„იტალდიზაინმა“ და „ეარბასმა“ ერთობლივი მფრინავი ავტომობილი შექმნეს

საავტომობილო და საავიაციო ინდუსტრიები საერთო პროექტებზე იშვიათად მუშაობენ და როცა მათ საერთო ინტერესები უჩნდებათ, მათი ერთობლივი ქმნილება გაოცებას იწვევს.

სწორედ ამის თქმა შეიძლება იტალიურ კომპანია „იტალდიზაინისა“ და ევროპულ აეროკოსმოსურ კონსორციუმ „ეარბასის“ ერთობლივ კონცეპტუალურ პროექტზე, სახელად „პოპ.აპ“ (Pop.Up), რომელიც მათ ჟენევის მოტორ შოუზე წარადგინეს.

აპარატი იმითაა საინტერესო, რომ გადაადგილებას შეუძლია როგორც ჰაერში, ასევე გზაზე. ამისთვის მას აქვს ორი ელექტრული ამძრავი მოდული და ერთიც სამგზავრო კაფსულა. აპარატის მთავარი ნაწილი არის სამგზავრო კაფსულა, რომელიც ორ ადამიანზეა გათვლილი. ის კარბონის კომპოზიტისგან დამზადდა. კაფსულის სიგრძე 2.6 მეტრია, სიგანე 1.4 მეტრი, სიმაღლე კი - 1.5 მეტრი.

ფრენის მოდული დრონის ტიპის კვადროკოპტერია, რომელსაც ოთხი წყვილი პროპელერი აქვს. თითო წყვილში ხრახნები საპირისპირო მიმართულებით ბრუნავენ. საჰაერო მოდული კაბინას სახურავით იმაგრებს და ვერტიკალურად აფრენის უნარი გააჩნია. საგზაო მოდული წარმოადგენს ელექტრულ პლატფორმას, რომელზეც კაბინა ძირით მაგრდება. საფრენი და საგზაო მოდულები ელემენტების საკუთარი ბლოკებითაა აღჭურვილი.

კაბინა აღჭურვილია მგზავრებთან კავშირის ციფრული სისტემით, რომელიც აპარატის განსხვავებულ რეჟიმებს თავად ირჩევს. მთავარია მის პროგრამაში დანიშნულების ადგილის შეყვანა. ის თავად განსაზღვრავს ოპტიმალურ მარშრუტს, გადაწყვეტს ჰაერით მგზავრობა სჯობს, თუ გზით და შესაბამის მოდულს „გამოიძახებს“. მასთან მიმაგრებაც ავტომატურად ხდება. ის მოდული კი, რომელიც საჭირო არაა, თავად დაუბრუნდება სადგომს, სადაც თავისი ელემენტების დამუხტვას გააგრძელებს.

„პოპ.აპ-ის“ აგებულება იმის საშუალებას იძლევა, რომ საგზაო და საფრენი მოდულები, სხვადასხვა კაბინებმა გამოიყენონ. ისინი ქარშეარინგის პრინციპით იმუშავებენ. მარშრუტის შედგენისას კი ითვალისწინებენ გზებზე არსებულ სიტუაციას, ამინდს და სხვა ინფორმაციას, რომლებსაც სხვა მსგავსი აპარატებისგან ღებულობენ.

საგზაო მოდული ორი ელექტრო ძრავით არის აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 80 ცხენის ძალაა. 15-წუთიანი დამუხტვა საკმარისია იმისათვის, რომ მისი მეშვეობით, 130 კილომეტრი გაიაროთ. მაქსიმალური სიჩქარე 100 კმ/სთ-ია. საჰაერო მოდულის ძრავების ჯამური სიმძლავრე 182 ცხენის ძალას აღწევს. მისი ელემენტების ბლოკიც 15 წუთში იმუხტება, რაც 100 კილომეტრის სიშორეზე საფრენად არის საკმარისი.

გამოფენაზე პროექტის ავტორებს არაფერი უთქვამთ იმაზე, აპირებენ თუ არა „პოპ.აპ-ის“ წარმოებას. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს და საშუალოვადიან პერსპექტივაში, მსგავსი მფრინავი მანქანის ბაზარზე გამოჩენა მოსალოდნელი არ არის.