საფლავის QR-კოდი - ქართველების კიდევ ერთი გამოგონება

საქართველოში ინოვაციური პროდუქტი გამოჩნდა, რომელიც საფლავზე დატანებული უნიკალური QR-კოდის საშუალებით გარდაცვლილი ადამიანის შესახებ ინფორმაციის ნახვის შესაძლებლობას იძლევა.

კომპანია „ქრონოსის“ მიერ შექმნილი ტექნოლოგია გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრთა თანხმობით ინახავს ინფორმაციას გარდაცვლილის შესახებ: ისტორია მისი ცხოვრების შესახებ, სურათები და ვიდეოები, ოჯახის საკონტაქტო ინფორმაცია და საფლავის მისამართი.

"QR ტექნოლოგიების გამოყენებით მზადდება "ქრონოსი" - პატარა ზომის ქვა, რომელზეც დატანილი იქნება კოდი. ქრონოსი მოთავსდება სასაფლაოზე. იქ მისულ პირებს საშუალება ექნებათ, QR წამკითხველი აპლიკაციის მეშვეობით, გახსნან ამ პიროვნების ვებგვერდი და გაიგონ უფრო მეტი მის შესახებ. ასევე, მომზადებულია ვებგვერდი, რომელზეც, განთავსებული იქნება ბაზა და ვიზიტორს ძიების ველში მიცვალებულის სახელისა და გვარის ჩაწერით შეეძლება აღნიშნული ინფორმაციის მიღება და წაკითხვა," - განმარტავს "ქრონოსის" დამფუძნებელი გიორგი მაჭავარიანი.

უნიკალური პროდუქტი გიორგი მაჭავარიანმა ორ თანადამფუძნებელთან ერთად შექმნა. პარტნიორები საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში დიდი ხანია საქმიანობენ და ერთ დღესაც გაუჩნდათ იდეა, შეექმნათ პროდუქტი, რომელიც ადამიანზე მოგონებებს შეინახავდა და თაობებს გადასცემდა.

იდეის ავტორების თქმით, საქართველოში ანალოგიური პროდუქტი არ არსებობს. მათივე ცნობით, საიტის ბაზის მეშვეობით, დაკარგული საფლავების მოძებნაც იქნება შესაძლებელი.

"ხშირია შემთხვევები, როცა წინაპრის საფლავი დაკარგულია და ვერ პოულობენ. ამ შემთხვევაში ჩვენი საიტი ძალიან პრაქტიკულია. მასში ჩაშენებული "გუგლის" რუკების საშუალებით, ყოველი საფლავის ზუსტი მისამართი და ოჯახის საკონტაქტო ინფორმაცია იქნება მითითებული. ასე დაკარგული საფლავის მოძებნა ბევრად მარტივდება," - განმარტავს ერთ-ერთი დამფუძნებელი მაია ხოფერია.

კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ნეგატიური მასალის განთავსების მცდელობაც შეიძლება გამოვლინდეს, რაც ავტომატურად დაიბლოკება.

"ქრონოსის ქვის" ფასი 55 ლარიდან იწყება. სტანდარტული ქვა კვადრატის ფორმის შავი გრანტისაა. მისი ზომაა 10 სმ - 10სმ. თუმცა კომპანია მომხმარებელს მწვანე და წითელი ფერის არჩევანსაც სთავაზობს. ასევე, შესაძლებელია სხვა ფორმის ქვის შეკვეთაც.

კომპანიაში აცხადებენ, რომ იგივე ტექნოლოგიის პანთეონებსა და აქტიურ ტურისტულ ადგილებში გამოყენებაც იგეგმება. ის ინგლისურ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი და ამ შემთხვევაში მსურველი მიიღებს ინფორმაციას ამა თუ იმ გმირის ისტორიისა ან ისტორიული ძეგლის შესახებ.

გარდა ამისა, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც "ქრონოსი" შეინახავს, მსოფლიოში არსებულ ყველაზე მძლავრ "ღრუბლოვან " (Microsoft Azure) სერვერებზე განთავსდება. ეს კი ინფორმაციის დაცულობას და შენახვის მუდმივობას უზრუნველყოფს.

ნანა მღებრიშვილი

წყარო: ambebi.ge