BMW რევოლუციურ მოდელს ამზადებს: როგორი იქნება BMW i5?

BMW 2021 წელს რევოლუციურ ავტომობილს გამოუშვებს - BMW iNext-ს, რომელიც არა მხოლოდ ელექტრომობილი იქნება, არამედ სრულიად ავტონომიურად ივლის. ბავარიელები გეგმის მიხედვით მუშაობას აგრძელებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ 2021 წელს დაპირებული ავტოპილოტიანი ელექტრომობილი წარმოადგინონ. მიუნხენელები ამ ავტომობილს iNext-ს უწოდებენ, გერმანული AUTO BILD კი ვარაუდობს, რომ სერიული მოდელის სახელწოდება BMW i5 იქნება. აღსანიშნავია, რომ ამ მოდელის გამოშვებამდე, კონცერნი ”მინის” ელექტრო-ვერსიასაც შემოგვთავაზებს (2019 წელს) და ელექტრომობილის სახით BMW X3-საც წარმოადგენს (2020).

წინასწარი ინფორმაციით, BMW iNext (გნებავთ i5) SUV-ისა და ვენის ნაზავი იქნება, თავისი ზომებით კი, სადღაც ”მესამე სერიასა” და 5er GT-ს შორის იქნება პოზიციონირებული. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ეს ავტომობილი i3-ზე და i8-ზე მასობრივი იქნება. მისი დიზაინი ნაკლებად რადიკალური უნდა იყოს, ამძრაობის კონცეფცია კი, მაქსიმალურად თანამედროვე. მიუნხენელთა გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ ეს მოდელი i3-ზე გაცილებით უკეთ უნდა გაიყიდოს.

2017 წელს BMW მიუნხენში სპეციალურ ცენტრს გახსნის, სადაც ბავარიელთა საუკეთესო ექსპერტები და ინჟინრები ამ მომავლის ავტომობილზე იმუშავებენ, ტექნიკას და ავტოპილოტს შეიმუშავებენ, გამოცდიან და არაუგვიანეს 2021 წლისა, მანქანა სერიული წარმოებისთვის მზად უნდა იყოს. მიუნხენელთა მიზანია, შექმნან ისეთი ავტოპილოტი, რომ მძღოლს მხოლოდ სპეციალურ სიტუაციებში უწევდეს საჭის გადაბარება. თუმცა BMW-ს მოყვარულები ნუ ინერვიულებენ: ოფიციალურად დადასტურებული ამბავია, რომ მძღოლს ყოველთვის ექნება არჩევანი, ავტომობილმა ყველაფრის კონტროლი თავის თავზე აიღოს (Ease რეჟიმი), თუ მძღოლი მართავდეს მას (Boost რეჟიმი). ერთი სიტყვით, BMW-ს უმთავრესი მიზანი ავტონომიური მართვის ელექტრომობილურობასთან იდეალურად დაკავშირებაა.

გეგმის მიხედვით, iNext-ში გაცილებით მეტი სივრცე უნდა იყოს, ვიდრე ”მესამე სერიაშია”. არ იქნება აუცილებელი, რომ კაპოტის ქვეშ 6-ცილინდრიანი ძრავა ჩაეტიოს. მიუნხენელები ახლა იმ ალგორითმებს ამუშავებენ, რაც სრულყოფილი ავტოპილოტისთვის იქნება საჭირო. ამასთან, BMW-ს უმთავრესი მიზანია, რომ ავტომობილის მართვა მაქსიმალურად სასიამოვნო იყოს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, iNext-მა დამუხტვის შემდეგ მინიმუმ 550 და მაქსიმუმ 750 კილომეტრის გავლა უნდა შეძლოს. მუშაობა მიდის ელემენტების ტექნიკის სრულიად ახალ თაობაზე, რათა ავტომობილი შეძლებისდაგვარად მცირე დროში დაიმუხტოს. მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ BMW მოქნილ არქიტექტურას ქმნის, რომელიც ერთდროულად ელექტრომობილებისთვის, ჰიბრიდებისთვის და შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილებისთვის იქნება გათვალისწინებული. და iNext სწორედ ამ ახალ პლატფორმაზე აგებული პირველი ავტომობილი უნდა იყოს.

წყარო autobild.ge