გავრცელდა პეტიცია, სადაც ქართველები ილონ მასკს "ტესლას" გიგაქარხნის საქართველოში გახსნას სთხოვენ

მას შემდეგ, რაც ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის Tesla-ს შეფმა ილონ მასკმა გამოაცხადა, რომ კიდევ ერთი გიგაქარხნისთვის ევროპაში ადგილის შერჩევას აპირებს, მის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.

ასე მოხდა საქართველოშიც. სოციალურ ქსელებში ერთ-ერთმა მომხმარებელმა წამოიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც ილონ მასკს გიგაქრხნის ასაშენებლად საქართველოს სთავაზობს. ამავე კამპანიის ფარგლებში, ასევე გავრცელდა პეტიცია მსგავსი მოთხოვნით.

„უმეტესობა თქვენგანმა იცის „ტესლას“ შესახებ... კომპანია უახლოეს წლებში ნევადას შტატში თავისი პირველი გიგაქარხნის მშენებლობას დაასრულებს, რომელიც ყველაზე დიდი იქნება მსოფლიოში. მშენებლობა 5 მილიარდი დოლარი ჯდება.

როგორც იცით, „ტესლა“ შთამბეჭდავი ტემპებით ზრდის წარმოებას და მალე ამერიკაში არსებული ქარხნები აღარ ეყოფა მთელი მსოფლიოს მომარაგებას.

შესაბამისად „ტესლამ“თავისი მეორე გიგასაწარმოს ასაშენებლად ევროპაში ადგილის შერჩევა დაიწყო.

რამდენიმე ქვეყანა უკვე ცდილობს მასკის დაინტერესებას საკუთარი ტერიტორიებით. ბოლოს და ბოლოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით ქვეყანა მიიღებს 5 მილიარდი დოლარს და დაახლოებით 10 000 სამუშაო ადგილს...

არ არსებობს მიზეზი თუ რატომ არ უნდა გავაქტიურდეთ. ამ კამპანიით მინიმუმ ყურადღების მიქცევას შევძლებთ“, - წერს მომხმარებელი „ფეისბუქზე“.

მსგავსი ტიპის კამპანია უკვე წამოიწყო პორტუგალიამ.

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა „ტესლამ“ ბატარეების დამამზადებელი საკუთარი უზარმაზარი ქარხნის პირველი ნაწილი გახსნა. ნევადის შტატის ქალაქ რენოსთან განლაგებული ე.წ. „გიგაქარხანა“ მომავალში იმაზე მეტ ლითიუმ-იონის ბატარეას გამოუშვებს, რაც 2013 წელს, მთელს მსოფლიოში იქნა დამზადებული. ქარხნის მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის არის დაგეგმილი.

იხილეთ პეტიცია

კოკა კვირკველია