზია, სადაც არც მოლარე დაგხვდებათ და არც რიგები (ვიდეო)

ამერიკულმა გიგანტმა Amazon-მა სიეტლში მომავლის სასურსათო მაღაზია Amazon Go გახსნა, სადაც არც მოლარე დაგხვდებათ და არც რიგები.

Amazon Go-ში მყიდველები პროდუქტს თაროდან იღებენ, პირდაპირ ჩანთაში დებენ და მაღაზიას ტოვებენ ისე, რომ მოლარესთან თანხას არ იხდიან. ყველაფერი ეს შესაძლებელი გახდა სპეციალური მოწყობილობების საშუალებით, რომელზეც კომპანია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა.

მაღაზიაში განთავსებული უამრავი კამერა თვალს ადევნებს მყიდველების თითოეულ მოძრაობას და განსაზრვრავს თუ რა შეიძინეს მათ. ყიდვის დასაწყებად საკმარისია Amazon Go აპლიკაციის გახსნა და მაღაზიაში შესვლისას QR-კოდის მიღება. ამის შემდეგ ტელეფონი შეგიძლიათ ჯიბეში ჩაიდოთ. სისტემა ავტომატურად ამატებს თქვენს მიერ შერჩეულ საქონელს ვირტუალურ ჩეკში. თუ მყიდველი კონკრეტული პროდუქტის შეძენას გადაიფიქრეს, პროგრამა ავტომატურად შლის მას. მაღაზიიდან გამოსვლის დროს, ტექნოლოგია Just Walk Out ავტომატურად ახორციელებს ფულის ჩამოჭრას Amazon-ის ბალანსიდან.

ამ ეტაპზე ექსპერტიმენტის სახით მომავლის მაღაზია სიეტლში გაიხსნა და მხოლოდ კომპანიის თანამშრომლებისთვის არის ხელმისაწვდომი, თუმცა 2017 წლიდან ყველა მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.