"სამსუნგმა" Galaxy Note 7-ის აფეთქების მიზეზს მიაგნო

სამხრეთკორეულ კომპანია Samsung-ის განცხადებით, Galaxy Note 7-ის აფეთქების მთავარი მიზეზი დეფექტური აკუმულატორია, რომელიც გადახურების შედეგად ფეთქდება.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, Samsung-ის სპეციალისტები პასუხისმგებლობას იღებენ ამ შეცდომისთვის და მთლიანად შეცვლიან აკუმულატორის კონსტრუქციასა და წარმოების პროცესს.

„იმისათვის, რომ ეს აღარ განმეორდეს, ჩვენ გავატარეთ კორექტივები და მივიღეთ საჭირო ზომები", - ნათქვამია განცხადებაში.

Galaxy Note 7 გაყიდვაში 2016 წლის აგვისტოში გამოჩნდა. პირველი ორი თვის განმავლობაში ტელეფონების აფეთქების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც კორპორაციამ ჯერ მოდელის გაყიდვა, შემდეგ კი წარმოებაც შეაჩერა. ხარვეზის გამო კომპანიამ გაყიდვიდან 2,5 მილიონი სმარტფონი ამოიღო.